ათი წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ
08.08.2018

ათი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. გარდა იმისა, რომ ათი წლის წინ ჩადენილი დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევებისათვის დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობა არ დამდგარა და არ მომხდარა მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა, საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღიურად განაგრძობს და ახალისებს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს.

ამ ფონზე, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, დაზარალებულები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყენებდეს ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ საშუალებას ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა შემდგომი დარღვევების პრევენციისათვის და მეორეს მხრივ, საოკუპაციო რეჟიმისა და დამნაშავე პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ომის შდეგად დაზარალებული 341 პირის ინტერესებს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრები შეეხება როგორც სამაჩაბლოში, ასევე კოდორის ხეობაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას.

ორგანიზაცია ომის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესებს წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 2016 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ პროკურორს მისცა უფლებამოსილება გამოიძიოს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებ. ამ დროისათვის თბილისში უკვე არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საველე ოფისი. თუმცა, იმ ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, მძიმე დანაშაულების გამოძიების წარმატება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევას წარმოადგენს დანაშაულების ჩადენის შემდეგ გასული დროც.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის პარალელურად, მნიშვნელოვანია საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტენსიური გახადონ ეროვნული გამოძიების პროცესი და 2008 წლის ომის დროს ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებზე მიღებული იქნას შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სამართლიანობის აღდგენის იმედი.

დღემდე გამოწვევას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე სოციალური მდგომარეობა. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ხშირია ისეთი მინიმალური საყოფაცხოვრებო პრობლემების არსებობა, როგორიცაა სასმელი წყლით მომარაგება, საგზაო ინფრასტრუქურის გამართულობა, წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა. ამ საკითხების გადაჭრაზე მიმართული უნდა იყოს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევა და რესურსი. მიმდინარე წლის ივლისის თვეში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების ფონზე კი, რომლის შედეგადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილება და ფუნქციები სხვადასხვა უწყებებს გადაუნაწილდა, მნიშვნელოვანია დევნილთა უფლებების რეალიზებისათვის არ შეიქმნას დამატებითი დაბრკოლებები და დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილება დარჩეს სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტად.