20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
20.06.2018

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი აღინიშნება მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციის 50 წლისთავის აღსანიშნავად. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ეძებოს და ისარგებლოს თავშესაფრით.

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შედეგად ყოველწლიურად იზრდება ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელთა რიცხვი. მსოფლიოში დაახლოებით 65 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, მათ შორის – 20 მილიონზე მეტი ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

საქართველომ თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვის ვალდებულება 1999 წელს აიღო, როდესაც ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციას მიუერთდა. დღეს საქართველოში არსებული ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უმრავლესობა ერაყის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთისა და სირიის მოქალაქეები არიან. მათი რაოდენობა 2012-2017 წლის მონაცემებით შეადგენს 1505 ადამიანს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებისა და პრაქტიკის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; თუმცა, რჩება გამოწვევებიც, რომელთა შორისაა სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის დაუსაბუთებელი შემთხვევები, ქვეყნიდან გაუძევებლობის პრინციპის დარღვევა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციისათვის საჭირო პროგრამების ნაკლებობა.

მსოფლიოსა და განსაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველო რჩებოდეს თავშესაფრის მაძიებელთათვის უსაფრთხო ქვეყნად.