დასრულებული პროექტები
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართული კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა 2008 წლის ომის დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს

2 მარტს, ქართული კოალიციის წევრი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია (ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო სამართლიანობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი) სოფელ მოხისში ჩავიდა, სადაც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს შეხვდა.

შეხვედრა შეეხებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო (ჰააგის) სასამართლოს (ICC) მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, რომელიც სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2 წლის წინ დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია წარმოადგენს ომის შედეგად დაზარალებული ასობით ადამიანის ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის სტრასბურგისა დაჰააგის სასამართლოებში.

სოფელ მოხისის დევნილთა ჩასახლებაში დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო დაზარალებულებთან გასაუბრება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ და მიმდინარე გამოძიების ფარგლებზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე იმ საჭიროებების კვლევა, რაც ჩასახლებაში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია. მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითვა მოხდა სპეციალურად შედგენილი კითხვარების მეშვეობით. შეგროვებული ინფორმაცია ანალიტიკური დამუშავების შემდეგ მიეწოდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებს და დაზარალებულთა ნდობის ფონდს. გარდა ამისა, კოალიციას დაგეგმილი აქვს ანალოგიური გამოკითხვის ჩატარება სხვადასხვა ჩასახლებებში და მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალური ანგარიშის მომზადება, რომელიც ომიდან 10 წლის შემდგომ არსებული მდგომარეობის აღწერას მოიცავს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები დაზარალებულებთან საინფორმაციო შეხვედრებსა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას კიდევ რამდენიმე თვე გააგრძელებენ.

03.03.2018