კონსტიტუციის 42-ე მუხლის დირექტორად ნათია კაციტაძე დაინიშნა
20.02.2018

ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ნათია კაციტაძე ორგანიზაციის გამგეობამ 9 თებერვალს 2 წლის ვადით დანიშნა. ახალი აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილების შესრულებას 15 თებერვლიდან შეუდგა.

ნათია კაციტაძემ 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. მოგვიანებით, 2005–2006 წლებში წარმატებით დაამთავრა პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო საჯარო სამართლში, ვროცლავის უნივერსიტეტი, ხოლო 2007 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტი.

მას აქვს ადამაინის უფლებების სფეროში 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორიში, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ნათია კაციტაძე 2013 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის 2016-2017 წწ.-ში იყო სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.

2009 წლიდან 2013 წლამდე იყო სტრატეგიური სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი/მთავარი იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2008 წელს იყო გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი. ხოლო, 2007–2008 წლებში იყო სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი/იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42–ე მუხლი.

აქვს აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, 2009–2010 წლებში კავკასიის სამართლის სკოლაში იყო იურიდიული კლინიკის ტრენერი ადამიანის უფლებათა სამართალში.

2010 წლიდან ჩართულია ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში.