ყელგამოჭრილი პატიმარი გლდანის ციხეში
14.02.2018
14 თებერვალს, 11:00  საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ადამიანის უფლებათა საკონფერენცო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა გლდანის ციხეში ყელგამოჭრილი პატიმრის შესახებ.

როგორც პატიმარის ოჯახის წევრს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განუცხადა, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა.
პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად.
ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში.  ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.