დასრულებული პროექტები
სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა
1 თებერვალს, კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხადრი სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ. დაზარალებულებმა ორგანიზაციის იურისტებს ის პრობლემები გააცნეს, რაც ამ დროისთვის მათ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებოებს.

"კორპუსი რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა იყო ავარიული და ეკუთვნოდა მესამე კატეგორიას. სპეცოპერაციის შემდეგ ქვედა სართულზე ყველა საყრდენი კედელი დაზიანდა, შედეგად კორპუსში გაჩნდა ბზარები, დაიწყო გარეთა ფასადის ჩამოშლა და ეს პროეცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ სპეცოპერაციის შემდეგ ვიყავით სატუმროში გადაყვანილი და იქ ვცხოვრობდით 3 კვირის მანძილზე. შემდეგ დაგვაბრუნეს სახლებში, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, კორპუსის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ჩვენ ვითხოვდით გადმოგვეცეს დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ  კორპუსი საცხოვრებლად არის უსაფრთხო"-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს.

სპეცოპერაციის დროს დაზარალებულებმა შეძლეს მოეპოვებინათ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის დასკვნა. დასკვნაში  არის მითითებული, რომ უნდა მოხდეს კორპუსის გეოლოგიური კვლევა, მათ შორის კორპუსის საძირკვლის გამოკვლევა, ასევე  გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების პროექტების შედგენა.

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ არ მომხდარა აღნიშნული რეკომენდაციების გაზიარება და დღემდე არ განხორციელებულა კორპუსის  დეტალურად გამოკვლევა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კორპუსში მოსახლეობა 17 დეკემბერს ისნის რაიონის გამგეობამ მაინც შეასახლა. 

''სად და რა პირობებში ვცხოვრობ და რა ელის ამ შენობას პასუხის არც ადგილობრივ თვითმმართველობაში გვცემენ და არც თბილისის მერიაში."- დასძინა დაზარალებულმა.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მოუწოდებს თბილისის მერიას და ისნის რაიონის გამგეობას შეასრულოს თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის რეკომენდაციები და მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის წინაშე არ დააყენოს.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტები საჯარო უწყებებიდან გამოითხოვენ ყველ საჭირო მასალას და შემდგომ აუცილებლობის შემთხვეაში დაზარალებულთა უფლებების დასაცავად მიმართავენ სასამართლოს.

შეგახსენებთ რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემნერს ჩატარდა და 22 საათი გრძელდებოდა.
02.02.2018