„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებების ერთ წლიან მდგომარეობის აჯამებს
28.12.2017

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ 2017 წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული საქმე ჰქონდა, მათ შორის აღსანიშნავია:

ევროსასამართლოში საქართველოს მოქალაქე შიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წელს აღსრულდა და განმცხადებელმა  კომპენსაცია (30 000 ევროს ოდენობით) მიიღო.

2007 წელს დაპატიმრებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელის საქმე, რომელიც გამართლდა და 14.12.2017 სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურას დაეკისრა კომპენსაცია უკანონო პატიმრობისთვის (დაახლოვებით 70 000 ლარის ოდენობით)

2017 წლის 30 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აფგან მუხთარლის და მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს იცავს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღნიშნული საქმე საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით ,,ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა,, ევროსასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა.

2017 ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლმა ჩაატარა კვლევა სასამართლო დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე და გამოავლინა შემდგომი საჭიროება, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭომ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები სასამართლო დამოუკიდებლობის ხელშემშლელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად.

ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება:

- განსაკუთრებით საგანგაშო და უკიდურესად მძიმე ვითარებაა ადამიანის უფლებათა კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რეგულარულად ახდენენ ადამიანების გატაცებას და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებისათვის გადაცემას, რომლებიც შემდგომ საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებენ.

- მართლმსაჯულება. მიმდინარე წლის განმავლობაში არ მომხდარა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გაძლიერების უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილებები.

- სიძულვილის ენა, ძალადობა და აგრესია საზოგადოებასა და არასრულწლოვნებში. პრობლემის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება იყო სკოლის მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტი, რომელიც ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

- პოლიციელების და სხვა სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ვერ ხდება ეფექტიანი და დროული გამძიების უზრუნველყოფა. გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და არასათანადო მობყრობაში ადანაშაულებს. გამოძიებას დღემდე არ გამოუვლენია ბრალდებული პირები, ამასთან სამხრე ვიდეოკამერების გამოყენებაზე არ არსებობს ზუსტი რეგულირება რაც მანიპულაციების შესაძლებლობას ქმნის. საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ასევე.

- არასათანადო დამოკიდებულება ადვოკატების და ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ საჯარო მოხელეთა მხრიდან. პრობლემის ერთ-ერთი აშკარა მაგალითია პოლიციის განყოფილებაში ნაცემი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმე, როდესაც საქმის გამოძიებას დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა დაჭირდა. თუმცა სასამართლომ მოძალადე პოლიციელს არაპროპორციულად ლმობიერი სასჯელი შეუფარდა. მსგავსი პრაქტიკა წახალისების კარგი ნიადაგია ანალოგიური შემთხვევებისათვის.

-  ბავშვთა უფლებები, განათლება და ჯანდაცვა.

- გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე. თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა გენდერული კუთვნილების მიუხედავად პრობლემატური საკითხი იყო მიმდინარე წლის განმავლობაში და ასეთად რჩება.

-  უსახლკარობის პრობლემა.

- სოციალური ფონი სიღარიბე, პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებების დაცვა,  შრომის ღირსეული და ადექვატური ანაზღაურება, არც მიმდინარე წლის განმავლობაში არ ყოფილა განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა.

- შრომის უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. 2017 წლის განმავლობაში მშენებლობებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს არაერთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა.

- უცხოელთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები.  პრობლემას წარმოადგენდა საქართველოს თავშეფარებულ პირთა უფლებების დაცვა, ხშირია შემთხვევები როდესაც ისინი დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. ამის მაგალითია აზერბაიჯანის მოქალაქე, დევნილი ჟურნალისტების აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას შემთხვევა, თურქეთის მოქალაქე ემერ ჩაბუქის შემთხვევა.

-  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა;

- პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანდაცვის არაადექვატური სერვისები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,,  აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ქვეყანაში დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება.