დასრულებული პროექტები
ძალადობა საპატრულო პოლიციის მხრიდან

29 ნოემბერს, 12:00 საათზე ადამიანის უფლებათა სახლში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ გამართა პრესკონფერენცია საპატრულო პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ.

 

26 ნოემბერს თბილისში ნიკოლაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მიაყენა შეურაცყოფა და დააკავა. იგი ავტომანქანაში  მეუღლესთან და არასრუწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

„მათ მომთხოვეს საბუთები, როდესაც მე გადავეცი ავტომანქანისა და ჩემი საბუთები პოლიციის თანამშრომლებმა დამიწყეს აგრესუილი საუბარი, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცყოფა და დამემუქრნენ. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დამადეს ხელბორკილები, ჩამსვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და გადამიყვანეს დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მაყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას. ისინი მეუბნებოდნენ რომ ვიყავი ნასვამი, ასევე ვიყავი ნარკომანი და ამის გამო დამიჭერდნენ. ჩემი უარყოფისა და ნარკოლოგიურში შემოწმების მოთხოვნის შემდეგ მიპასუხეს რომ არ იყო პრობლემა, რადგან ნარკოტიკებს ჩადებას მარტივად შეძლებდნენ. მუქარასა და გინებასთან ერთად მაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცყოფასაც“- აცხადებეს გიორგი პერტაია.

27 ნოემბერს პერტაია გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე. მოსამართლემ პოლიციის თანამშრომლებს დაავალა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა და პროცესი 5 დეკემბრისთვის გადადო.

პოლიციის თანამშრომელთა ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ყოველივე ზემოაღნინულიდან გამომდინარე „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ითხოვს საქართველოს სსსკ მე-100 მუხლის თნახმად ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.

29.11.2017