სიახლეები
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს ავღანეთიდან ჩამოსულ ეთნიკურ ჰაზარებს, ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს, რომლებიც 2020 წლის 20 მარტს რასობრივი მოტივით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შედეგად დაზარალდნენ.  

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, 2020 წლის 20 მარტს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, კლინიკა „ევექსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებაზე, ტაქსის მძღოლმა და უცნობმა პირებმა მათ მრავლობითი დაზიანება მიაყენეს და საპატრულო პოლიციის გამოძახების გამო მიიმალნენ.

როგორც საქმიდან ირკვევა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებს, ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს, შელაპარაკება მოუვიდათ ტაქსის მძღოლთან, რომელიც მათგან ითხოვდა დაწერილი ტარიფისგან (3 ლარი და 50 თეთრი) განსხვავებით, მეტი ოდენობის თანხის გადახდას (10 ლარი), რის საფუძვლადაც ტაქსის მძღოლმა მათი უცხო ქვეყნის მოქალაქეობა დაასახელა.  ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, მათ უარი განაცხადეს 10 ლარის გადახდაზე, რის გამოც ტაქსის მძღოლმა დაიწყო ყვირილი და ჩხუბი. ამ დროს გამვლელებმა გადაწყვიტეს მძღოლის დახმარება, რადგან ჩათვალეს, რომ ქართველს ჩაგრავდნენ.

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, უცნობმა პირებმა მათ სცემეს  წარმომავლობისა და გარეგნობის გამო. როგორც ისინი ამბობენ, ჩინელებს მიამსგავსეს და მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესია სწორედ გარეგნობამ გამოიწვია. ,,ჩინელი“ და ,,კორონა“ - ეს ის სიტყვებია, რომელიც ინციდენტის შედეგად დაშავებულმა ავღანელმა მოქალაქეებმა გაიგეს.

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს მიყენებული აქვთ არაერთი დაზიანება.  ს.ი.-ს მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში (სავარაუდოდ დანით მიყენებული). მომხდარის შემდეგ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.  ს.ი.-ს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა რასობრივი ნიშნით მოტივირებული დანაშაულის კუთხით მსვლელობა საქმეს ჯერ არ მისცემია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ცემისა ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოითხოვს, რომ გამოძიება საქმეზე სრულყოფილად წარიმართოს, ნაცემი პირები დაზარალებულებად იქნან ცნობილნი და საქმეს რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დაიცავს ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც, COVID-19-ის გავრცელების პირობებში, სამსახურიდან კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს.
 
“42-ე მუხლს” იურიდიული კონსულტაციისთვის სარეკლამო კომპანიის სამმა თანამშრომელმა მიმართა. ისინი წლების წინ კომპანია “ჯეოსელის” სარეკლამო დეპარტამენტში მუშაობდნენ, შემდეგ კი კომპანია “ვესტაში” გადაიყვანეს, სადაც, ორი წლის განმავლობაში, კვლავ “ჯეოსელის” დაკვეთებზე მუშაობას განაგრძობდნენ. 
 
2020 წლის 16 მარტს, სარეკლამო სააგენტომ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ არ მიუღიათ არც გათავისუფლების შესახებ ბრძანება და არც კომპენსაცია. მხოლოდ სიტყვიერად განუმარტეს, რომ კომპანიას მათთვის ხელფასის გადახდის საშუალება აღარ ჰქონდა. სარეკლამო სააგენტო გათავისუფლებულ თანამშრომლებს დარჩენილი თვის ხელფასის ჩარიცხვას დაპირდა, თუმცა ეს დაპირებაც არ შეუსრულებია. 
 
სამსახურიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს “42-ე მუხლის” იურისტი ანა თვარაძე იცავს. 
 
COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მზად არის, შრომითი ურთიერთობების საკითხზე იურიდიული კონსულტაცია და დახმარება ნებისმიერ პირს გაუწიოს. 
 
პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. მოვუწოდებთ მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში.
 
საქართველოს მთავრობამ მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოაცახადა, მას შემდეგ, რაც მარნეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუდგინდა   ახალი კორონა ვირუსი - COVID 19. სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტის შემდგომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში, გავრცელდა სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები  ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.
 
ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, (ენობრივი ბარიერები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ნაკლებობა, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა, ინტეგრაციის დაბალი დონე, ნაკლები პოლიტიკური ჩართულობა და სხვა), ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება  კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას. მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და  საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა.   სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ:
 
  • მედიას, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ისეთ კომენტარებზე, რომლებიც ქსენოფობიური შინაარსისაა და კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ახდენს საზოგადოების დაყოფას და ეთნიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა დისკრიმინაციას;
  • პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში;
  • სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა ჯგუფებს, სოციალურ მედიაში ქსენოფობიური შინაარსის მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, გაასაჩივრონ ასეთი განცხადებები ფეისბუკის და ტვიტერის საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისად. 
 
მედიი განვითარების ფონდი (MDF)
 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
 
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
 
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 
საფარი
 
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 
თბილისი პრაიდი
 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
 
მსოფლიოში და საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში რიგი შეზღუდვები დააწესა, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების ფუნქციონირება და ზოგიერთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დროებით შეწყდა. ასობით მოქალაქე რჩება კარანტინში და სამართალდამცავი ორგანოები მკაცრად აკონტროლებენ კარანტინის პირობების შესრულებას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებული ზომები არასაკმარისია და რომ მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 მარტს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას”.

კონსტიტუციის 71- მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მის ამოქმედებას მართლაც უძღოდეს ობიექტური წინაპირობა, ხოლო მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა უფლებების დათმობა მოუწევთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში

ვინც ითხოვს ამ მდომარეობის გამოცხადებას, მინდა ვუთხრა, რომ რაიმე კარგი და ჯადოსნური არ მოხდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან”, - ამბობს კონსტიტუციის 42- მუხლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

კერძოდ, პრეზიდენტი იქნება უფლებამოსილი, თავისი დეკრეტით შეზღუდოს შემდეგი უფლებები: ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები, საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება, შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება.

არჩილ ჩოფიკაშვილი აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ეპიდემიის გამო, კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ნორმალურად ვერ ახორციელებენ. საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა გამოცხადდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციის გართულებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და საჭიროება დადგა, ხელისუფლებამ ადამიანის მთელი რიგი უფლებების შეზღუდვა კონსტიტუციური საფუძვლით მოახდინოს და კანონის ჩარჩოში მოაქციოს. მისივე თქმით, საგანგებო მგდომარეობის გამოსაცხადებად საჭირო პირობა ჯერჯერობით არ არის და, ალბათ, მომავალშიც არ დადგება, თუ საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ მაღალ თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასრულებს რეკომენდაციას თვითიზოლაციის შესახებ, პოლიცია კი საკმაოდ კარგად უმკლავდება კარანტინის პირობების დამრღვევ პირებს

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დაიცავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომლებსაც დამსაქმებელი სამსახურში გამოცხადებას და მუშაობას აიძულებს.  

გვსურს შევახსენოთ მოქალაქეებს, რომ შრომითი კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. გარდა ამისა, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამოთქამს მზადყოფნას, დაიცვას თვითიზოლაციაში მყოფი პირების შრომითი უფლებები, გაუწიოს მათ სამართლებრივი კონსულტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურება დამსაქმებელთან შრომით დავაში. 

იურიდიული დახმარებისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 593 111 405

ელ-ფოსტა: office@article42.ge

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 10 მარტს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარუდგინა. ის ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. კოალიციის შეფასებით სიაში მოხვედრილი კანდიდატების სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იყვნენ. ნინო ქადაგიძის შემთხვევაში ეს კარგად გამოჩნდა იურიდიულ კომიტეტში მისი მოსმენის დროს, სადაც მას გაუჭირდა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ შიდა საფრთხეებზე საუბარი და ფაქტობრივად უარყო სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის” არსებობა. 

ასევე ის ერთ-ერთია იმ 14 პირიდან, რომელიც გასული წლის ბოლოს უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე დაინიშნა. ეს პროცესი დადებითად არ შეუფასებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ნინო ქადაგიძის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიიღო. საკითხის განხილვაში ჩართული არ ყოფილან პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. მართალია, ამის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე საბჭოს არ გააჩნდა, მაგრამ პროცესისთვის მეტი ლეგიტიმაციის მისანიჭებლად და საკითხის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო შერჩევის პროცესის ღიად და ინკლუზიურად წარმართვა.

პროცესის მიმართ ზემოაღნიშნული კითხვებისა და თავად კანდიდატის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ განწესების ისტორიის გათვალისწინებით, კოალიცია გაუმართლებლად მიიჩნევს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას და მოუწოდებს დეპუტატებს უარი თქვან წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე.
 
COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“გადადის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. 
 
UNHCR პროექტის გუნდს, თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების მისაღებად, შესაძლებელია დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე:
 
The UNHCR Project Staff HOTLINE: 593 111 405
Email: a.gudadze@article42.ge
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 
 
Web-page: www.article42.ge
Facebook: “Article 42 of the Constitution”
 
„კონსტიტუციის 42- მუხლი“ იწყებს ახალი ინოვაციური პროექტის - „მომავლის ადვოკატთა იურიდიული კლინიკის“  განხორციელებას, რომლის მიზანია იურიდიული, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების (ბაკალავრიატის მე-4 კურსის და მაგისტრატურის) სტუდენტებს, ასევე დიპლომირებულ იურისტებს მისცეს შესაძლებლობა იმუშაონ პრაქტიკოს ადვოკატებთან რეალურ საქმეებზე; შეიძინონ ადვოკატისათვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და უნარები. 

კლინიკის ინოვაციურობა გამოიხატება იმაში, რომ პირველად საქართველოში სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსების გარდა,  კლინიკის სტუდენტებს შეეძლებათ იმუშაონ სტრატეგიული სამართალწარმოებისა და  საერთაშორისო დაცვის საქმეებზე და გაიარონ ადვოკატთა საკომუნიკაციო უნარების გაძლიერების ინტენსიური  კურსი. 

კლინიკის უპირატესობებია:
  1. სწავლება წარიმართება „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ბაზაზე;
  2. ყველა მონაწილე ჩაერთვება მიმდინარე რეალურ საქმეებში;
  3. მონაწილეები იმუშავებენ დარგის გამორჩეულ პროფესიონალებთან;
  4. წარჩინებულებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ ორგანიზაციის წევრები და დასაქმდნენ სხვადასხვა პროექტებში;
  5. წარჩინებულ სერტიფიცირებულ ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ პროფესიაში შესვლის 6 თვიანი სავალდებულო კურსი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატების მენტორობით; 
  6. კლინიკის მონაწილეები „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სახელით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეხვედრაში, ღონისძიებაში, კონფერენციაში, პრეზენტაციასა და ტრენინგში;
  7. მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კლინიკის მონაწილეთა ინდივიდუალური ინტერესები;
  8. კლინიკის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი; 
 
მიღება მოხდება შემდეგ სასწავლო მოდულებზე:
  1. სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი; 
  2. ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსი;
  3. სტრატეგიული სამართალწარმოების და საერთაშორისო დაცვის პრაქტიკული კურსი; (საკონსტიტუციო სამართალწარმოება, წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; გაეროს კომიტეტებში);
  4. ადვოკატთა საკომუნიკაციო უნარების ინტენსიური კურსი, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ეფექტიანი და დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • საჯარო გამოსვლა
  • წერითი კომუნიკაცია იურისტებისათვის
  • მედიასთან კომუნიკაცია
  • არასრულწლოვან პატიმრებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ტექნიკები და ნორმები
  • კონფლიქტის მოგვარება და პრევენცია
  • იმიჯის და რეპუტაციის ფორმირება; სოციალური ქსელების ეფექტიანად მართვა და გამოყენება;
კლინიკის სტუდენტს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ერთი ან მეტი კურსი. ადვოკატთა საკომუნიკაციო უნარების ინტენსიური კურსი იქნება სავალდებულო. სამუშაო დღეების და დროის შეთანხმება მოხდება ინდივიდუალურად.   

მიღების კრიტერიუმები: 

კლინიკაში მიიღებიან იურიდიული, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტები, დიპლომირებული იურისტები. 
უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე კონკურსანტებს. 

კლინიკის ხანგრძლივობა: 3 თვე  (2020 წლის აპრილი, მაისი, ივნისი)
ღირებულება:  200 ლარი თვეში ( ერთი მოდული + საკომუნიკაციო უნარების ინტენსიური კურსი)

წარმოსადგენი საბუთები:

კლინიკაში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ბიოგრაფია (CV); სამოტივაციო წერილი; ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლითაც დაადასტურებს, რომ ნამდვილად სწავლობს იურიდიული, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსზე ან მაგისტრატურის საფეხურზე; უმაღლესდამთავრებულებმა უნდა წარმოადგინონ დიპლომის ასლი. 

საბუთების წარმოდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: office@article42.ge; vladimermkervalishvili@gmail.com

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 მარტი. მეილის დასახელებაში უნდა მიეთითოს „იურიდიული კლინიკა“.

მონაწილეთა შერჩევა:
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ შერჩევა მოხდება კონკურსის სახით. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 
  1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 
  2. გასაუბრება. კომპეტენციის დონის დადგენის ან უნარების განსაზღვრის მიზნით, შესაძლოა კანდიდატს მოეთხოვოს პრაქტიკული სავარჯიშოს/დავალების შესრულება.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება. დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
საფრანგეთის საელჩოს მიერ ბავშვის უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის  გამოცხადებულ კონკურსში, ნომინაციაზე „ბავშვის უფლებების დაცვა”  „კონსტიტუციის 42-ე  მუხლის“   გამგეობის    წევრმა, ორგანიზაცია „სმენისა  და მეტყველების დარღვევის მქონე    ბავშვთა   დახმარების    ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, მაია ასაკაშვილმა გაიმარჯვა.

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის მოღვაწე ადგილობრივი ორგანიზაციების დასაჯილდოვებლად შეიქმნა. საფრანგეთს სურს, ამგვარად  მხარი დაუჭიროს საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დამცველებს.

კონკურსი გაეროს მიერ, 1989 წლის 20 ნოემბერს, ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მიღებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით   გაიმართა. საფრანგეთის საელჩომ აღნიშნულ პრემიაზე  მეოთხედ გამოაცხადა  კონკურსი. პრემია 2000 ევრო ოდენობის თანხით 2020 წლის თებერვალში საზეიმო ცერემონიაზე   გადაეცა  გამარჯვებულ  ორგანიზაციას.

„სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე  ბავშვთა  დახმარების  ასოციაცია’’, შშმ მშობელთა კავშირი,  დაფუძნებულია 1997  წელს. დღიდან დაარსებისა, არაერთი   მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა შშმ ბავშვთა და   შშმ პირთა   საზოგადოებაში ინტეგრაციის   მიმართულებით. ორგანიზაცია  მუშაობს ინტელექტუალური შეფერხებისა და   ფსიქო-სოციალური  საჭიროების   მქონე პირებთან.  სწორედ აღნიშნული ჯგუფის მხარდაჭერისთვის  გადაეცა ორგანიზაციას საფრანგეთის საელჩოს  პრიზი. ეს მეორე გამარჯვებაა, პირველად  საფრანგეთის   საელჩომ ორგანიზაცია 2017 წელს  ადამიანის  უფლებათა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

„საფრანგეთის   საელჩოს მხრიდან ეს არის უდიდესი   მხრდაჭერა და ორგანიზაციის  წევრთა  მრავალწლიანი შრომის დაფასება“, - აცხადებს მაია ასაკაშვილი. 

„კონსტიტუციის 42-ე  მუხლი  ულოცავს გამგეობის   წევრს, ქალბატონ  მაიას გამარჯვებას  და  უსურვებს წარმატებებს!
 
27 თებერვალს, თბილისის ღია უნივერსიტეტში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ წარადგინა ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულებაში გამოვლენილ ხარვეზებს ეხება და მათ აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებს შეიცავს.
 
ანგარიში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მომზადდა. ანგარიშში ნაწილობრივ არის გათვალისწინებული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები და რეკომენადციები.
 
პრეზენტაციას სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ მკერვალიშვილმა და პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. ანგარიში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, ნანა მჭედლიძემ წარადგინა.
 
ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობის 20-წლიან პერიოდში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს აღსასრულებლად გადაეცა საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიერ მიღებული 127 გადაწყვეტილება და განჩინება. მათგან, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუციით აღსრულებულად ჩაითვალა 81 საქმე, ხოლო 46 საქმის აღსრულებაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობისათვის დაკისრებული კომპენსაციის ჯამური ოდენობა 1.04 მილიონი ევროა. ანგარიშის თანახმად, მომჩივნების სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციებს საქართველოს მთავრობა დროულად და სრული ოდენობით იხდის.

კვლევის მიხედვით, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ განხილულ საქმეებში მინისტრთა კომიტეტის მიერ იდენტიფიცირებულია ოთხი საკითხი, რომელიც ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს გამოკვეთს და რომელთა მიმართ აღსრულება ე.წ. გაძლიერებული პროცედურით მიმდინარეობს. ეს საკითხები ეხება:

  • სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევას სამართალდამცავი და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ და ამ დარღვევების არაეფექტიან გამოძიებას;
  • წინასწარი პატიმრობის უკანონობას და უფლების უკანონო შეზღუდვას;
  • რელიგიის თავისუფლების დარღვევას;
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას.
რაც შეეხება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებს, მათ მიერ საქართველოსთან მიმართებაში სულ განხილულია 6 საქმე, რომელთაგან სხვადასხვა კონვენციებით გარანტირებულ უფლებათა დარღვევა 4 საქმეზე დადგინდა. საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ხუთმა მომჩივანმა ჯამში 83.4 ათასი ლარის კომპენსაცია მიიღო.
 
ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულყოფილად აღსრულების ყველა შესაძლო მექანიზმს, მათ შორის, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების გადასინჯვას, ასევე - საპარლამენტო ზედამხედველობას. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ეს პროცესები გარკვეული ნაკლოვანებებით ხასიათდება, მეტწილად იმ ფაქტის გამო, რომ ყველა აღნიშნული მექანიზმი ახლადშექმნილია და ნაკლებია მათი გამოყენების პრაქტიკა, ისევე როგორც მათ შესახებ ინფორმაცია.
 
ანგარიშის დასკვნით ნაწილში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ რიგი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას.
 
რეკომენდაციებს შორისაა ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მომჩივანის, აგრეთვე თემატური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, განსაკუთრებით იმ საქმეებში, სადაც გამოკვეთილია სისტემური პრობლემები.
 
„42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმი. დასკვნით ნაწილში ასევე ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების აუცილებლობაც.