დასრულებული პროექტები
შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 4 ივლისს, ტელეჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა უარყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ქალ მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ფორმით გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების თაობაზე და იქვე შენიშნა, რომ „ბატონი უჩა გვაოცებს ხოლმე თავისი ნოვაციური აღმოჩენებით“.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალ მსჯავრდებულთა ე.წ. სრული შემოწმების პროცედურის უარყოფით შეფასებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხი, ერთი მხრივ, ხელს არ უწყობს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესს, მეორე მხრივ, კი შეურაცხმყოფელია და ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას.
მიგვაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო, შეურაცხმყოფელი განცხადების ნაცვლად, დაინტერესებული უნდა იყოს პენიტენციური სისტემის მეტი გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით, ასევე – სახალხო დამცველთან კონსტრუქციული თანამშრომლობით.
მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, პენიტენციურ სისტემაში ქალ მსჯავრდებულთა ღირსების შემლახავ შემოწმებასთან ერთად, კვლავ პრობლემად რჩება პატიმრების ხარისხიანი ჯანდაცვით, ჰიგიენური საშუალებებითა და ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
გადახედოს ქალ მსჯავრდებულთა ე.წ. სრული შემოწმების არსებულ პროცედურას და შეუსაბამოს იგი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ადამიანის პატივისა და ღირსების შესაფერის მოპყრობას.
მიიღოს სათანადო ზომები პატიმრების ხარისხიანი ჯანდაცვით, ჰიგიენური საშუალებებითა და ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფის კუთხით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ციხის საერთაშორისო რეფორმა;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
საზოგადოებრივი დამცველი;
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“
დონორი: „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)

პროექტის მიზანია ადვოკატირების კამპანიების განახორციელება, იმისათვის რომ ორგანიზება გაუკეთდეს საზოგადოებრივ განხილვებს ციხის კოდექსში აუცილებელი ცვლილებების შეტანას. პროექტის მიმდინარეობისას “მუხლი 42″ შევქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში (PSA) მომზადდება საჯარო განცხადებები პატიმრობის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებთან დაკავშირებით. PSA-ს მომზადების მიზანია წაახალისოს პარლამენტის დეპუტატები და კანონშემოქმედებაში ჩართული სხვა თანამდებობის პირები გაატარონ აუცილებელი რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის საერთო მიზანია ხელი შეუწყოს სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის სისტემის შექმნას საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს პატიმრების რეაბილიტაციას, მოამზადებს მათ გათავისუფლებისთვის, და მისცემს მათ საშუალებას, იცხოვრონ პროდუქტიული ცხოვრებით.

პროექტის კონკრეტული მიზანი არის გააუმჯობესოს პატიმრის უფლებების დაცვა ისე, რომ ქართულ ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში, პატიმრების მდგომარეობა იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შეესაბამისი.

ამ მიზნის მისაღწევად, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამოიყენებს თავის გამოცდილებას ადვოკატირებაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პატიმართა უფლებების დასაცავად და განახორციელებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომასთან დაკავშირებულ განხილვებს ციხის რეფორმასთან მიმართებაში.
2010 წელს, ორგანიზაცია ახორციელებდა პროექტს “საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა”.

პროექტის მიზანი: საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის შესახებ, ცნობიერების ამაღლება.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები; იურისტები; საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები; საქართველოს პარლამენტი.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა: ტრეინინგის გამართვა იურისტებისთვის; 4 სამუშაო შეხვედრა – ე.წ მრგვალი მაგიდის გამართვა; საკონსტიტუციო სარჩელების მომზადება; 4 ამიკუს-კოურეის მომზადება სასამართლოს მეგობრის რანგში; იურიდიული კონსულტაციების გაწევა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის და ა.შ.

პროექტში პარტნიორად ჩართულია და ტრეინინგზე ექსპერტად მოწვეული იყო ორგანიზაცია „ინტერაითს“-ის (დიდი ბრიტანეთი) ექსპერტი.
პროექტის ხანგრძლივობაა: 2010 წლის 01 ოქტომბერიდან, 2011წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

პროექტი ორგანიზაცია ”ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) ფინანასური მხარდაჭერით განხორციელდა.
სტამბოლის პროტოკოლი, წამების კვლევისა და დოკუმენტირების პირველი საერთაშორისო სახელმძღვანელოა. ის 1999 წლის 9 აგვისტოს წარედგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისაღებად და მასზე სამ წელზე მეტი დროის განმავლობაში, 40-მდე ორგანიზაცია მუშაობდა. დოკუმენტი წარმოადგენს პრაქტიკულ და მრავალმხრივ სახელმძღვანელოს იმ პირთა შესაფასებლად, ვინც წამების მსხვერპლად მოიაზრება. თუმცა, ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას წამების ფაქტების გამოვლენისა და გამოძიებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის საჭირო დასკვნის გადაცემის საქმეში. ამ დოკუმენტს თან ერთვის წამების ფაქტების ეფექტური კვლევისა და დოკუმენტირების პრინციპები, რომლებიც წარმოადგენენ მინიმალურ სტანდარტებს სახელმწიფოს მხრიდან წამების ფაქტების გამოძიების უზრუნველსაყოფად.

2003 წლიდან, ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” უცხოელ პარტნიორებთან-წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო ცენტრი (IRCT, Denmark) თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდი (Izmir Office), ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან, – წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ემპათიასა” და საქართველოს მედიკოსთა ასოციაციასთან” ერთად, განახორციელა სტამპოლის პროტოკოლის დანერგვის პროქტი.

მიზანი: 2003-2005 წლებში, ხუთ ქვეყანაში: შრი-ლანკაში, საქართველოში, უგანდაში, მაროკოსა და მექსიკაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, 2004 წლის 12-15 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ-მარიოტში” ჩატარდა ტრეინინგი 75 პროფესიონალისათვის. მათგან 50 მედიკოსი, იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენს, თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სისტემას, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას, ფსიქიატრიის კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას წამოადგენდა. იურისტები კი მოწვეულ იყვნენ იუსტიციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადაიანის უფლებათა კომიტეტიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთარობო ორგანიზაციებიდან.

ტრეინინგი ჩაატარეს უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. უცხოელთაგან მოწვეულ იყნენ ექსპერტები ლონდონიდან და თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდიდან, ქართველთაგან ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “საქართველოს მედიკოსთა ასოციაციისა” და ,,ემპათიის” წარმომადგენლები.

ტრეინინგის მიზანი იყო, მოწვეულ ექსპერტებს მონაწილეთათვის ესწავლებინათ ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა წამების ფაქტის დაფიქსირებისა და ეფექტური გამოძიებისათვის. ტრეინინგის მსვლელობისას, იურისტები გაეცნენ წამების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ხოლო მედიკოსები, – წამებასთან დაკავშირებულ შესაბამის კანონმდებლობას.

ტრეინიგის შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ ორი სფეროს წარმომადგენლები გააგრძელებენ თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა იურისტთა და ექიმთა ქსელი წამების ფაქტების ეფექტურად გამოძიებისათვის.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრეინიგის სახელმძღვანელო, ვრცელი ინფორმაციით სტამბოლის პროტოკოლსა და წამების ფაქტების გამოკვლევასთან დაკავშირებით.
2002 წლის მაისიდან 2005 წლის ივნისის ჩათვლით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(ISAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა განახორციელა პროექტი-“უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველთათვის სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის საოლქო სასამართლოში”.
პროექტის განხორციელება გამოწვეული იყო მძიმე სოციალური მდგომარებით, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც დაკავებულს არ ჰქონდა საშუალება ადვოკატის დახმარებით დაეცვა საკუთარი უფლებები.

პროექტის მიზანი: სოციალურად დუცველი ფენების სამართლებრივი დახმარება თბილისის საოლქო სასამართლოში.
პროექტში დაკავებული იყო კონკურსის წესით შერჩეული 6ადვოკატი. მათ მიერ სწორად შერჩეული სტრატეგიის შედეგად, თითქმის ყველა საქმე სასურველი შედეგით დამთავრდა.

პროექტის ფარგლებში წარმოებული იქნა 80-მდე საქმე და უამრავ ადამიანს გაეწია იურიდიული კონსულტაცია. 2004-2005 წლის განმავლობაში, დაახლოებით 120-მდე მომართვა შემოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან(პატიმართაგან) იურიდილი დახმარების თხოვნის შინაარსით.

პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისათვის ყოველთვიურად იბეჭდებოდა საინფორმაციო ხასიათის ბიულეტენი ,,42-ე მუხლი”, რომელშიც შუქდებოდა პროექტში მიმდინარე მოვლენები, იურიდიული ხასიათის სხვადასხვა თემატიკის სტატიები და ასევე სამართლებრივ სფეროში მიმდინარე პროცესები. ჩვენი ადვოკატების ავტორობით გამოიცა ბროშურებიც:

სასამართლო სისტემა საქართველოში;
როგორ გავასაჩივროთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და განჩინება;
როგორ გავასაჩივროთ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება;
თქვენი უფლებები სააპელაციო სასამართლოში;
დაცვის სტრატეგია;
საპროცესო შეთანხმება;
შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი;
ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ ორგანიზებული იქნა ორი მრგვალი მაგიდის მოწყობა თემებით: ,,აღკვეთის ღონისძიების სახეები” და “მხარეთა მორიგება სასამართლო პრაქტიკაში”. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ პრაქტიკოსი ადვოკატები, მოსამართლენი, პროკურატურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები.

პროექტის განხორციელების შედეგად, დავეხმარეთ 800-ზე მეტ ადამიანს: ვაწარმოეთ 221 საქმე, აქედან 180-წამატებული და იურიდიული კონსულტაცია გაეწია 600-მდე ადამიანს.
1998-2004 წლებში, ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ,,იურიდილი კლინიკა”. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის შექმნა და ახალგაზრდა იურისტთათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება, მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარება.

პროექტში დაკავებული იყო კონკურსის წესით შერჩეული 8 ადვოკატი, პროექტის კოორდინატორი და ასისტენტი.

პროექტის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის 500-მდე სტუდენტი დაეუფლა საადვოკატო საქმიანობას. გუნდური მუშაობის პრინციპით, კლინიკის მონაწილენი იცავდნენ კლიენტის ინტერესებს; გამოცდილი ადვოკატების მეთვალყურეობით, უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საქმის წარმოებაში: ადგენდნენ საპროცესო დოკუმენტებს, მოქალაქეებს უწევდნენ იურიდიულ კონსულტაციებს, ახორციელებდნენ წარმომადგენლობას ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე. პროგრამის ფარგლებში ვაწარმოებდით ისეთ საქმეებს, რომლებზეც მოპასუხედ სახელმწიფო ორგანო გამოდიოდა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე მრგვალი მაგიდა და იმიტირებული პროცესი სტუდენტთა უშუალო მონაწილეობით. იმიტირებულ პროცესებზე, მოდავე მხარეებსა და სასამართლოს შემადგენლობას, პროგრამის მონაწილენი წარმოადგენდნენ. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ ექსპერტები სამართლებრივ საკითხებში, პრაქტიკოსი ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები. განიხილებოდა აქტუალური და პრობლემური საკითხები.

პროექტის განხორციელების შედეგად, 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულლტეტის 500-მდე სტუდენტმა შეისწავლა საადვოკატო საქმიანობა და შეიძინა ამ პროფესიისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები; მოვემსახურეთ 5000-მდე კლიენტს და ვაწარმოეთ 600-მდე საქმე, აქედან, – 400-ზე მეტი წარმატებული.

აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რაზეც მეტყველებს დონორი ორგანიზაციის ანგარიშები და ის სატელეფონო ზარები, რომლებიც ყოველდღიურად ოფისში გაისმის. არის ძალიან ბევრი მსურველი, რომელთაც სურთ კლინიკის პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

კლინიკის პროგრამის წარმატებული მონაწილენი დღემდე განაგრძობენ ადამიანის უფლებათა დაცვას და აქტიურ საქმიანობას ორგანიზაციაში.
1999 წლის 27 აპრილს, სტრასბურგში, საქართველო ოფიციალურად აღიარეს ევროპის საბჭოს 41-ე წევრად. ხელი მოეწერა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების პროტოკოლს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპის კონვენციას სამრთლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველომ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება, რითაც საქართველომ იკისრა ვალდებულება, აღიაროს და უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა განუხრელი დაცვა. აღნიშნული კონვენცია, საქართველოს შიდა კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მას შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სავალდებულო იურიდიული ძალა გააჩნია. ამიტომაც, გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული მექანიზმების მცოდნე ადვოკატების საჭიროება.

ნიდერლნდების საგარო საქმეთა სამინისტროსა და ღია საზოგადოების სამართლებრივი ინსტიტუტის დაფინანსებით, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” 2001-2003 წლებში განახორციელა პროექტი “პრაქტიკული ტრეინინგის კურსი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატებისათვის”. პროექტის პარტნიორები იყვნენ ,,ინტერაიტსი”(დიდი ბრიტანეთი) და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი.
პროექტის მიზანი: 21 ადვოკატის მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურულ საკითხებში.
ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად, შერჩეულ იქნა 21 პრაქტიკოსი ადვოკატი, რომლებიც დაეუფლნენ ევროსასამართლოში საქმის გასაჩივრების წესსა და პროცედურულ საკითხებს.

ტრეინინგები ხუთ ეტაპად ჩატარდა. თითოეული სესიის ხანგრძლივობა 5 დღეს შეადგენდა და ეძღვნებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მუხლებს:

სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი);
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება(მე-5 მუხლი);
სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6მუხლი);
პირადი და საოჯახო ცხოვრების უფლება (მე-8 მუხლი);
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მე-9 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მხლი);
შეკრებებისა და გაერთიანების უფლბა (მე-11-მუხლი ).

ტრეინიგებზე მოწვეულები იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ყოველი სესიის ბოლოს, ტარდებოდა იმიტირებული პროცესი, რომელსაც წარმართავდა ექსპერტებისა და მონაწილეებისაგან შემდგარი ,,სასამართლო”.

სესიების ბოლოს, გაიმართა ორი მრგვალი მაგიდა, რომელთა მიზანსაც იმის გარკვევა წარმოადგენდა, თუ რამდენად ეფექტურად იყენებდნენ ადვოკატები ტრეინინგებზე მიღებულ ცოდნას. შეხვედრებზე გამართულ დისკუსიებს ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ.
ეს იყო უნიკალური პროექტი, ვინაიდან აქამდე საქართველოში, პრაქტიკოს ადვოკატებს არ ჰქონიათ შესაძლობლობა, შეესწავლათ ევროსასამართლოს სპეციფიკური პროცედურა და ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ სასამართლოს საქმიანობაზე. ეს პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ მის ფარგლებში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატების ქსელი.
2008-2009 წლებში, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” განახორციელა პროექტი “დევნილი მოსახლეობის სამართლებრივი დახმარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში” ფონდ “ღია საზოგადოება–საქართველოს” (OSGF) ფინანსური მხარაჭერით.
პროექტის ძირითადი მიზნებს წარმოადგენდა:

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება;
აგვისტოს მოვლენების შედეგად, დაზარალებულ პირთა სამართლებრივი
დახმარება.

პროექტის ამოცანები იყო:

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად, დაზარალებულ პირთათვის კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დევნილთა საქმეების დარღვევის ფაქტებზე მტკიცებულებათა შეგროვება, ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი საჩივრის მომზადება და შეტანა სასამართლოში;
მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე ანგარიშის მომზადება, რომელიც გახდა დევნილთა საქმეებზე მომუშავე 5 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის მიერ მომზადებული საერთო ანგარიშის შემადგენელი ნაწილი.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის ადვოკატებმა განახორციელეს ვიზიტები ქ. თბილისსა და გორში, ასევე გორის რაიონის სოფლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გამოსაკითხად. ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები, გაუწიეს კონსულტაციები, მოიპოვეს მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დაუწერეს განცხადებები სხვა აუცილებელი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
ზემოაღნიშნული ვიზიტებისა და რამდენიმე თვის მანძილზე დაზარალებულთა გამოკითხვის შედეგად,პროექტის ფარგლებში, შერჩეული იქნა 30 საქმე, რომელიც გაიგზავნა ევროპის სასამართლოში. აღნიშნული 30 საქმიდან, ნაწილი წარმოადგენს ინდივიდუალურ, ხოლო ნაწილი, – კოლექტიური ფორმის განაცხადს.

ეს საქმეები შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გარანტირებული ფუნდამენტური შემდეგი უფლებების დარღვევას:

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლება;
ევროკონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა;
ევროკონვენციის მე-4 მუხლით აკრძალული მონური შრომა;
ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა;
ევროკონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების უფლება;
ევროკონვენციის მე-14 მუხლით გარანტირებული დისკრიმინაციის აკრძალვა;
ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება;
ევროკონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლის უფლება.

2006 წლის 1 ნოემბრიდან “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” არასამთავრობო ორგანიზაცია “თანადგომასთან“ ერთად, საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი – ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების ხელშეწყობა საქართველოში (განსაკუთრებით აჭარის რეგიონში).

პროექტის მიზნებია:

მოახდინოს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ადამიანით მოვაჭრეთა მიმართ ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების ანალიზი;
ხელი შეუწყოს მსხვერპლთა იდენტიფიკაციას და დახმარებას ადგილობრივი რეფერალური მექანიზმის განვითარების გზით;
მოახდინოს მსხვერპლთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ და გახადოს მართლმსაჯულება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი;
გააძლიეროს ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანოების თანამშრომლობა როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში, მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების მიზნით.

პროექტის ძირითადი ამოცანები იყო:

1. იურიდიული დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა ტრეფიკინგის სავარაუდო და იდენტიფიცირებულ მსხვერპლთათვის;
2. საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი გარემოებების ანალიზი, მსხვერპლთათვის მათ უფლებებთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება (აჭარის რეგიონზე ყურადღების გამახვილებით). ამოცანა შეიძლება განხორციელებულ იქნას ასევე მსხვერპლთა, მათ შორის საზღვარგარეთიდან დაბრუნებულთა, გამოცდილების გაზიარებით;
3. მრგვალი მაგიდის ორგანიზება სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისთვის მიღებული შედეგების გასაცნობად და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი გარემოებების განსახილველად.
2006 წლის 1 ივნისიდან ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი”პარტნიორ ორგანიზაცია ,,ასოციაცია მწვანე ალტერნატივასთან” ერთად, მონაწილეობდა პროექტში ,,საზოგადოების მიმართ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებების გაზრდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში”. პროექტი დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების მოპოვების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვასა და,,სახელმწიფოს ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის ანალიზის მომზადებას, საკონსტიტუციო სარჩელების ინიცირებას და მიმდინარე პრივატიზების პროცესის კვლევას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძებები, კერძოდ:

ორდღიანი ვიზიტი ჭიათურაში, რომელიც მიზნად ისახავდა ს/ს ,,ჭიათურმანგანუმის” მიერ ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრასა და იურიდიული კონსულტაციების გაწევას. ადვოკატები გაეცნენ იქ არსებულ პრობლემატიკას. ვიზიტმა ცხადყო, რომ წიაღისეულის მოპოვების შედეგად, არაერთი ოჯახია დაზარალებული;
მომზადდა ბროშურა სახელწოდებით ,,იცოდეთ თქვენი უფლებები თუ განიცადეთ მატერიალური ზიანი წიაღისეულის მოპოვების შედეგად”, რომელშიც პოპულარულ ენაზეგანმარტებულია კანონი და მითითებულია იმ საშუალებებზე, რომელთა დახმარებითაც მოსახლეობამ უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები.
ვიზიტი ბოლნისში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კვლევა და შესწავლილ იქნა, თუ რამდენად არის დაცული კონკრეტულ რეგიონში ადამიანთა უფლებანი წიაღისეულისმოპოვების პროცესში.

გარდა ზემოთ აღწერილი აქტივობებისა, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა პრივატიზების პროცესთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზზე.