სიახლეები

მთავარი გვერდი
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Equality Now-მ, 16 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, „უფლებები საქართველოსთან“ ერთად, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (UPR), წარადგინა ანგარიში საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ანგარიშში განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემასა და კანონმდებლობაში არსებული პრობლემები სექსუალური ძალადობის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტიანი მექანიზმების განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ქალებისა და გოგონების თანასწორობის უზრუნველსაყოფად. 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის წინა ციკლის დროს, საქართველომ მიიღო 57 რეკომენდაცია ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შესახებ. აქედან, ორი რეკომენდაცია ეხებოდა იმ ზომების გატარებას, რომელიც წაახალისებდა ქალებს, შეეტყობინებინათ მათ მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ; ხელს შეუწყობდა ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დამნაშავეთა დასჯის ეფექტნიანი მექანიზმების უზრუნველყოფას, აგრეთვე - სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ცენტრების შექმნას. 

ანგარიშში მოიცავს 2015 წლის შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. 

იხილეთ ანგარიში
 

2020 წლის მაისიდან, “უფლებები საქართველო” ახორციელებს პროექტს “ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი“. პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

პროექტის მიზანია, ერთის მხრივ, გამოვლინდეს ის პრობლემები რასაც სასამართლოს მომხმარებლები აწყდებიან სასამართლო სერვისებით სარგებლობისას საგანგებო ვითარების დროს, მეორეს მხრივ - განხორციელდეს სხდომების ელექტრონული წარმართვის მონიტორინგი და შემუშავდეს რეკომენდაციები დისტანციური სერვისების განხორციელების მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი ახორციელებს ელექტრონულ სხდომებზე დაკვირვებას და მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული სუბიექტების გამოკითხვას აღნიშნული პრობლემების შესწავლისათვის. 

მოხარულნი ვართ, გამოვაქვეყნოთ პროექტის პირველადი ანგარიში, რომელიც მოიცავს პირვალად მიგნებებს, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოებისას გამოვლენილ პრობლემებს, ასევე რეკომენდაციებს სასამართლოების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

ჩამოტვირთეთ ანგარიში

 
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომელიც რუსეთის მოქალაქის ა.ბ.-ის სამშობლოში ექსტრადირების საკითხს განიხილავდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურას აღნიშნული პირის რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემაზე უარი უთხრა. 
 
ექსტრადირებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა 4 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ა.ბ.-სთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება დაევალა. რუსეთის მოქალაქის ინტერესებს, მისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საქმეზე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი რუსუდან მჭედლიშვილი იცავდა. 
 
სააპელაციო სასამართლომ 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს სამართლებრივად წაართვა უფლება, თანხმობა გაეცა ა.ბ.-ის რუსეთში ექსტრადირებაზე, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მინიჭებული, ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. 
 
ა.ბ.-ის დევნა რუსეთში 2017 წელს დაიწყო, რის გამოც მან დატოვა ქვეყანა, ჩამოვიდა საქართველოში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით. 2019 წლის 24 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაკმაყოფილა ა.ბ.-ს მოთხოვნა საერთაშორისო დაცვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსეთიდან მოვიდა საექსტრადიციო მოთხოვნა ა.ბ.-ის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის თაობაზე.
 
მიგრაციის დეპარტამენტის უარი ა.ბ.-ისთვის სტატუსის მინიჭებაზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა რუსუდან მჭედლიშვილმა ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.   
 
ა.ბ.-ისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. „42-ე მუხლმა“ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით.