10-11 ოქტომბერს კონსტიტუციის 42-ე მუხლმა რუსთავში პროექტ ,,ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ ფარგლებში ტრენინგები და იურიდიული კონსულტაცები ჩაატარა.
ტრენიგებს ესწრებოდნენ ყოფილი პატიმრები და პრობაციონერი ქალები.
ტრენინგის თემატიკა ეძღვნებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას. აუდიტორიის კითხვების უმრავლესობა ეხებოდა პრობაციის პირობებში ქვეყნიდან გასვლის პროცედურებს, ალიმეტის მიღებას, განქორწინებისა და სოციალურ საკითხებს.
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
25 სექტემბერს „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ თელავში ჩაატარა ტრენინგები თემაზე : არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს. ტრენინგს ესწრებოდნენ თელავის მერიისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომელები.

შშმ პირებისთვის (ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემებისა თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე) არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ინტეგრაციისთვის, თუმცა მათმა დიდიმა ნაწილმა ამ სიახლის შესახებ არაფერი იცის. აუცილებელია მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რაშიც მთავარი როლი ადგილობრივ თვითმმართველობებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტარლური საარჩევნო კომისიას ენიჭება.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს "არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2018 წლის 24 სექტემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

2018 წლის 23 სექტემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გასულ სიუჟეტში მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით და გამოთქვა ვარაუდი მსჯავრდებულის მიზანმიმართული ინტოქსიკაციის შესახებ. საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ზემოხსენებული განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია არა მხოლოდ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ ჩატარებული გამოკვლევები, არამედ ასევე, მათ შედეგად მსჯავრდებულისთვის დასმული დიაგნოზებიც. ი. მერაბიშვილის ადვოკატების ინფორმაციით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აღნიშნული მონაცემების გავრცელებაზე მსჯავრდებულისგან თანხმობა არ მოუპოვებია. კონფიდენციური ხასიათის სამედიცინო ინფორმაციის გასაჯაროება პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საჯარო ინტერესითა და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილებით ახსნა.

წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) სტანდარტებით, თანხმობის გამოხატვის თავისუფლება და კონფიდენციურობის დაცვა არის ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის დამყარებისათვის, განსაკუთრებით თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სადაც პატიმარს არ შეუძლია ექიმის თავისუფლად არჩევა.[1]

 

საქმეში „ზ. ფინეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „პერსონალური ინფორმაციის, განსაკუთრებით კი სამედიცინო მონაცემების დაცვა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრინციპია კონვენციის ყველა ხელმომწერი მხარის სამართლებრივ სისტემაში. აღნიშნულ პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პაციენტის პრივატულობის პატივისცემის, არამედ, ასევე, სამედიცინო პროფესიისა და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მისი ნდობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც.“[2]

 

იმისთვის, რომ სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევამ არ გამოიწვიოს ევროკონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, ევროსასამართლო ამოწმებს, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა დაშვებული იყო ქვეყნის კანონმდებლობით გარკვეულ, ნათლად განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ თუ ეს ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირის უფლება პირად ცხოვრებაზე და აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ იმავე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა სხვა, ადამიანის უფლებების ნაკლებად ხელმყოფი საშუალებებით შეუძლებელი იქნებოდა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისმიხედვით, „ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. (...)“, 27-ე მუხლის თანახმად, „სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ“.

ამავე კანონის 28-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლოა, დასაშვებად ჩაითვალოს, თუმცა ჩამონათვალი არ ითვალისწინებს პენიტენციური სამსახურის მიერ ზემოთ დასახელებულ მიზეზებს, კერძოდ კი, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესსა და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილებას.

შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქმედებით ივანე მერაბიშვილის მიმართ დაირღვა როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპები პერსონალური, მათ შორის, სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის დაცვის თაობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

Ø მოვუწოდებთპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეისწავლოს ივანე მერაბიშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

Ø მოვუწოდებთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ მსჯავრდებულ ი. მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე გამოთქმულ ვარაუდებს, მსჯავრდებულს უმოკლეს ხანში ჩაუტარონ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და უზრუნველყონ მისი ადეკვატური მკურნალობა.

 

 

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/Empathy)

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი



[1] წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT), მე-3 ზოგადი ანგარიში, CPT/INF (93) 12, სტრასბურგი, ევროპის საბჭო, 1993, პარ. 45.

[2] ზ. ფინეთის წინააღმდეგ (Z. v. Finland), განაცხადი no. 22009/93,1997 წლის 25 თებერვალი, პარ. 95

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას და იმ პრობლემებს, რაც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი უმრავლესობის ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტება უპრეცედენტო შემთხვევა იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში უმცირესობის ინიციატივით არც ერთი კომისია არ შექმნილა. შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება კომისიის რეკომენდაციების შესრულების ჭრილში, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ზიანი არ მიადგეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის იდეას და მის საქმიანობას - როგორც მნიშვნელოვან  საპარლამენტო კონტროლის მექანიზმს. ჩვენ ასევე გვესმის, რომ პოლიტიკურ ორგანოში შექმნილი და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისია და მისი საქმიანობა, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი დასკვნა, ვერ იქნება სრულად დაცლილი პოლიტიკური განწყობებისგან. თუმცა, ამავდროულად მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მთლიანობაში პასუხობს კომისიის დასახულ მიზანს და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.

კომისიის საქმიანობის პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, სამართალდამცავ სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები, დანაშაულის ობიექტური და ხარისხიანი გამოძიების მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, რომელიც დაუყოვნებლივი და ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამდენად, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები შსს-სა და პროკურატურის სისტემის საფუძვლიანი რეფორმისთვის. ასევე, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები იყოს გამოყენებული იმ პირების მიმართ, რომლებიც რაიმე ფორმით, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით,  ხელს უშლიდნენ ან აფერხებდნენ უმძიმეს დანაშაულზე მართლმსაჯულების აღსრულებას და ვის ქმედებებშიც შესაძლოა გადაცდომები ან დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.

საპარლამენტო კომისიის დასკვნა საერთო ჯამში 32 რეკომენდაციას შეიცავს, მათ შორისაა, შესაბამისი რეაგირების ზომების შესახებ რეკომენდაცია  სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელ  მოხელეთა/თანამდებობის პირთა მიმართ (11 პირი).

საგამოძიებო კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა ამ საქმის გამოძიების არაერთი ხარვეზი, რომელთა სიმრავლე და სიმძიმე ეჭვქვეშ აყენებს საგამოძიებო ორგანოების ობიექტურობას. ეჭვებს აძლიერებს ორი ფაქტორი: ერთი მხრივ, თვალშისაცემია საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით/არასრულად ჩატარება იმ მიმართულებებით,  რაც გამოძიების მხრიდან  ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ.-ს როლის გამოკვეთას ეხებოდა.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მ.კ.-ს ბიძის, პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ფაქტორი, რაც საქმეში არსებულ არაერთეულ და ზედაპირულ, არამედ ძირეულ ხარვეზებთან ერთად, ქმნის გამოძიების ტენდენციურობის განცდას. სწორედ ეს გარემოებები იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საგამოძიებო უწყებების მიმართ სერიოზული უნდობლობის მიზეზი, რასაც შედეგად ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოძიების პროცესში. კერძოდ, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პროკურატურას გამოძიების მასალებით უნდა სცოდნოდა, რომ მ.კ. ჩხუბის დროს შესაძლოა ჰქონოდა იარაღის მსგავსი საგანი, მოწმეებისგან შეეძლო მიეღო ინფორმაცია, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ხელი ჯიბეში ჩაიყო. შეეძლო დაედგინა მ.კ.-ს ტანსაცმელზე სარალიძის სისხლის კვალის არსებობის საკითხი. შეეძლო გამოეკვეთა დანაშაულის მოტივი. თუმცა, სამართალდამცავებმა სათანადოდ არ შეისწავლეს გამოძიების ფარგლებში ამოღებული ვიდეო მასალა. მოწმეებს არ დაუსვეს შესაბამისი კითხვები. რიგ შემთხვევაში, როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, პროკურორმა მოწმეს მიუთითა, რომ მისი ინფორმაცია -  მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელი ჩაიყო - არ იყო მნიშვნელოვანი და დაიყოლია არ მიეწოდებინა ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის. სამართალდამცავებს არ ამოუღიათ მ.კ.-ს სავარაუდოდ სისხლიანი ტანსაცმელი და არ ჩაუტარებიათ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩხუბის მთავარი ფიგურანტების, მათ შორის, მ.კ-ს მიმართ. არ დაუკითხავთ გამოძიებისთვის ცნობილი ყველა მოწმე, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას მ.კ.-ს შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ საქმეზე ჩატარებული გამოძიების ხელწერა და გამოძიების პროცესის ხარვეზების ტენდენციურობა კონკრეტული მიმართულებით, პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ  ეს ინდივიდუალური გამომძიებლების დონეზე დაშვებულ, პროცეუდურულად უმნიშვნელო შეცდომებს წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პრობლემურია ქვეყანაში გამოძიების ხარისხი, ამ საქემში ზემოთხსენებული ფაქტორების ერთობლივი არსებობა, ამ შემთხვევის სპეციფიურობაზე მიუთითებს.

ფაქტია, სახელმწიფომ ვერ დაიცვა დავით სარალიძის სიცოცხლის უფლება და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოეძიებინა სიცოცხლის ხელყოფის საქმე. გამოძიება წარმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ხელი შეეშალა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. ამიტომ, ხელმომწერი ორგანიზაციები საფუძვლიანად და არგუმენტირებულად მივიჩნევთ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის ორგანოებს:

  • საკუთარი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, გაიზიარონ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ამ საქმის გამოძიების სათანადოდ წარმართვას ასევე, მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში;.
  • გაატარონ საკანონმდებლო ცვლილებები საგამოძიებო და სამართალდამცავ სისტემაში, გამოძიების ხარისხის და ობიექტურობის გაზრდის მიზნით. ასევე, გადადგან ნაბიჯები სასკოლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტების პრევენციის მიზნით, რაც რეკომენდებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქმის გამოძიებასთან ნებისმიერი ფორმით კავშირში მყოფი პირების  ქმედებებში დანაშაულის ნიშნების შესასწავლად და დადგინდეს გამოძიების ტენდენციურობის მიზეზები და პასუხისმგებელი პირები. (აღნიშნულის აუცილებლობაზე საუბრობს აგრეთვე სახალხო დამცველი).

სხვა შემთხვევაში, პასუხისმგებელ უწყებათა უმოქმედობა და აღნიშნული კომისიის მიგნებების და რეკომენდაციების მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიის საგნად ქცევა გვაფიქრებინებს, რომ  პარლამენტის 95 წევრის მხარდაჭერილი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ემსახურებოდა მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტით საზოგადოებაში გაჩენილი მუხტის ჩაქრობას და არ იყო ორიენტირებული რეალურ შედეგზე.

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  3. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  7. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  8. საზოგადოება და ბანკები
  9. მედიის განვითარების ფონდი
  10. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  11. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა. ”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში უშუალოდ ექვემდებარებიან ჩაგვრას და დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან. პლატფორმა ასევე მხარს უჭერს გურამ კაშიას და ყველა იმ პირს, რომლებიც, მიუხედავად საზოგადოების რიგი წევრების ზეწოლისა, ლგბტ თემის წევრებს ღიად და თამამად უცხადებენ სოლიდარობას.

გასული წლის ოქტომბერში გურამ კაშიას მიერ, საფეხბურთო მატჩის დროს, ლგბტ სიმბოლიკის ამსახველი სამკლაურის გაკეთებას, საზოგადოებისა და ექსტრემისტული დაჯგუფებებისა, თუ რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან აგრესიის შემცველი ჰომოფობიური განცხადებები და ქმედებები მოჰყვა. ამა წლის 22 აგვისტოს UEFA-მ დააწესა ახალი ჯილდო #EqualGame, რომელიც, პირველად გურამ კაშიას გადაეცემა ლგბტ პირთა მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. აღნიშნულმა ჟესტმა აგრესიის ახალ ტალღას მისცა ბიძგი. მაგალითად, მოძრაობა “ქართული მარშის” წევრმა კონსტანტინე მარგოშიამ, უეფას მიერ გურამ კაშიას დაჯილდოების საპასუხოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჰომოფობიური და მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა: “შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ“.

მისასალმებელია, რომ აღნიშნულის თაობაზე რეაგირება მოახდინა შსს-მ და კონსტანტინე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. აქვე მისასალმებელია ისიც, რომ გურამ კაშიას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა, ვიცე პრეზიდენტმა- ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილმა. თავად გურამ კაშიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას შემდეგნაირად უპასუხა: “სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში”

გურამ კაშიას მიმართ გამოხატული აგრესია და ძალადობის მუქარა პირველ რიგში, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ჩაგვრისა და ძალადობის სისტემურობასა და სიმძიმეს აჩვენებს. ლგბტ ადამიანები კანონმდებლობის დონეზე თანასწორობის ფორმალური აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში იგნორირებას, სისტემურ ჩაგვრასა და ძალადობას განიცდიან. კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკებში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის საკითხი, ხოლო განათლების სისტემისთვის კი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს თანასწორი, თავისუფალი და სხვა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება. ამ პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული ჰომოფობია არსებითად აზიანებს დემოკრატიული განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები ვერ ახერხებენ თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკური დისკურსის შექმნას და საზოგადოებაში გაჩენილი სოციალური კონფლიქტების სისტემურ გადაჭრას. კვლავ გამოწვევად რჩება ძალადობის, დისკრიმინაციის, მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი.

მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის, არსებითად კი სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო საჯარო განცხადებების გავრცელება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებსა და კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება. ასევე, მნიშვნელოვანია 9 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის მშვიდობიან ფონზე გამართვის უზრუნველყოფა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საფარი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

 

ათი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. გარდა იმისა, რომ ათი წლის წინ ჩადენილი დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევებისათვის დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობა არ დამდგარა და არ მომხდარა მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა, საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღიურად განაგრძობს და ახალისებს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს.

ამ ფონზე, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, დაზარალებულები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყენებდეს ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ საშუალებას ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა შემდგომი დარღვევების პრევენციისათვის და მეორეს მხრივ, საოკუპაციო რეჟიმისა და დამნაშავე პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ომის შდეგად დაზარალებული 341 პირის ინტერესებს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრები შეეხება როგორც სამაჩაბლოში, ასევე კოდორის ხეობაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას.

ორგანიზაცია ომის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესებს წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 2016 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ პროკურორს მისცა უფლებამოსილება გამოიძიოს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებ. ამ დროისათვის თბილისში უკვე არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საველე ოფისი. თუმცა, იმ ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, მძიმე დანაშაულების გამოძიების წარმატება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევას წარმოადგენს დანაშაულების ჩადენის შემდეგ გასული დროც.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის პარალელურად, მნიშვნელოვანია საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტენსიური გახადონ ეროვნული გამოძიების პროცესი და 2008 წლის ომის დროს ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებზე მიღებული იქნას შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სამართლიანობის აღდგენის იმედი.

დღემდე გამოწვევას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე სოციალური მდგომარეობა. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ხშირია ისეთი მინიმალური საყოფაცხოვრებო პრობლემების არსებობა, როგორიცაა სასმელი წყლით მომარაგება, საგზაო ინფრასტრუქურის გამართულობა, წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა. ამ საკითხების გადაჭრაზე მიმართული უნდა იყოს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევა და რესურსი. მიმდინარე წლის ივლისის თვეში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების ფონზე კი, რომლის შედეგადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილება და ფუნქციები სხვადასხვა უწყებებს გადაუნაწილდა, მნიშვნელოვანია დევნილთა უფლებების რეალიზებისათვის არ შეიქმნას დამატებითი დაბრკოლებები და დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილება დარჩეს სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტად.

1 აგვისტოს „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ წნორში ჩაატარა ტრენინგები თემაზე : არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს. ტრენინგს ესწრებოდნენ წნორსა და მის მიმდებერე სოფლებში მცხოვრები შშმ პირები და მათი მხარდამჭერები.

შშმ პირებისთვის (ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემებისა თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე) არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ინტეგრაციისთვის, თუმცა მათმა დიდიმა ნაწილმა ამ სიახლის შესახებ არაფერი იცის. ჩვენი ტრენინგის შედაგად მათ მიიღეს ინფორმაცია, როგორც 2014 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მინიჭებული უფლებების შესახებ, ასევე მხარდამჭერის როლსა და მოვალეობებზე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს "არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს.

22 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის განჩინებით შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ციალა მუხიგულაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანზღაურების სახით 18 000 (თვრამეტი) ლარის გადახდა.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი წარმოადგენდა და იცავდა ქალბატონ ციალა მუხიგულაშვილის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კერძოდ, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელის არაერთგზის დაზიანებამ გამოიწვია ციალა მუხიგულაშვილის საცხოვრებელი სახლის ამორტიზაცია. მისი საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და იქ ცხოვრება ქალბატონი ციალასა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმიდა.

მხარეთა შორის დავა დასრულდა მორიგებით და დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდა.

ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ პროექტისათვის,  ციხის საერთაშორისო რეფორმის მიერ გაცემული მცირე გრანტების ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2 სამართლებრივი მკვლევარის პოზიციაზე.
კვლევის საგანს წარმოადგენს უმცირესობების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში. სამაგიდო კვლევაზე მუშაობა უნდა დაიწყოს 2018 წლის აგვისტოს დასაწყიში და დასრულდეს ა/წ სექტემბრის ბოლოს.
მოვალეობები:
პენიტენციურ სისტემაში უმცირესობების (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის კვლევა, რომელიც მოიცავს ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვას და ანალიზს, რელევანტური საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას და შედარებით ანალიზს, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. კვლევა, მათ შორის, უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის, ფოკუს ჯგუფების გამოკითხვის შედეგებს და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების/ინსიტიტუტების მიერ მომზადებულ ანგარიშებს, საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას და მის ანალიზს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი, სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)
თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი მიენიჭება სამიზნე ჯგუფის საკითხებზე მუშაობის გამოცდილებას)
ადამიანის უფლებათა საკითხებზე კვლევის მომზადების გამოცდილება
ადმინისტრაციულ ორგანოებთან საქმისწაროების გამოცდილება
ენების ცოდნა:
ქართული სრულყოფილად
ინგლისური სრულყოფილად
რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

​უნარ ჩვევები:
- სამართლებრივი წერის მაღალი სტანდარტი
- სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ოფიციალური წერილების და კვლევის მომზადება
- სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და პრეზენტაბელურობა
- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობა
- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება
- მაღალი სამუშაო ეთიკა
ეტაპები:

- დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი და მათ მიერ ჩატარებული სამართლებრივი კვლევის ნიმუში 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ა/წ 3 აგვისტოს სამუშაო დღის ბოლომდე.

10 და 17 ივლისს „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ გორში ჩაატარა ტრენინგები თემაზე : არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს.
10 ივლისის ტრენინგს ესწრებოდნენ გორში მცხოვრები შშმ პირები და მათი მხარდამჭერები, ხოლო17 ივლისს ტრენინგი ჩატრადა გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელებისთვის.
შშმ პირებისთვის (ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემებისა თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე) არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ინტეგრაციისთვის, თუმცა მათმა დიდიმა ნაწილმა ამ სიახლის შესახებ არაფერი იცის. აუცილებელია მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რაშიც მთავარი როლი ადგილობრივ თვითმმართველობებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტარლური საარჩევნო კომისიას ენიჭება.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს "არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს.