29 იანვარს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე  მუხლმა“ სასტუმრო „იოტაში“ გამართა კონფერენცია თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა“.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში და რეკომენდაციები. ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ საკითხზე მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს  პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბაზარაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა“.

საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ჩანაწერი. ეკა ბესელია უკანონო ჩანაწერის გავრცელებას მის წინააღმდეგ დაფინანსებულ ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირებს და მორალურ ტერორად აფასებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურების განხილვა. 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას მრავალჯერ სმენია.  ზეწოლის თითქმის ყველა შემთხვევას ადგილი ქონდა პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მიმართ, განსაკუთრებით თუ ისინი ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცხადია, ასეთი ქმედებები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატების, არამედ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი წევრების დაშინებას. ბრძოლის ეს მეთოდები  ყველაზე ხშირად აქტიური ქალების მიმართ გამოიყენება და გზავნილია ყველა ასეთი ქალის მიმართ.

აღმაშფოთებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, საეჭვოდ ემთხვევა ეკა ბესელიას მიერ ბოლო დროს გამოთმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  აღმაშფოთებელია, თუ ფარული ჩანაწერების გავრცელების და შანტაჟის გზით კონკრეტული ადამიანები  სასამართლოს რეფორმის შეჩერებას და სასამართლოში გაბატონებული მოსამართლეთა კლანის პროტექციას ცდილობენ. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია, როგორ უკანონო ჩანაწერის დამზადება, ასევე მისი გავრცელება. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ფარული ჩანაწერების გავრცელების არც ერთი გახმაურებული შემთხვევა არ გამოძიებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან. დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს დანაშაულის გამეორებას და წახალისებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ასევე, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კამპანია ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ2014 წლიდან ცდილობს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვასსამწუხაროდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კვლავ აქვს შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დამნაშავე პირების დაუსჯელობა და უცვლელი საკანონმდებლო ბაზა, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი სურვილი, ქვეყანაშ მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი,გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის საბოლოოდ აღსაკვეთად და დროულად განახორციელოს ცვლილებები ფარული-მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაცვლელად.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით,  წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

იმისთვის, რომ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი ობიექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს, კოალიციას მიაჩნია, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა დაუყოვნებლივ გადადგომა, რომლებმაც 2018 წლის 24  დეკემბერს მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში. კოალიციას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფს და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, კოალიციას მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნევლყოფს პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას. სამუშაო ჯგუფის უმრავლესობას შეადგენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ის მოსამართლეები, რომელთა პირდაპირი დაინტერესება იყო დაჩქარებული წესიით სიის განხილვა და დამტკიცება. არსებული შემადგენლობით ჯგუფის შენარჩუნება გამორიცხავს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და მოემსახურება მხოლოდ პროცესის კოსმეტიკურ შელამაზებას. ამის გათვალისწინებით, კოალიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და მიმართავს პარლამენტს არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას.  

რაც შეეხება კოალიციის მიერ წარდგენილი წინადადებებს, მიგვაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა. არჩევის პროცესი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

§  დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;

§  არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა;

§  პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესის მთავარი ელემენტები უნდა იყოს:

·         იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ღია კონკურსის გამოცხადება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას ყველა მსურველმა, რომელიც ფორმალურად აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს  მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ კონკურსში;

·         კანდიდატის ვალდებულება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მის შესახებ, მაგალითად:  სრული დეტალური ბიოგრაფია, რომელიც მოიცავს სრულ პროფესიულ კარიერას, მათ შორის აკადემიურ საქმიანობას (სამუშაო გამოცდილებაში ზუსტი თარიღებისა და უშუალო ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებით);  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ან გაეროს კომიტეტს თუ აქვს მიღებული გადაწყვეტილება რომელიმე საქმესთან დაკავშირებით, სადაც კანდიდატი მოსამართლე ან პროკურორი იყო; როგორც ადვოკატს თუ აქვს ნაწარმოები საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ან/და  საერთაშორისო არბიტრაჟებში;  შემოსავლის წყაროები ბოლო 6 თვის განმავლობაში და ა.შ.

·         საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შემოწმება ღია მოსმენით, დამსახურების პრინციპისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე;  

·         საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირება მოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ითა და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ით; გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება და საბჭოს მიერ პარლამენტისთვის სულ მცირე, 3 კანდიდატის წარდგენა თითოეულ ვაკანსიაზე;

·         იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, კომპეტენცია და მის მიერ კანდიდატის შეფასება;  კერძოდ სამუშაო ჯგუფი უნდა შედგებოდეს მაღალი რეპუტაციის მქონე 7 წევრისგან, რომელთაგან 2 წევრს ასახელებს უმრავლესობა, 2 წევრს უმცირესობა, ერთი არის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, ერთი სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო 1 ექსპერტს ასევე ასახელებს სახალხო დამცველი.  სამუშაო ჯგუფის  თავმჯდომარე ჯგუფის წევრთაგან უნდა აირჩიოს თავად სამუშაო ჯგუფმა;

·         კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალებისა და ინფორმაციის, ასევე თითოეულ კანდიდადზე საბოლოო დასკვნის ხელმისაწვდომობა იურიდიული კომიტეტისათვის,  

·         კანდიდატის საჯარო მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მედიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გადაიღოს გასაუბრების პროცესი;

·         იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა; ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიუხედავად კომიტეტის დასკვნის შინაარსისა;

კოალიციის მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს თან ერთვის  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები  და მოსამართლეობის მსურველი პირის მიერ კონკურსში მონაწილეობისთვის წარსადგენი  დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

2019 წლის 21 იანვარს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ამავე კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე. სხდომაზე მიწვეული იყვნენ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაწესებას საჯარო სივრცეში მუსლიმი ქალის ტრადიციული თავსაბურავის - ნიქაბის და ბურქას ტარებისათვის.

ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე საკუთარი აზრი გამოთქვა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსმა მირტაგი ასადოვმა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ შიიტურ მუსლიმურ დღესასწაულებზე აზერბაიჯანული მუსლიმური თემის წევრი ქალები იმოსებიან ნიქაბით და ბურქით. მირტაგი ასადოვის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე მუსლიმები ვერ შეძლებენ მუსლიმური რიტუალების სათანადოდ ჩატარებას, ვინაიდან ბურქის და ნიქაბის ტარება დასჯადი გახდება. მირტაგი ასადოვმა მიიჩნია, რომ ამ კანონპროექტის ინიცირება წარმოადგენდა დეპუტატის მოვალეობის დარღვევას. მირტაგ ასადოვი არის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი. ქართული ენის არცოდნის გამო სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იგი  სიტყვთ აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა. მის განცხადებას ქართულ ენაზე თარგმნიდა ამავე თემის წევრი ოქტაი კაზუმოვი.

მირტაგი ასადოვის განცხადებას გამოეხმაურა  პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი. მან აგრესიულად მოსთხოვა მირტაგი ასადოვს იმის განმარტება, იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე. როდესაც ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მიიღო, ემზარ კვიციანმა მირტაგი ასადოვს მიმართა შეკითხვით, რომ თუ ის საქართველოს მოქალაქე იყო, ქართულად რატომ არ ლაპარაკობდა.  

საქართველოს სახელმწიფოს სერიოზული გამოწვევაა, რომ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ენის არცოდნა. წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ დასძლია ეს პრობლემა. ენის არცოდნა არის ის არსებითი მიზეზი, რაც იწვევს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების და სომხების იზოლირებას სახელმწიფოსაგან და დანარჩენი საზოგადოებისაგან. ემზარ კვიციანის განცხადებაში ცალსახად იყო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს ენის არცოდნის გამო არა აქვს უფლება, კონკრეტულ კანონპროექტზე, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას მასზე და მის თემის ცხოვრებაზე, დააფიქსიროს საკუთარი კრიტიკული პოზიცია. დეპუტატმა მსგავსი განცხადებით ენის არ ცოდნა გამოიყენა როგორც ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ოპონენტის მარგინალიზაციის საშუალება. დეპუტატმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობა, მისი წუხილები საქართველოს ხელისუფლების წინაშე გამოთქვას საკუთარ მშობლიურ ენაზე. ამგვარი მიდგომა სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებულ ძალისხმევასთან, მოახდინოს ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია.    

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227- მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.[1] ამ კოდექსის  „..“ ქვეპუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ.“ ემზარ კვიციანმა, მოცემულ შემთხვევაში, უპატივცემულობა და არატოლერანტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა საქართველოს მოქალაქის ენობრივი და ეთნიკური კუთვნილების ნიშანთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით წარმოადგენს სიძულვილის ენას.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის არაეთიკურ ქცევაზე რეაგირებას უნდა ახდენდეს ეთიკის საბჭო, რომელიც ამ დრომდე არ არის დაკომპლექტებული, შესაბამისად, სამწუხაროდ ემზარ კვიციანის აღნიშნული განცხადება ვერ გახდება ეთიკის საბჭოს მსჯელობის საგანი.  

სხდომის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა ემზარ კვიციანის განცხადებასთან დაკავშირებით, ამის სანაცვლოდ მან გააკრიტიკა მირტაგი ასადოვის განცხადების ის ნაწილი, სადაც კანონპროექტის ინიცირება სადეპუტატო მოვალეობის დარღვევად იყო შეფასებული. შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის უმოქმედობა, რომელმაც ვერც სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთა შეძლო და არც საკუთარი კოლეგის მიერ ამგვარი ენის გამოყენებას გაემიჯნა.    

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, დაიცვან პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა. იმავდროულად, შესაბამისი კომიტეტის თუ პლენარული სხდომის თავმჯდომარემ დროული რეაგირება მოახდინოს დეპუტატის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის აღსაკვეთად ან მომავალში მის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დროულად დააკომპლექტოს ეთიკის საბჭო, რათა ერთი მხრივ, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები.

კოალიცია თანასწორობისთვის

კოალიცია თანასწორობისთვის არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, ,,კონსტიტუციის 42- მუხლი“, კავშირი საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”,“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”,“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)” და ,,ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი  (TDI).”


[1] https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/189564?

     https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/205673?

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ორგანული კანონით დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კანდიდატთა ნომინირების წესი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე,  სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და იგი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი გახმაურებულ საქმეებზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და  რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სიტემაში უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით,  მისი მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები. აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უზრუნველყოფილ იქნას ისეთი პროფესიონალებით, რომელთაც არა მხოლოდ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ, არამედ მაღალი რეპუტაციაც პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში. მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არ არსებობს საზოგადოების ნდობა და რომლებიც არ გამოირჩევიან თავიანთი კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი მიუკერძოებელი დამოკიდებულებით, ვერ უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას და სასამართლო ხელისუფლება ათწლეულები დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ნდობის მქონე ინსტიტუტად, რაც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესს შეაფერხებს.

აუცილებელია, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა სათანადოდ გააცნობიეროს  მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე მდგომარეობა, რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება და ის სავალალო შედეგები, რომელსაც მოსამართლეობის ნომინირებული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა გამოიწვევს.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც განსაზღვრავს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესს.

აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული ცვლილებების მიღებამდე უარი თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე, ხელახალი შერჩევის პროცესი დაიწყოს მხოლოდ  კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და საკანონმდებლო ორგანომ სწორედ ასეთი წესით ნომინირებული კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება განახორციელოს.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სრული სიცხადით დაადასტურა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება. საბჭო, ბოლო წლებია, აშკარად ბოროტად იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და პრაქტიკულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა უშუალოდ საბჭოს მოსამართლე წევრებისა და პარლამენტის მიერ დანიშნული ზოგიერთი არამოსამართლე წევრის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული მოქმედებების შედეგია. ბოლო პერიოდში საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატის ნომინირების უკიდურესად ხარვეზიანმა და გაუმჭვირვალე პროცესმა, ასევე ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნამ, კიდევ ერთხელ ნათლად გამოავლინა საბჭოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის რეალური ინტერესები და მათი მუშაობის მეთოდები.

მიგვაჩნია, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი, ვინაიდან: 

1.      სასამართლო სისტემა დღეს ე.წ. კლანის წევრების მიერ იმართება, რომელთაც არაჯანსაღი გავლენები და სისტემის მართვის ყველა ბერკეტი აქვთ. ბოლო პერიოდში მათი მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას და  ვიწრო პირად ინტერესებს ემსახურება; 

2.      იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართულ ყველა არსებითად მნიშვნელოვან პროგრესულ ინიციატივას. უფრო მეტიც, რეფორმის მე-3 ტალღის ფარგლებში პარლამენტის მიერ ისეთი ცვლილებები იქნა კანონში შეტანილი, რომლებმაც სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტვა და კლანური მმართველობის გაძლიერება გამოიწვია;

3.      გავლენიანი ჯგუფი მუდმივად ებრძვის ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემაში. წლების მანძილზე ნელ-ნელა სისტემიდან განიდევნენ (მათთვის თანამდებობაზე გადანიშვნაზე უარის თქმით ან მათ წინააღმდეგ დისციპლინური მექანიზმის ამოქმედების გზით) ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სისტემისადმი კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ; 

4.      გავლენიანი ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხელისუფლების გარკვეული შტოების და პარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერით;

5.      გავლენიანი ჯგუფის უმრავლესობა წარსულში განხილული არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო საზოგადოების ფართო წრეებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მაგალითად, ლევან მურუსიძე, რომელიც გუშინ უვადოდ გამწესდა თანამდებობაზე, მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში. ამ საქმეებზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, სადაც, ერთ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების პროცესი მკვეთრად არის გაკრიტიკებული, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო თავად აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს.  სწორედ მსგავსი რეპუტაციის მოსამართლეების დანიშვნა შეიძლება დასახელდეს ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სოციოლგიური გამოკითხვებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მუდმივად ეცემა;

6.      მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ სასამართლო  სისტემაში არ მოქმედებს ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემა, რომელიც ვიწრო ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას დააზღვევდა. ამ პირობებში კი, იზრდება გავლენებით ვაჭრობისა და სასამართლოსათვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღების მაღალი ალბათობა;

7.      იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების, ისევე როგორც სხვა გავლენიანი მოსამართლეების დიდი ნაწილის კვალიფიკაციისა და ადამიანის უფლებების ცოდნის დონე არადამაკმაყოფილებელია. მათ არ გააჩნიათ გენდერული სენსიტიურობაც და მათი გამონათქვამები საბჭოს ქალი წევრების მიმართ ხშირად დისკრიმინაციულია, ისევე როგორ სრულიად შეუფერებელი მოსამართლის მაღალი თანამდებობისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ცალსახა გამოვლინებაა საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები (ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება). ამ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ მორალური უფლება იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შესაბამისად, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა დატოვონ საბჭოც და მოსამართლის თანამდებობაც. ამასთან მიგვაჩნია, რომ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ ასევე გავლენიანი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წევრებმა: მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ. აღნიშნული ცვლილებების გარეშე რთულად წარმოსადგენია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა.

მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არამოსამართლე წევრები პარლამენტმა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა დანიშნოს. ეს დამოუკიდებელი წევრების შერჩევის ერთადერთი გარანტიაა. საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების საკითხი. კანდიდატთა სია განახლებულმა საბჭომ უნდა წარადგინოს პარლამენტში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

 

კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას.

საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დეპოლიტიზირებას და მის პროფესიულ, დამსახურების პრინციპზე დაფუძნებულ პროცესად გარდაქმნას. კონსტიტუციის ეს განზრახვა არ იქნა ასახული ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში და ამ დროისთვის არ არის დადგენილი მკაფიო პროცედურა ან კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საბჭომ უნდა მოახდინოს კანდიდატების ნომინირება. ასეთ ვითარებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე მოსამართლის მიერ მომზადებული კანდიდატთა სია, წარუდგინა პარლამენტს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირებისას არ იყო დაცული კონსტიტუციის მიზნები და მინიმალური პროცედურული სტანდარტებიც კი. კერძოდ:

·      საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ მოსამართლე შეირჩევა ორი კრიტერიუმის - კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც დაადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის აღნიშნულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების წესს. საბჭომ ისე მოახდინა კანდიდატების ნომინირება, რომ არ დაელოდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. შედეგად, დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომელთა შესაბამისობა ამ ორ კრიტერიუმთან ფორმალურადაც კი არ შემოწმებულა;

·      კონსტიტუცია ადგენს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. მიუხედავად ამისა, საბჭომ კანდიდატების ნომინირება მოახდინა იქამდე, ვიდრე კანონით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფრო დეტალური პროცედურა დადგინდებოდა;

·      იუსტიციის საბჭომ კანდიდატები თვითნებურად შეარჩია პირთა შეზღუდული წრიდან. კანდიდატებად დასახელებული არიან მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები. გაუგებარია რა ნიშნით მოხდა კანდიდატების გამორჩევა ან/და რატომ არ მიეცა სხვა დაინტერესებულ პირებს, სამართლიან, ღია და გამჭვირვალე კონკურსში თანასწორად მონაწილეობის შესაძლებლობა;  

·      წარდგენილი 10 კანდიდატი დასახელებულ იქნა საბჭოს წევრთა მხოლოდ ნაწილთან კონსულტაციის შედეგად. საბჭოს ყველა წევრისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი განსახილველი კანდიდატების შესახებ. საბჭოს სხდომაზე არ განხილულა კანდიდატების ბიოგრაფიები და არ მომხდარა დასაბუთება თუ რა ნიშნით გამოარჩია საბჭომ 10 მოქმედი მოსამართლე დანარჩენი 300-მდე მოსამართლისაგან, რომელიც სასამართლო სისტემაში ახორციელებს უფლებამოსილებას. აღნიშნული შეიცავს კორუფციისა და ნეპოტიზმის სერიოზულ რისკებს;

·      საბჭოს მიერ პარლამენტში გაგზავნილი ერთგვერდიანი წარდგინება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას წარდგენილი კანდიდატების შესახებ.

საყურადღებოა კანდიდატების ვინაობა, რომელთა ნომინირებაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოახდინა. ათი კანდიდატიდან შვიდი გამოირჩევა იმით, რომ წლების განმავლობაში იკავებდნენ ან ამჟამად უკავიათ მნიშვნელოვანი პოზიციები სასამართლო ხელისუფლებაში, მართავენ სასამართლო სისტემას და აქვთ გავლენა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რაც სასამართლოს ხელისუფლების მართვასთან დაკავშირებით მიიღება. მიხეილ ჩინჩალაძის, გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, გიორგი ტყავაძის, პაატა სილაგაძის სახელები წლებია უკავშირდება კლანურ მმართველობას და კორპორატიზმს სასამართლო სისტემაში. მათგან საბჭოს ორი მოქმედი წევრის, გიორგი მიქაუტაძის და დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურების დასახელება ცხადჰყოფს, რომ საბჭოს წევრები საკუთარ თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

გარდა აღნიშნულისა, დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომელთა მიერ ცალკეულ საქმეებზე წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები მკაცრად არის გაკრიტიკებული სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშებში. ასეთ ვითარებაში, კანდიდატების დასახელება მოხდა ისე, რომ არცერთი პრობლემა, რაც დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიებთან დაკავშირებით არსებობს, არ არის შესწავლილი და პასუხგაცემული.

სასამართლო ხელისუფლებაში არსებული მძიმე ვითარების, კლანური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერების და საბოლოოდ დაკანონების თავიდან აცილების ერთადერთი რეალური ბერკეტი საქართველოს პარლამენტის და მმართველი პოლიტიკური ძალის უმრავლესობის ხელშია. 26 დეკემბერს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების პროტესტის და „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების უარყოფითი შეფასებების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს და საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაუბრუნდება.

მისასალმებელია, რომ მმართველმა ხელისუფლებამ გადაიფიქრა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არსებული სიის განხილვაზე.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

·         უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა სიაზე;

·      დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და კრიტერიუმებს;

·      შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ და ხელახლა უნდა მოხდეს, კანონით დადგენილი წესით, კანდიდატურების ნომინირება.

ასევე, კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, უმოკლეს ვადებში გამართონ შეხვედრა კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, სადაც განხილული იქნება კოალიციის წინადადებები უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხებთან დაკავშირებით, განისაზღვრება კონკრეტული სამუშაო განრიგი.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კიდევ  ერთხელ, ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა  ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა. დღეს საბჭომ, უხეში პროცედურული დარღვევებით, წინასაახალწლო პერიოდში და დაჩქარებული წესით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ეს აჩვენებს, რომ მათ სურთ ყოველგვარი საზოგადოებრივი  დისკუსიის და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფით, მოახვედრონ მათთვის სასურველი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში და ამით სრული კონტროლი მოიპოვონ სასამართლო ხელისუფლებაზე.

საკითხის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოტანის შესახებ, გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებას, წინ უძღვოდა მხოლოდ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები, რაც დღეს საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ გაკეთებული განმარტებითაც დადასტურდა. საყურადღებოა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილისთვის უცნობი იყო კანდიდატთა ვინაობაც კი. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მსგავსი არაფორმალური გარიგებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონისა და კონსტიტუციის მიზნებს, მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი.

დღეს საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სასამართლოში დომინანტი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების კანდიდატურებს, რომელთა რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კანდიდატებს შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია,  მერაბ გაბინაშვილი და გიორგი ტყავაძე. კლანურ  ინტერესებს მორგებულ და თვითნებურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ასევე პარლამენტის მიერ საბჭოში დანიშნულმა სამმა არამოსამართლე წევრმა (ლევან გზირიშვილი, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა). კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მხოლოდ ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა.

სასამართლო სისტემაში კრიზისული ვითარების შექმნას ხელი შეუწყო ამ ჯგუფის ინტერესებზე მორგებულმა კანონმდებლობამ და პარლამენტის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების ნების არარსებობამ. იმ პირობებში, როდესაც საბჭოს მიერ დღეს წარდგენილ კანდიდატებს თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, საკანონმდებლო ორგანოს ეკისრება გადამწყვეტი როლი, არ დაუშვას ქვეყანაში სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩაკეტვა და მართული მართლმსაჯლების მხარდაჭერა.

ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ  საქართველოს პარლამენტს:

        მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აშკარა პროცედურული დარღვევებით წარდგენილ და დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს;

        დაუყოვნებლივ  დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც შეუზღუდავს გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ამ ცვლილებების მიღებამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კავშირი ,,საფარი”

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების გადავადების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას. ინიცირებული კანოპროექტი ითვალისწინებს კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ვადის, ისევე როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კანონის თანახმად მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების ვადის 6 თვით გადავადებას (2019 წლის 1 ივლისამდე).

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და მისი დროულად ამოქმედება არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლას, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი რიგი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას.

აღნიშნული რეფორმის დროულად განხორციელება, არსებითი მნიშვნელობის მქონეა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების, მიუკერძოებელი გამოძიების სტანდარტის, გამოძიების მიმართ სანდოობის შექმნისა და დამკვიდრების პროცესისთვის.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია რომ საქართველოს მთავრობის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურისთვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ფინანსური რესურსების გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ვერ ესწრება 2019 წლის 1 იანვრამდე, როგორც ეს თავდაპირველად გათვალისწინებული იყო კანონით. იმის გათვალისწინებით რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში, 6 თვემდე მოსამზადებელი პერიოდი საკმარისი უნდა ყოფილიყო ყველა იმ ღონისძიების უზრუნველსაყოფად, რომელიც კანონის გარდამავალი დებულებებით განისაზღვრა. ზემოაღნიშნული არგუმენტაციით კანონის ამოქმედების ვადის დამატებითი 6 თვით გადაწევა, ასევე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაძლოა შეიცავდეს კანონის ამოქმედებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის ნიშნებს, რაც უარყოფითად აისახება იმ მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაზე, რომელთა დროული და ეფექტიანი განხორციელება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილია.

14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ . მოსარჩელეების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „კონსტიტუციის 42- მუხლის“ იურისტის არჩილ ჩოფიკაშვილი იცავდა.

სადავო ნორმის თანახმად, სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკია 50 წელი. მოსარჩელეთა პოზიციით, სასამართლოს მანდატურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ხარისხი დაკავშირებულია ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებთან და არ არის დამოკიდებული პირის ასაკზე. შესაბამისად, სადავო ნორმა, რომლის საფუძველზეც 50 წელს გადაცილებული პირებისათვის გამოირიცხება სასამართლოს მანდატურად სამსახური, დისკრიმინაციულია და არღვევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მანდატურს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული აქვს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების, აგრეთვე იარაღის გამოყენების უფლებამოსილება. შესაბამისად, მანდატურის უფლებამოსილებების სრულყოფილად შესრულება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. თუმცა, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, განაპირობებდა მანდატურის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო უნარების დაკარგვას. სასამართლოს განმარტებით, ასევე შესაძლებელი იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მომხდარიყო პირის ფიზიკური მონაცემების შეფასება და დადგენა, რამდენად შეესაბამებოდა იგი მანდატურის თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები გამორიცხავდა მათი ასაკობრივი ზღვრის საფუძველზე გათავისუფლების აუცილებლობას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან არსებითად თანასწორ პირებს, ერთი მხრივ, 50 წლამდე და, მეორე მხრივ, 50 წელს გადაცილებულ პირებს გაუმართლებლად ეპყრობოდა უთანასწოროდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის და სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებებს.