1 ნოემბერს გორში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს.


შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო სამუშაო ადგილზე შევიწროება და ამ საკითხზე არსებული კვლევების უახლესი მონაცემები. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ არის დარეგულირებული სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხები როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში. საკითხის სხვადასხვა ასპექტების განხილვა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და შეთანხმდნენ ამ კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის მხარდაჭერით ახორციელებს.

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისი მარიოტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და საზოგადოების ინტერესის სამართლის ქსელთან (PILnet) ერთად პრო ბონო (ანაზრაურების გარეშე დახმარება) სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და პრო ბონო სისტემის განვითარების შესახებ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ქართველი იურისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის პრო ბონო მექანიზმების გაზიარება, ამასთანავე საქართველოში პრო ბონო ქსელის კულტურის მხარდაჭერა და განვითარება, რომელიც ხელს შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას რეგიონალური ქსელების შექმნის მეშვეობით.

პრო ბონო ქსენლის პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ინტერესის სამართლის ქსელის (PILnet) მისიის განხორციელებას, რომლის მიზანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრო ბონო კულტურის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

პრო ბონო სახელმძრვანელო მომზადდა ვიშეგრადის ფონდის და ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით ზაზა სარალიძის დაკავებას და მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.

ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთეს მკაფიო განცხადებები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. მიუხედავად ამისა, როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს პარლამენტის წინ ინციდენტი სწორედ წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობისათვის პოლიციის წარმომადგენლების მიერ ხელშეშლას მოჰყვა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძის მხრიდან ძალადობა.

იმ ფონზე, როცა საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ, დღემდე უგულებელყოფილია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელეობის საქმეზე გამოძიების ჩატარებისას ჩადენილ კანონდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებულთა მიერ მშვიდობიან პროტესტის გამართვას, მიზანმიმართულად ხელს უშლიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, ნათელია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება ამ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღსდგეს სამართლიანობა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე საქართველოს სს კოდექსის 3531-ე (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო მისი თანმხლები ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავეს. ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს ზაზა სარალიძის ფიზიკური ძალადობა პოლიციელზე, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც აღნიშნული ძალადობის მიზეზი გახდა და რომელიც შს სამინისტროს უკანონო, თვითნებურ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკას უკავშირდება შეკრების მონაწილეების მიმართ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღისით და ღამით, განსაკუთრებით ცუდ ამინდში აქციის მონაწილეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ შეკრების ადგილზე ყოფნა, რაც სტრესის, ღირსების შელახვისა და დაუცველობის გრძნობას იწვევს. წვიმიან დღეს, პოლიციის მხრიდან კარვის გაშლისთვის კიდევ ერთხელ ხელშეშლა, ზაზა სარალიძის მიმართ უკანონო და ანტიჰუმანური მოქმედების ნათელი დემონსტრირება იყო.

ორივე ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას და მათივე კანონიერი მოთხოვნის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს. მაშინ როცა, მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებში, კარვის ან სხვა კონსტრუქციის გაშლის უფლებაში ხელშეშლა კანონიერ მოთხოვნად არ შეიძლება განვიხილოთ. ამ დანაშაულის არსებითი ელემენტი სახეზე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ძალადობის წარმოშობის პროცესში, თავად პოლიციის უკანონო მოქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს პარლამენტის წინ დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ

- დაუყოვენებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლების უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში;

- გაიაზროს სახელმწიფო პოლიტიკის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსი, რაც გახდა ზაზა სარალიძის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის საფუძველი და სს სამართლის კანონმდებლობის სწორ გამოყენებასთან ერთად გამოიყენოს ჰუმანური და სამართლიანი მიდგომები დაწყებული გამოძიების პროცესში;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა

- დაუყოვნებლივ შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა და ამის თაობაზე გააკეთოს საჯარო განცხადება;

- წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, გაიაზროს პროცესების ესკალაციის რისკები და მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი, სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ეს გარემო, პირველ რიგში, შეექმნათ აქციის ორგანიზატორ შვილმკვდარ მამებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და იგნორირების მსხვერპლები არიან.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

თანასწორობის მოძრაობა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ცენტრი „ემპათია“

კავშირი საფარი

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

25 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს იურისტებმა ჩაატარეს სემინარი სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების თემაზე.

სემინარზე სტუდენტებს გააცნეს სამუშაო ადგილზე შევიწროების დეფინიცია;  საერთაშორისო თუ საქართველოში ჩატარებული კვლევების მიგნებები შევიწროების/სექსუალური შევიწროების შესახებ. სემინარზე განხილულ იქნა ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას ართულებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სასმართლო გამოცდილებისა და კონკრეტული სიტუაციური მაგალითების განხილვას დისკუსიის რეჟიმში.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მანველიშვილის მხრიდან დამოუკიდებელი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ მოპყრობას და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე დროულად და ეფექტურად გამოიძიოს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა თეიმურაზ მანველიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად, მოვითხოვთ, დადგეს თეიმურაზ მანველიშვილის, როგორც საჯარო მოხელის, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

2018 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად გამართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გორის მერიასთან. აქტივისტები აპროტესტებდნენ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა. გიგა მაქარაშვილის განცხადებით, აქტივისტები ითხოვდნენ გორის მერისგან ბოდიშს და ახორციელებდნენ პერფომანსს, რაც გამოიხატებოდა გორის მერიასთან ხორბლისა და ფუნის დაყრით. აქციის დასრულებისას, როდესაც აქტივისტები აწესრიგებდნენ მერიის მიმდებარე ტერიტორიას, გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მანველიშვილი, გიგა მაქარაშვილს მოულოდნელად დაესხა თავს და ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო. არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეო-მასალაც, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის კამერამ შემთხვევით გადაიღო და მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
გიგა მაქარაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ამ ქმედებაზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (1) მუხლით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) - რაც, ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, საქმის არასწორი კვალიფიკაციაა. მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გადააკვალიფიციროს და გამოძიება წარმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 (ა) პუნქტის მიხედვით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი მოხელის მიერ) და 161-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეკრების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით). აშკარაა, რომ თეიმურაზ მანველიშვილი მიზნად ისახავდა გიგა მაქარაშვილის დასჯას და დამცირებას, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახა გიგა მაქარაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გიგა მაქარაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი იცავს. ამ დრომდე გიგა მაქარაშვილს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, რაც ხელს უშლის მიიღოს სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ხაზგასასმელია, რომ გამოძიების მსვლელობის ფარგლებში ჯერ კიდევ არ მომხდარა თეიმურაზ მანველიშვილის გამოკითხვა და ის კვლავ ინარჩუნებს გორის მერიაში დაკავებულ

თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლის თანამხად დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველია „გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.“

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ საჯარო მოხელის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის ხელის შეშლას. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლებაა და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა. ამასთან, შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლითაც ხდება უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების დისკრედიტირება. წინამდებარე შემთხვევა და ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი აქტივისტებისა თუ უფლებადამცველების საქმიანობას საქართველოში და ახალისებს ძალადობას მათ მიმართ.

გვსურს, გამოვუცხადოთ ჩვენი სოლიდარობა გიგა მაქარაშვილს და მოვუწოდოთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- მოხდეს საქმის ადეკვატური, დროული, ობიექტური და ეფექტური გამოძიება;
- გადაკვალიფიცირდეს საქმე სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 (ა) პუნქტისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით;
- გიგა მაქარაშვილს დროულად მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.
გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს:
- დაიწყოს დისციპლინარული საქმისწარმოება და გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან თეიმურაზ მანველიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს:
- შეწყდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია. ხოლო მათ მიმართ ძალადობისა და შეურაცხყოფის ყველა ფაქტს მოჰყვეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:
 თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
 ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
 კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 მედიის ინსტიტუტი
 საფარი
 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
 თანასწორობის მოძრაობა
 ცენტრი ემპათია  ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მორიგი ასეთი თავდასხმა, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განახორციელა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლის კომენტარის პასუხად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მოსაზრებას და საერთაშორისო ორგანიზაციების წუხილს გამოხატავდა (ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესის ჩავარდნა, ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის და სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები), იუსტიციის მინისტრმა, პრობლემებზე საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, თავდასხმა მიიტანა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ხელმძღვანელზე და ეცადა წარმოეჩინა თითქოს კრიტიკული მოსაზრებები მხოლოდ ერთი ორგანიზაციის აზრია.

მინისტრმა წულუკიანმა გაიმეორა კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ, 2015 წელს, გამოთქმული ცრუ ბრალდებები ეკა გიგაურის მიმართ, რომ იგი თითქოსდა მონაწილეობდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში. აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდებები იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, თავდასხმას მოყვა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წარსულის შესწავლას გეგმავდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრალდებების წინააღმდეგ თავად ეკა გიგაურმა შეიტანა სარჩელი გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, რომელზეც სასამართლო განხილვები რამდენიმე წელია გრძელდება.

იუსტიციის მინისტრის მხრიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელზე თავდასხმას წინ უძღვოდა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, 8 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელზე პერსონალური თავდასხმა, ხოლო მანამდე, თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე, კორუფციულ სკანდალზე კრიტიკული განცხადების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებად მოიხსენიებდნენ.

23 ოქტომბრის ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა იგივე რიტორიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის აქტივი“ უწოდა. იმ პირობებში, როცა არც გუშინდელი ინტერვიუ და არც მანამდე, სახელისუფლებლო გუნდის წარმომადგენლების გამოსვლები დასაბუთებულ პასუხს არ სცემს საზოგადოებაში არსებულ კრიტიკულ კითხვებს, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით მტრის ხატის ხელოვნურად შექმნა, მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო კონტექსტი და სწორედ ამ დროს სადამკვირვებლო და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც მათი საქმიანობის და შეფასებების დელეგიტიმაციას ისახავს მიზნად.

ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე მსგავსი თავდასხმები ხელისუფლების მიერ მთელი სამოქალაქო სექტორისა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული კამპანიის ნაწილია. ხელისუფლების წარმომადგენლების კოორდინირებული თავდასხმების პარალელურად, სოციალურ ქსელებშიც შეიმჩნევა, არასწორ ინფორმაციაზე და მძიმე პერსონალურ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული, ორგანიზებული და მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც ანალოგიური ხელწერა აქვს. უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალაუფლების შეკავების, კონტროლისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მეთვალყურეობის როლს ასრულდებდნენ ყველა დროსა და პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

იუსტიციის მინისტრის აგრესიული და სიცრუეზე დაფუძნებული კომუნიკაციის სტილი და ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული შეტევა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ორგანიზაციების წინააღმდეგ ამცირებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების აუცილებელი ატრიბუტია. ამგვარი ქცევა სრულიად შეუფერებელია ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან. სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო დონეზეც, არაერთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს მსგავსი თავდასხმებისაგან.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე თავდასხმისა, პირველ რიგში, უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს სავარაუდო კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მიუხედავად მათი გავლენებისა.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საფარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა სახლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

17 ოქტომბერს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტებმა შეხვერდა გამართეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამუშაო ადგილზე შევიწროების საკითხების განხილვა და ბოლო კვლევების მონაცემების გაცნობა. ამასთანავე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის დარეგულირებული სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხები როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში. საკითხის სხვადასხვა ასპექტების განხილვა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და შეთანხმდნენ ამ კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის მხარდაჭერით ახორციელებს.
ვეხმაურებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა.

ამ ფაქტებზე სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, საზოგადოებას სთავაზობს ყურადღების გადატანას პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე, რითიც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები.

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც თავისმხრივ აძლიერებს საზოგადოების პოლარიზების და საკითხების პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით გამოყენების რისკებს. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, მათი საქმიანობის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან დაცვას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები, უმთავრესად, ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, საკითხების ზედმეტი პოლიტიზირების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნის. 

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს:

· უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას;
· გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიტატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას.

2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა: “აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”.

მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას.

განცხადება აგრეთვე შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს, კერძოდ: საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მართალია, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ რომ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პირველი რასისტული და ქსენოფობიური შინაარსის განცხადება. 2013 წლის 31 იანვარს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მან ჩინელებთან დაკავშირებით დაწერა: “ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა სინამდვილეში 100-მდე შეიძლება იყვნენ". ერთ-ერთ განცხადებაში კი განაცხადა, რომ უცხოელებმა "ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადააქციოს შარდენი და აღმაშენებელი".

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და მიზანმიმართულად ავრცელებენ ქსენოფობიურ განცხადებებს, თუმცა, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივია.

ჯანსაღი საარჩევო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მიგვაჩნია, რომ წინაასაარჩევნო კამპანია უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ასევე, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ადგილი აქვს აგიტაციას კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

სალომე ზურაბიშვილს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

მედიის განვითარების ფონდი - MDF

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საფარი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD

თანასწორობის მოძრაობა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი - CSEM

მედია კლუბი

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ თბილისში, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ და ‘თანასწორობის მოძრაობის’ საქმიანობის გაგრძელების მიზნით შექმნილი მძიმე მდგომარეობის სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოგვარებისკენ.

 

2018 წლის 28 სექტემბერს, საღამოს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის” ოფისში მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 30-მდე ადამიანი. შეხვედრაში მონაწილე პირები თამბაქოს მოწევის მიზნით გადიოდნენ ორგანიზაციის ოფისის ეზოში. აღნიშნულ ეზოში მდებარეობს კიდევ ერთი სახლი, სადაც ცხოვრობს მეზობელი ოჯახი. 22:00-22:30 შუალედში აღნიშნულ სახლში მცხოვრებმა ქალმა ყვირილით და აგრესიული დამოკიდებულებით მიმართა ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოში მყოფ სტუმრებს. მისი გაღიზიანება ორგანიზაციის სტუმრების საუბრის ხმამ გამოიწვია. იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ემუქრებოდა ოფისის წინ მყოფ ადამიანებს შემდეგი ფრაზების გამოყენებით: “გადაგასახლებთ აქედან”, “ნახეთ რა ბედს გაწევთ”. აღნიშნული ინციდენტი იმწუთიერად ამოიწურა “თანასწორობის მოძრაობის” გადაწყვეტილებით. კერძოდ, დასრულდა ღონისძიება და ორგანიზაციის თანამშრომლებმა სტუმრებს სთხოვეს ოფისის დატოვება. სტუმრების უდიდესმა ნაწილმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დატოვა ორგანიზაციის ტერიტორია. დაახლოებით 23:00 საათისთვის ორგანიზაციის ოფისში დარჩენილი იყო რამდენიმე თანამშრომელი და სტუმარი. მათგან ოთხი ადამიანი: მ.კ., ს.ჟ., ა.ბ., მ.კ. იმყოფებოდა ორგანიზაციის ოფისის წინ, ქუჩაში, სადაც ისინი ელოდებოდნენ ტაქსის. ხოლო, ოთხი ადამიანი: ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე., ა.უ. - ერთად გავიდა ორგანიზაციის ეზოს მხარის კარისკენ, რათა ჩაეკეტათ იგი და შემდგომ, ეზოს გავლით, გამოსულიყვნენ ქუჩაში. იმ დროს, როდესაც აღნიშნული ოთხი პირი ეზოში გამოვიდა, მათი მიმართულებით დაიძრა მეზობელ სახლში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც მათკენ მიიჭრა სიტყვიერი შეურაცხყოფით და მიახლოებისას, ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. თავდამსხმელმა ვ.კ.-ს ყელში მოუჭირა ხელი დახრჩობის მიზნით, რაც, რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პროცესში თავდამსხმელი იგინებოდა და იყენებდა ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა, “დაგხოცავთ თქვე ქათმებო”, “ვინც თქვენ უფლებები მოგცათ” და ა.შ. მოულოდნელად თავდამსხმელი გაიქცა სახლისკენ გარკვეული ნივთის ასაღებად. ამ ვითარებას შეესწრო მ.კ., რომელიც ქუჩაში, ჭიშკრის მეორე მხარეს იმყოფებოდა და ცდილობდა და ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე., ა.უ-ს დახმარებას, თუმცა ჭიშკრის გაღებას ვერ ახერხებდა. მ.კ.-მ მობილური ტელეფონით გადაიღო ამ ვითარების ამსახველი ვიდეო. მანამ, სანამ თავდამსხმელი სახლში იყო შესული, მოხერხდა ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე. და ა.უ.-ს ეზოდან ქუჩაში გამოყვანა. ამის შემდეგ თავდამსხმელი სახლიდან ეზოს გავლით ქუჩაში გამოვიდა, აგრძელებდა ყვირილს და მიიწევდა მანქანიდან გარკვეული საგნის ასაღებად, რომელსაც ის დაზარალებულების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მიზანთან კონტექსტში იხსენიებდა. მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ცდილობდნენ მის შეკავებას. ადგილზე მყოფ თემის წევრებსა და აქტივისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ თავდამსხმელი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და მის გამოყენებას აპირებდა. განცდილი შიშის გამო, ისინი ამოეფარნენ მანქანებს და მიმდებარე ქუჩებზე მიმოიფანტნენ.

 

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტიდან მეორე დღეს, 29 სექტემბერს, გაავრცელა განცხადება,[1] სადაც მომხდარი ფაქტი ორმხრივ დაპირისპირებად შეაფასა. შსს-ს მიერ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის ორმხრივ დაპირსპირებად შეფასება, სადაც აგრესორი და მსხვერპლი თანასწორ მხარეებად არიან წარმოჩენილნი, აცდენილია მსგავსი ტიპის ძალადობის სწორ სამართლებრივ და სოციალურ ხედვას და სამართალდამცავი ორგანოების მიკერძოებულობის მიმართ ეჭვებს წარმოშობს. სამინისტროს მხრიდან გამოძიების პირველივე დღეებში, სათანადო მოკვლევისა და გამოძიების გარეშე, მსგავსი განცხადების გაკეთება მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას არსებითად ამცირებს.

 

პოლიციისა და გამოძიების მიმართ ნდობაზე ნეგატიურად აისახება ის გულგრილობა, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მობილიზებული პოლიციის და სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გამოვლინდა. როგორც ადგილზე მყოფი მოწმეები იხსენებენ, პატრულის თანამშრომლები აგრესიულად ესაუბრებოდნენ ნაცემ მსხვერპლებს, ხოლო სასწრაფოს ექიმები არ აფიქსირებდნენ მიყენებულ დაზიანებებს. ასევე, “თანასწორობის მოძრაობის” ერთ-ერთ თანამშრომელს მეზობლებმა პოლიციის თვალწინ აგინეს და საუბრობდნენ, რომ “პირადასტებს” მათ უბანში არ გააჩერებდნენ, რაზეც პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია. მსგავსი მიდგომა პოლიციის მხრიდან ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის პრაქტიკის გამოვლინებაა, სადაც პოლიცია მსხვერპლის დაცვის ინტერესის იგნორირებით ან ნეგატიური რიტორიკით რეალურად იმეორებს და აძლიერებს მოძალად(ეები)ის მიერ გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს.

 

საქმეზე პრობლემურია დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც. ამ ეტაპაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ყურადსაღებია, რომ, გარდა ძალადობის ფაქტისა, საქმეში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) შემადგენლობაც. საქმის გარემოებები აჩვენებს, რომ გ.ფ.-ს მხრიდან მომდინარე მუქარამ, დაზარალებულებსა და მოწმეებში მისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში წარმოშვა, თუმცა, ეს ასპექტი გამოძიების მიერ იგნორირებული ჩანს. გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, გ.ფ.-ს მხირდან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვების შინაარსი, ცალსახად მიუთითებს ჰომოფობიურ მოტივზე, რომელიც სსკ-ის 53-ე პრიმა მუხლის მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და მისი იდენტიფიცირება საქმის შესწავლის საწყის ეტაპზევე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს საქმის სრულყოფილი და ჯეროვანი გამოძიების უზრუნველყოფისათვის.

 

ამ დრომდე მოძალადე პირი პოლიციის მიერ არ არის დაკავებული, რის გამოს თანასწორობის მოძრაობის ოფისი დაკეტილია ადგილზე ძალადობისა და სიტუაციის ესკალაციის რისკების არსებობის გამო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებულ რეფორმებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა, ცალსახაა, რომ პოლიციის სისტემა კვლავ არ არის მზად ჯეროვანი გულისხმიერებით რეაგირებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე და მისი მუშაობა კვლავ ფრაგმენტული და ინციდენტებზე ორიენტირებული რჩება. შსს-ს მიერ 29 სექტემბერს გაკეთებული განცხადება მსგავსი დანაშაულების გაგების პრობლემას საგამოძიებო უწყებაში ასევე მკვეთრად წარმოაჩენს. დისკრიმინაციული დანაშაულების სოციალური ბუნებისა და სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოების და, უფრო ფართოდ, მთავრობის პრევენციული პოლიტიკა, კვლავ სუსტი და არასისტემური რჩება, რაც მსგავსი ძალადობის აღკვეთის შესაძლებლობას არსებითად ართულებს.

 

ცხადია, არსებული არაეფექტიანი პოლიტიკა და სამართალდამცავ სისტემაში ჰომოფობიური პრაქტიკისა და კულტურის პრობლემა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს.

 

ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ

კერძო პირების მხრიდან “თანასწორობის მოძრაობის” აქტივისტების ცემისა და მათ მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მსხვერპლებისათვის დაზარალებულის სტატუსის დროული მინიჭება, დანაშაულებრივი ქმედების სათანადო კვალიფიკაციის გამოყენება, ასევე, ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ნათლად ასახვა. ამასთან, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოახდინონ გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.

ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ დროული და ადეკვატური პრევენციული ზომების გამოყენება, რათა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობას” მიეცეს მისი საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა.

 

 

 

თანასწორობის მოძრაობა - Equality Movement

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  - EMC

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

მედიის განვითარების ფონდი - MDF

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA

კონსტიტუციის 42-ე მუხლი - Article 42 of the Constitution

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

 


დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - WISG

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის - PHR

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები - GYG