კოალიცია ეხმაურება, 22 და 23 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ, უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან გასაუბრების პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტს. საბჭოს არამოსამართლე წევრების მითითებით, საპროტესტო ქმედება განპირობებული იყო მათ მიმართ გენდერული დისკრიმინაციით. მათი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, გასაუბრების პროცესის სამუშაო საათების მიღმა მნიშვნელოვანი გადაცილების გზით ხდებოდა მათი მშობლის მოვალეობის უგულებელყოფა. როგორც საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მას ჰყავს 9 თვის შვილი, რომლისთვისაც აუცილებელია დედასთან ურთიერთობა და დედის ყურადღება, რასაც მნიშვნელოვნად უზღუდავს საბჭოს დანერგილი არასათანადო სამუშაო გრაფიკი. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ფაქტები არაერთია და როგორც ჩანს, საბჭო პროცესის იგივე ფორმით და ხანგრძლივობით გაგრძელებას აპირებს.

კოალიციის შეფასებით, ქალებისათვის იმგვარი სამუშაო პირობების განსაზღვრა, რომელიც გამორიცხავს მათი მხრიდან ბავშვებზე ზრუნვას და დედის მოვალეობების განხორციელებას, თავისი არსით, ირიბ დისკრიმინაციას წარმოადგენს. ამასთან, სამუშაო საათების მიღმა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გაგრძელება აზიანებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ხარისხსაც. ყოველგვარი ნორმირებული დროის უგულებელყოფით გასაუბრების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხავს კანდიდატების სრულფასოვან, ხარისხიან შეფასებას, აზიანებს როგორც კანდიდატის, ისე საბჭოს წევრების, საბჭოს აპარატის და პროცესზე დამკვირვებელი პირების ინტერესებს. საბჭოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება, ხარისხის ხარჯზე პროცესის დაჩქარების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი უზრუნველყოფს ქალებისა და კაცებისათვის არსებითი თანასწორობის გარანტიების შექმნას, რომელიც ფორმალური თანასწორობისგან განსხვავდება სწორედ იმით, რომ ითვალისწინებს ისტორიულად გამყარებულ უთანასწორობას ქალების მიმართ და ახდენს მათ კომპენსაციას სპეციალური ზომების მიღებით.

საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ განსაზღვრავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია არაპირდაპირი დისკრიმინაცია ანუ, ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც ადამიანების ჯგუფს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

ვინაიდან საქართველოში გენდერული სტატისტიკის შეგროვება ჯერ კიდევ ხარვეზებთან არის დაკავშირებული, არანორმირებული სამუშაო საათების დაწესებით ქალების მიმართ შექმნილი არახელსაყრელი პირობების დასაბუთებისათვის მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ ევროკომისიის უახლეს სტატისტიკას ამ მიმართულებით[1]. სტატისტიკა, რომელიც არაპირდაპირი დისკრიმინაციის მტკიცების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა მოწმობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად (65.3%) ჩამორჩება კაცების დასაქმების მაჩვენებელს (76.8%). ეს იმ ფონზე, როდესაც უმაღლესი განათლების მქონე ქალთა რაოდენობა, აღემატება უმაღლესი განათლების მქონე კაცების რაოდენობას მთელ რიგ ასაკობრივ ჯგუფებში. აღნიშნული მიუთითებს, რომ ქალების დასაქმების დაბალი მაჩვენებლის ახსნა ვერ მოხდება მათი მხრიდან კვალიფიკაციის ნაკლებობით. ევროსტატის სტატისტიკაზე დაყრდნობით ევროკომისია მიუთითებს, რომ ქალების დასაქმებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქალების მშობლის როლთან და ოჯახში ზრუნვის ვალდებულებებთან დაკავშირებული ფაქტორები. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 25-დან 49-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ქალების 50%-ზე მეტი იმიტომ რჩება დაუსაქმებელი, რომ მათ უწევთ პატარა ბავშვებზე ან უმწეო ოჯახის წევრებზე ზრუნვა. სწორედ არანორმირებული სამუშაო საათები და ბავშვების საჭიროებაზე მორგებული სამუშაო გრაფიკის უქონლობა აიძულებს ქალების უმრავლესობას უარი თქვას სამსახურზე და კარიერულ წინსვლაზე. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორების გავლენა ქალებზე არაპროპორციულად მძაფრია კაცებთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია, რომ არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დასაქმების სფეროში უმეტესად მიიღება გადაწყვეტილების მიმღები კაცების მიერ, რომელთაც ძირითადად არ გააჩნიათ ემპირიული გამოცდილება ბავშვებზე ზრუნვის არაპროპორციულად დიდი ტვირთისა, რაც დაკავშირებულია კულტურულად გამყარებულ გენდერულ როლებთან და სტერეოტიპებთან.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემაში ქალების ზრუნვის ვალდებულების გაუთვალისწინებლობის პრობლემა სიახლეს არ წარმოადგენს. იგი გამოვლინდა კოალიციის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაშიც, სადაც ყოფილი და მოქმედი ქალი მოსამართლეები მიუთითებდნენ, რომ სასამართლო სისტემაში დაწინაურება მათ ხშირად ოჯახური და მშობლის ვალდებულებების უგულებელყოფის ფასად უწევდათ[2]. აღნიშნული ღირებულებების და დამოკიდებულებების შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, მომავალშიც გამორიცხავს გენდერული თანასწორობის მიღწევას, რომელიც გენდერული ბალანსისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ცნებაა და გულისხმობს არამარტო ქალი მოსამართლეების არსებობას, არამედ მათთვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას დაწინაურებისთვის.

დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გასაუბრების პროცესს ათასობით ქალი ადევნებს თვალს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ სასამართლო სისტემა აღიარებს ქალების ისტორიულ უთანასწორობას ქვეყანაში. დასაქმების ადგილას ქალებისათვის არსებით თანასწორობის მიღწევა გულისხმობს ქალების, როგორც დედის და მშობლის საჭიროებების გათვალისწინებას. შესაბამისად, ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მოთხოვნა სამუშაო დროის ზრუნვის ვალდებულებებთან შეთავსების შესახებ იმისათვის, რომ მათ მომავალში სასამართლოს საკუთარი უფლებების და თანასწორობის დასაცავად მიმართონ. აღნიშნული ცვლილება, რეალურად წარმოადგენს არა მხოლოდ საბჭოს ორი არამოსამართლე ქალი წევრის საჭიროებას, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა იმ წევრის თანასწორობის უფლების დაცვას, რომელთაც ჰყავთ ბავშვები ან აქვთ მზრუნველობის ვალდებულებები ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, როგორც ითქვა, ყოველგვარი გონივრული დროის გადაცილებით გასაუბრებების გაგრძელება აზიანებს თავად კანდიდატების შერჩევის პროცესს და ლახავს თავად კანდიდატების, საბჭოში დასაქმებული პირებისა და მონიტორების ინტერესებს.

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაითვალისწინოს საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებითი თანასწორობა ქალებისათვის სასამართლო სისტემაში ადეკვატური და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნით. მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გასაუბრებები წარმართოს სამუშაო საათებში და უარი თქვას არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე.

 


[1] European Commission, European Semester Thematic Factsheet,Women in Labour Market, 2017. ხელმისაწვდომია (22.07.2019).

[2] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის, სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები, 2016.გვ.29-37. ხელმისაწვდომია (22.07.2019). http://ewmi-prolog.org/images/files/8047%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90.pdf

  •  

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს
ეუთოს წარმომადგენელს მედია თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს;
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითებში, ეიმონ გილმორს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს ჯოან ბერს;
ამნესტი ინტერნეიშენალის გენერალ მდივანს, კუმი ნაიდუს;
ჰიუმან რაითს ვოჩის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგიას
ფრიდომ ჰაუსის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორს, მარკ ბერენტს;  
ევროპის ჟურნალისტების ასოციაციის  პრეზიდენტს, ოტმარ ლაჰოდინსკის;  
პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ლუზ კინკელს
მეცხრამეტე მუხლის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სარა კლარკს;
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ქეთრინ ქეროლს;
ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის ხელმძღვანელს, რიკარდო გუტიერეზს;
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, მარკუს სპაილმენს;  
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს, ენტონი ბილანჯერს 

მოგმართავთ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აღსრულდა საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რუსთავი 2“-ის მფლობელი შეიცვალა. ასევე, მაუწყებლის ახალმა მფლობელმა დანიშნა  ტელევიზიის ახალი დირექტორი. ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც პრაქტიკაში ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს საქართველოში არსებული მედიაგარემო და შეზღუდოს მედიაპლურალიზმი. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო განცხადება გაავრცელა

ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია რუსთავი 2“ გამოირჩევა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ, თავიანთ უკმაყოფილებას რუსთავი 2”-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით

მიუხედავად ახალი მფლობელის განცხადებისა, რომ იგი არ აპირებს მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, კვლავაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რომ ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია. ამ ეჭვებს ამყარებს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება:

გასულ კვირას რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მფლობელს სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელიც  სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლებით, მედიასფეროს ექსპერტებით და მფლობელის მიერ წარდგენილი პირებით დაკომპლექტდებოდა. აღნიშნული საბჭოს მთავარი მიზანი ახალ რეალობაში ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევებისგან დაცვა იყო. ჟურნალისტების აღნიშნული  ინიციატივა  ახალმა მფლობელმა არ გაიზიარა და სანაცვლოდ არც ინსტიტუციური დაცვის რაიმე ალტერნატიული მექანიზმი  შესთავაზა მათ.  აღსანიშნავია ასევე, რომ ახალი მენეჯმენტის განცხადებით, არხზე მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდათ. ზუსტად ამის გამო, შესაძლოა წარმოიშვას საფრთხე, რომ მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ეს ფაქტი გამოიყენოს ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საბაბად, არხიდან გაუშვას არასასურველი ჟურნალისტები და ამ გზით შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ცნობისათვის, სასამართლო დავის პერიოდში, კომპანიას ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა, მათ შორის ყადაღის გამო, თუმცა ტელევიზიის მენეჯმენტი მაინც ახერხებდა არხის მაუწყებლობის შენარჩუნებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი  „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანოთ ეს საქმე. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. მედიის განვითარების ფონდი
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  5. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  6. საზოგადოება და ბანკები
  7. ლიბერალური აკადემია თბილისი 
  8. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  9. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  10. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  11. საფარი
  12. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  13. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 
  14. ღია საზოგადოების ფონდი
  15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  16. ცენტრი ემპათია
  17. კონსტიტუციის 42- მუხლი
  18. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  19. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

 

17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები გამართავენ სპეციალური ანგარიშის - „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ - პრეზენტაციას.
ანგარიში ასახავს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე, განსახლების ადგილზე მათ ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებს. ანგარიშში, ასევე, საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით 2016 წლის იანვარში დაწყებულ გამოძიებაზე, მის მიმდინარეობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე. ანგარიშში ამავდროულად წარმოდგენილია რეკომენდაციები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი ორგანოებისთვის.
ანგარიშზე მუშაობისას საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 36 დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 2400 დევნილი ოჯახი.
ანგარიში მიზნად ისახავს, საზოგადოების ინფორმიერბას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციაზე დაწყებულ გამოძიებასა და დაზარალებულთა მდგომარეობაზე 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ.
ანგარიში მომზადდა ღია საზოგადოება ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს სიტუაციის გამოძიებაში“ - ფარგლებში.

2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო. ამ პროცედურის მიმდინარეობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც კანდიდატთა შერჩევის პროცესს ჩრდილს აყენებს და ხელს უშლის მის გამჭვირვალედ და ლეგიტიმურად წარმართვას, კერძოდ:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინტერესთა კონფლიქტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი საბჭოს წევრებს ავალდებულებს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადონ ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღონ მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში არის ზურაბ აზნაურაშვილი, რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს (მაზლი) იუსტიციის საბჭოს წევრთან, თამარ ონიანთან. ერთ-ერთი კანდიდატია ასევე მოქმედი მოსამართლე ლევან თევზაძეც, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. მიუხედავად ცალსახა ინტერესთა კონფლიქტისა, მათ წინასწარ არ განაცხადეს ამის შესახებ, არ ჩამოსცილდნენ აღნიშნულ პროცესს და მონაწილეობა მიიღეს პირველ ფარულ კენჭისყრაში, რომლის შედეგადაც შედგა კანდიდატთა პირველი გადარჩევა და 137 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე გადავიდა 50 კანდიდატი. სიაში მოხვდა ორივე ზემოთ დასახელებული კანდიდატი.

საბჭოს არაუფლებამოსილი წევრის მიერ შერჩევის პროცედურებში მონაწილეობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობას იღებს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ზაზა ხარებავა. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევისას, მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის არსებითი დარღვევას და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის აშკარა წინაპირობას წარმოადგენს. კოალიციამ ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2019 წლის 14 მაისს მიმართა, თუმცა საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად საქართველოს პარლამენტს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია იუსტიციის საბჭოს მდივანიც. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე არ თავმჯდომარეობს ამ პროცედურის ფარგლებში საბჭოს სხდომებს, იგი კვლავ რჩება იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე და შესაბამისად, ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს აპარატს. საყურადღებოა, რომ სწორედ ეს უკანასკნელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძეს კვლავ რჩება ბერკეტი, ზეგავლენა მოახდინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურაზე.

პირველ ფარულ კენჭისყრაზე საბჭოს წევრების მიერ ხმების გადანაწილება

2019 წლის 20 ივნისს საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით პირველი ფარული კენჭისყრა ჩაატარა. აღნიშნული კენჭისყრისას ფაქტობრივად დადასტურდა ის ვარაუდი, რომელიც კოალიციას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ზემოაღნიშნული ცვლილებების საკომიტეტო განხილვაზე ჰქონდა. კერძოდ, კენჭისყრის პროცესის დაკვირვებამ გამოავლინა კენჭისყრის ბიულეტენები, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემით და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. ცალსახაა, რომ თუ საბჭოს თითოეული წევრი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად და წინასწარი კომუნიკაციის (შეთანხმების) გარეშე მისცემდნენ ხმას სასურველ 20 კანდიდატს, კენჭისყრის ფარულობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა მათ მიერ შერჩეული კანდიდატების ასეთი ზუსტი დამთხვევა.

კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი

2019 წლის 31 მაისს კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე საბჭოში შესული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე იუსტიციის საბჭომ უარი განაცხადა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. თუმცა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი პირდაპირ ადგენს, რომ კანდიდატი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში თანხმობას აცხადებს მის შესახებ არსებული ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების „მოძიებაზე / გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისთვის გადაცემაზე / გასაჯაროებაზე“. მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასწორად განმარტავდა ორგანული კანონის ზემოთ აღნიშნულ ჩანაწერს. მისი განმარტებით, პირი მხოლოდ საქართველოს პარლამენტისთვის ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) გადაცემა/გასაჯაროებაზე აცხადებდა თანხმობას და არა ზოგადად გასაჯაროებაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საბჭომ მხოლოდ მას მერე მიიღო გადაწყვეტილება, რაც 2019 წლის 12 ივლისს საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელთა პრინციპული პოზიციები მოისმინა ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობის შესახებ.

იმ მოცემულობაში, როდესაც ხდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა, თავად უზენაესი სასამართლოს როლის და მნიშვნელობის, ასევე განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობისას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შერჩევის პროცესი მიმდინარეობდეს ღია და გამჭვირვალედ და არ ტოვებდეს ისეთ კითხვებს, რაც მომავალში ჩრდილს მიაყენებს თავად შერჩეული კანდიდატების ლეგიტიმაციას.

კოალიცია მოუწოდებს:

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე უზრუნველყოს პროცესის სრული გამჭვირვალობა, კანდიდატებთან გასაუბრებას დაეთმოს გონივრული დრო და საბჭოს წევრებმა დასვან ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მიიღონ სათანადო ინფორმაცია კანდიდატის წარსულის, მისი პროფესიული გამოცდილების, ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს: ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, უარი თქვას საბჭოს მდივნის მოვალეობების შესრულებაზე ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდიდატობაზე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თამარ ონიანს და ირაკლი შენგელიას: არ მიიღონ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებში;
  • საქართველოს პარლამენტს: დროულად განიხილოს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავასთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

კონსტიტუციის 42- მუხლმა” 2019 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზს სამ თემატურ საკითხზე. ყველა მათგანთან დაკავშირებით რეფორმების გატარება საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომელთა აღსრულებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს.

ანგარიშში განხილული პირველი საკითხი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ სამართალწარმოებას შეეხება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი ათამდე ყოფილი მოსამართლის საჩივრიდან გამომდინარეობს.[1]ანგარიშის ამ ნაწილში მიმოხილულია, თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან მომჩივანი მოსამართლეები მათი უფლებების აღდგენის კუთხით; ასევე, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მექანიზმის ხარვეზები, რომელთა გადახედვა მომავალში, ახალი დარღვევების პრევენციის მიზნითაა აუცილებელი.

მეორე საკითხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს შეეხება. ევროპული სასამართლო ამ თემას 2009 წლის 15 ივნისის მშიდობიანი აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად

გასაჩივრებულ       საქმეებში       შეეხო.[2]          ანგარიშის ეს ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ რამდენიმე ხარვეზს მიმოიხილავს, რომლებიც, ყველა მსგავს საქმეში, სამართლიანის სასამართლოს მოთხოვნების დარღვევას იწვევს; კერძოდ, მტკიცების ტვირთის განაწილება, ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობა და პოლიციის ჩვენებების უტყუარობის პრეზუმპცია.

მესამე საკითხი დანაშაულის პროვოცირების პრევენციას შეეხება; კერძოდ, ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებთან მიმართებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოკვეთა გადაწყვეტილებაში ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N31536/07), 28/06/2018). ანგარიშის ამ ნაწილში მიმოხილულია ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზები, რომელსაც შესაძლოა კვლავს მოჰყვეს კონვენციით დაცული უფლებების დარღვევა; ასევე, მიმოხილულია ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და სხვა ქვეყნების გამოცდილება, დანაშაულის პროვოკაციის პრევენციის და ასეთ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნებისათვის.

2016 წელს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებებით, პარლამენტი ყოველწლიურად ისმენს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ასევე, ითვალისწინებს დაინტერესებული პირების უფლებას, წარადგინონ მოსაზრებები და შეფასებები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში კონსტიტუციის 42- მუხლის წარმომადგენლებმა, ალტერნატიული ანგარიშის წერილობითი სახით წარდგენასთან ერთად, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის 10 და 18 ივნისის სხდომებზე ზეპირი მოხსენებაც გააკეთეს.

სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი აღიარებულია არა მარტო ეროვნულ, არამედ რეგიონულ და საერთშორისო დონეზე. ევროპის საბჭოს სისტემაში სამოქალაქო საზოგადოების ეს უფლებამოსილება ფორმალიზებული გახდა შესაბამის წესებში ცვლილების შეტანით.[3]

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის ახალი ფუნქცია, ზედამხედველობა გაუწიოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ეროვნულ დონეზე, არ იყოს ფორმალური და დაინტერესებული პირებისა და ჯგუფების ჩართულობით ქმედით მექანიზმად იქცეს.

კონსტიტუციის 42- მუხლის მიერ პარლამენტში წარდგენილი ალტერნატიული ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამა

კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების (საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით) აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით - ფარგლებში მომზადდა.

 

 



[1] იხ. „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N45729/05, 28/03/2017; „გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N13723/06, 12/10/2017; „ილიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N22715/07, 09/10/2018; „ლალიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N8710/07, 27/11/2018; „ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N7607/07, 27/11/2018 და ალასანია და ბარდაველიძე საქართველოს წინააღმდეგ”, საქმე N12611/08 და N25500/08, 09/10/2018

[2] იხ. „შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N22318/10), 30/06/2015; „გიორგი ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N312/10, 15/09/2015 და მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N4731/10, 13/10/2015.

[3] იხ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებებისა და მეგობრული შეთანხმების აღსრულების საზედამხედველო წესები, წესი 9.2.; ხელმისაწვდომია ბმულზე https://rm.coe.int/16806eebf0 ბოლო წვდომა 30/05/2019.

 

2019 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, მამუკა მდინარაძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილისა და გოგა გულორდავას მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება კიდევ ერთხელ, მეოთხედ, გადაიდო - ამჯერად, 2019 წლის 1 ნოემბრამდე. როგორც კანონის მიღებამდე განვითარებული პროცესების, სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოსალოდნელი იყო, გადავადების მიზეზია იმ ფინანსური სახსრების არარსებობა, რომელიც, თითქმის 1 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ არ გახადა ხელმისაწვდომი სამსახურის ლოჯისტიკური და კადრებით უზრუნველყოფისათვის.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი, 2018 წლის 21 ივლისიდან („სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან) დღემდე, მუდმივად და თანმიმდევრულად უსაბუთებენ და ახსენებენ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დროულად და ეფექტიანად ამოქმედების მნიშვნელობას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად და ეფექტიანად ამოქმედების უპირობო აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ გახდა ნათელი 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებისას (დაკავებული იყო 305 ადამიანი) და დაკავების შემდგომ სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების ფონზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - იმ მუხლით, რომელზეც, ფინანსური სახსრების გამოყოფისა და დროულად ამოქმედების პირობებში, გავრცელდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება.

სწორედ, საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და სამართალდამცავთა დაუსჯელობის გამო, ითხოვს არასამთავრობო სექტორი, წლების განმავლობაში მექანიზმის შექმნას. მხოლოდ ჩვენი შიდა სტატისტიკით, 2017-2019 წლებში 50-ზე მეტი არასათანადო შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისი მოთხოვნა გაიგზავნა პროკურატურაში. თუმცა, ამ დრომდე, არც ერთი პირის მიმართ არ დამდგარა განაჩენი.

კოალიცია საგანგაშოდ აფასებს, საქართველოს მთავრობის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გახდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედების მეოთხედ გადავადების საფუძველი.

ამასთანავე, დროულად ამოქმედების მოთხოვნასთან ერთად, საზოგადოებას, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვახსენებთ იმ ხარვეზებს, რომელიც არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოდელში:

  • სამსახურის მანდატი - მოქმედი კანონი ინსპექტორის მანდატიდან სრულად გამორიცხავს გამოძიების კომპეტენციას ისეთ დანაშაულებზე, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ. 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადყო, რამდენად დაუსაბუთებელი და ალოგიკურია იმ პირების მანდატიდან გამორიცხვა, რომელთა ხელში ყველაზე მეტი ძალაუფლება არის კონცენტრირებული და შესაბამისად, მაღალია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოძიებაზე ზემოქმედების რისკები.
  • სამსახურის კომპეტენცია - მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი დევნა კვლავ პროკურატურის უფლებამოსილებაა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოპერაციულ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ასუსტებს. აუცილებელია, რომ სამსახური, სულ მცირე, საპროკურორო ზედამხედველობის გარეშე წარმართავდეს გამოძიებას.
  • დანაშაულთა წრე, რომელსაც იძიებს სამსახური - აუცილებელია გაფართოვდეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ დანაშაულთა წრე და ამოღებულ იქნეს კანონპროქტიდან ის სპეციალური დათქმები, რომელთა გარეშეც საქმე ვერ მოექცევა ახალი უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქმის არასწორად კვალიფიკაციის ეჭვი, უპირატესი იურისდიქცია ავტომატურად ჰქონდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმიანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიაზე მიმდინარე კონკურსს და მიაჩნია, რომ კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატურებზე იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის შემდგარი ფარული გარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელი პროცესის ლეგიტიმურობას.

საბჭოს შემადგენლობა

კონკურსის საწყის ეტაპზე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიუთითებდა იმ გარემოებების შესახებ, რაც საბჭოს რამდენიმე წევრის პროცესისთვის ჩამოცილების კანონიერ საფუძველს ქმნიდა, მათ შორის, ინტერესთა შეუთავსებლობის და არაუფლებამოსილი წევრის მონაწილეობის გამო, თუმცა, აღნიშნულ მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.

კონკურსში მონაწილე კანდიდატები

პროცესის დასაწყისშივე, არასამთავრობო სექტორის მოწოდების მიუხედავად, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა არაერთმა კვალიფიციურმა და მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტმა, რაც ზოგადად პროცესის მიმართ უნდობლობით იყო განპირობებული. თუმცა, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მოქმედმა მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, იმ დროს, როდესაც პროკურატურას ჯერ არ დაუსრულებია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ან მის ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება (მათ შორის, 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტების გაჟონვის საქმე, ასევე, 2016 წლის ზაფხულში გიორგი მიქაუტაძის მიერ მოზარდის შესაძლო ცემის ფაქტი). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, თუკი იგი კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ არა მოქმედი მთავარი პროკურორის რანგში. აღნიშნული, შესაძლოა პირდაპირ არ არღვევს კანონს, თუმცა, არასასურველი გავლენებისა და ზემოქმედების აშკარა რისკებს ქმნის.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა მდივანმაც გიორგი მიქაუტაძემ. ამ სტატუსით მისი კონკურსში მონაწილეობის დაუშვებლობაზე საუბრობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი. საბჭოს თავმჯდომარის რანგში უფლებამოსილების განხორციელება, როცა იგივე პირი მოსამართლეობის კანდიდატია ინტერესთა კონფლიქტად იყო შეფასებული კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიერაც. თუმცა, ამ მოთხოვნებსაც შედეგი არ მოყოლია.

კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დახურვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არაერთ ორგანიზაციას უთხრა უარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე  კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2019 წლის პირველ მაისს შესული ცვლილებების თანახმად, ეს ინფორმაცია (გარდა კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა) საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. უფრო მეტიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44- მუხლის თანახმად, თანამდებობის პირის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და არ შეიძლება მისი დახურვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოქმედებდა.

კონკურსის პირველი ტური

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროვებული კონკურსის პირველი ტურის შედეგები  ცხადყოფს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მინიმუმ 9 კაციანმა ჯგუფმა იმოქმედა ერთმანეთთან შეთანხმებული სქემით, რათა კონკურსის მეორე ეტაპზე გადაეყვანათ კონკრეტული კანდიდატები. მათ შორის, 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილ 10 კაციან სიაში შესული ყველა კანდიდატი, გარდა სამისა, რომლებმაც თავისი ნებით უარი თქვეს კონკურსში მონაწილეობაზე. 

აღნიშნული სქემა შემდეგნაირად განხორციელდა:

პირველმა (4 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა 20 ერთი და იგივე კანდიდატი.

მეორე (3 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა 20 ერთი და იგივე (მაგრამ პირველი ჯგუფისგან სრულად განსხვავებული) კანდიდატი.

მესამე (2 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა ასევე  20 ერთი და იგივე კანდიდატი (რომელთაგან 15 არის მეორე ჯგუფის მიერ შემოხაზული კანდიდატი და ასევე 5 სხვა კანდიდატი).

კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოსაზრებით, იმის ალბათობა, რომ ასეთი შედეგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინასწარი შეთანხმების გარეშე დამდგარიყო, პრაქტიკულად ნულის ტოლია.[1] აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში ადგილი აქვს მმართველობით კრიზისს, რომლის შეფასებისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე სასამართლო სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოუწოდებს:

1.     საქართველოს პარლამენტს

-        ინიცირება გაუკეთოს და განიხილოს სასამართლოში კლანური მმართველობის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც პარლამენტში შეტანილი იქნა 2019 წლის 4 ივნისს.

-        უმოკლეს ვადებში განიხილოს და გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზაზა ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

-        იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წარმომადგენელთა მონაწილეობა.

2.    საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

-        დროულად განიხილოს და გადაწყვიტოს კონკურსის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ონიანის აცილების საკითხი.

-        უზრუნველყოს კანდიდატთა მონაცემების საჯაროობა.

 


[1] უფრო სიზუსტით, ასეთი შედეგების დადგომის წმინდა მათემატიკური ალბათობა შემდეგნაირად გამოიყურება:   2 ერთნაირად შევსებული ბიულეტენის არსებობის წმინდა მათემატიკური ალბათობა უდრის 1/(5*1023)-ს, სამი ერთნაირი ბიულეტენის ალბათობა 1/(2*1047) ხოლო ოთხი ერთნაირი ბიულეტენის არსების ალბათობა 1/(1*1071) -ის ტოლია. მაგალითისათვის, მილიარდში ერთი შანსი მათემატიკურად ასე გამოისახება 1/(1*109).

 

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესად აღშფოთებული ვართ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებით. სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

20 ივნისის დილიდან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის სიმბოლურ აქტს. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლისთვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნის დათმობით გამოწვეულმა პროტესტმა დღის განმავლობაში მზარდი ხასიათი მიიღო და დღის ბოლოს პარლამენტთან მრავალრიცხოვან აქციაში გადაიზარდა.

სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა კეთილგონიერება და ვერ შეძლო წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ადეკვატური რეაგირება, რამაც უკიდურესად გაამძაფრა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტი.

აქციის მიმდინარეობისას, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან პარლამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაკავების რიტორიკამ სიტუაციის დამატებითი ესკალაცია გამოიწვია. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტში ძალით შესვლის მცდელობამ და პოლიციასთან ძალისმიერმა დაპირისპირებამ სამართალდამცავებს მანიფესტაციის უფლებაში მართლზომიერი ჩარევის საფუძველი გაუჩინა. თუმცა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყების და მიმდინარეობისას სამართალდამცავების მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.

საქართველოს კანონმდებლობის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის გასაგები ფორმით არ გაკეთებულა გაფრთხილება აქციის შეწყვეტის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენების შესახებ. ამასთან, არსებითად პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები, ისევე როგორც მათი ინტენსივობა, ფორმა და მიზანი. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რიგ შემთხვევაში რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა სახის და თავის არეში დამიზნებით, მცირე დისტანციიდან, რაც ტოვებდა განცდას, რომ მსგავსი ქმედების მიზანი დემონსტრატების დასახიჩრება და არა აქციის დაშლა იყო.

როგორც ცნობილია, დაზარალებულებს შორის მედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ასევე საუბრობს ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირში მისი დაკავებისა და ძალის გამოყენების შესახებ. არსებითია, რომ ჟურნალისტებთან მიმართებით პოლიციის ქმედებები დროული და დეტალური შესწავლის საგანი გახდეს.

20 ივნისს პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სახეზე იყოს აქციის მონაწილეთა თვითნებური და უსაფუძვლო დაკავება. საგანგაშოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა ნაწილის მიმართ დაკავებამდე და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე. როგორც ცნობილია, დაკავებულთა საქმეების განხილვა სასამართლოში უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მიეცეთ დაცვის უფლების და ადვოკატებთან კომუნიკაციის საშუალება. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ინდივივიდუალურობის პრინციპის მკაცრი დაცვით მათი საქმეების განხილვა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს დაკავებულთა შესაძლო დაზიანებების შემთხვევებზე.

შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, პოლიტიკური ხელისუფლება კვლავ დუმს, ხოლო მოქალაქეთა ჯგუფი დღეს საღამოს კვლავ საქართველოს პარლამენტთან შეკრებას აანონსებს. ამ პირობებში, გადამწყვეტია, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გააცნობიეროს პროცესების მშვიდობიან ფორმატში წარმართვის აუცილებლობა, არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი ესკალაცია და საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა განვითარებული მძიმე პროცესების გამო და გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

·        პოლიტიკური კრიზისების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა;

·        სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და საპოლიციო ოპერაციით გამოწვეული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობა ასევე დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა;

·        უახლოეს საათებში ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და დაიწყოს რეალური დიალოგი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. მათ შორის, ხელისუფლებამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;

·        მოვუწოდებთ პოლიციას დღეს დაანონსებულ აქციაზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არაპროპორციული გამოყენება;

 

·        მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;


ამასთან, მივმართავთ პოლიტიკურ ოპოზიციას გაიაზროს, მისი როლი და პასუხისმგებლობა პროცესების შესაძლო განვითარებაში, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებისგან და არ დაუშვან ვითარების შემდგომი ესკალაცია.

  1. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  6. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  7. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  8.  საერთაშორისო სამართლიანობა
  9.  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
  10.  დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  11.  საზოგადოება და ბანკები
  12.  ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)
  13.  მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  14. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  15. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  16. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  18. მწვანე ალტერნატივა
  19. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  20. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
  21. ქალები რეგიონის განვითარებისთვის
  22. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  23. მეგობრობის ხიდი "ქართლოსი"
  24. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  25. ნაბიჯი ხარაგაული
  26. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი
  27. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) 
  28. განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი
  29. გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია დეა
  30. სათემო კავშირი ,,ჰერეთი"
  31. დემოსი
  32. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
  33. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  34. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  35. უკეთესი მომავლისთვის
  36. დემოკრატიის ინსტიტუტი
  37. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  38. საუნჯე
  39. ცენტი "ემპათია"

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მზად არის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ ნებისმიერ პირს აღმოუჩინოს უფასო სამართლებრივი დახმარება საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში;

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს ტელეფონებზე: 2 99 88 56 ან 599 899 627

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმიანება 20 ივნისს აქციის მონაწილეების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის ფაქტს და მიაჩნია, რომ ხელისუფლების მოქმედება გაცდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს და არათანაზომადი საპასუხო მოქმედებიდან რეპრესიაში გადაიზარდა.

გუშინ, პარლამენტთნ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის წინ იმ რუსი პოლიტიკოსის საზეიმო მიღების ფაქტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, რომელმაც მხარი დაუჭირა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას. 

იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ ვერ მოახერხა მოსახლეობის უკამყოფილების სიმწვავის სწორად შეფასება და კრიტიკული სიტუაციის დეესკალაცია, მანიფესტაციამ ძალადობრივი სახე მიიღო, რასაც პოლიციასა და აქციის წევრებს შორის დაპირისპირება მოყვა. დემონსტრანტები სპეცრაზმმა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის ძირითადი ნაწილის დაშლის შემდეგ, სამართალდამცველები კვლავ განაგრძობდნენ დემონსტრანტების მისამართით რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მონაცემებით, თბილისში აქციის დაშლის დროს 240-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი, რამდენიმე ადამიანიმა დაკარგა თვალი და მძიმე ოპერაცია გადაიტანა. 

დაშავებულ მოქალაქეთა რაოდენობის და სხეულებრივი დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, შეკრების მონაწილეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყნებეული ძალა იყო კრიტიკულად არასათანადო, არათანაზომიერი და რეპრესიული. აქციის ცალკეული მონაწილეების შესაძლო უკანონო მოქმედებების აღკვეთა ვერ გაამართლებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილ სისასტიკეს და დანაშაულს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ბრძანების გამცემი პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქციის ძალადობრივი დაშლის შედეგად დაზარალდა ან უკანონოდ იქნა დაკავებული.