კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები პროფესიონალი ადვოკატები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.

ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;

** გუნდური მუშაობის კომპეტენცია;

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);

** მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;

** საპროექტო წინადადდებების მომზადების გამოცდილება;

** საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

** არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია რუსული ან სხვა უცხო ენების ცოდნა);

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;

** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;

** კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი.



განაცხადის მიღების ბოლო ვადა 08.02.2018წ.

კონკურსის 1-ლ ეტაპზე, მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება მითითებულ მოთხოვნებთან.

კონკურსის მე-2 ეტაპი, კანდიდატებთან გასაუბრება.

აღმასრულებელი დირექტორის უფლება-მოვალეობები:

** გამგეობასთან შეთანხმებით, მოქმედებს ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

** ინიშნება გამგეობის მიერ 2 (ორი) წლის ვადით.;

** გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს პროგრამებს და პროექტებს;

** პასუხისმგებელია ფანდრაიზინგის პროცესის ორგანიზებაზე;

** ხელს აწერს ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტებს;

** განკარგავს და ანგარიშვალდებულია ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყენებაზე;

** წარმართავს ორგანიზაციის აპარატის მუშაობას;

** დებს ხელშეკრულებებს ორგანიზაციის სახელით;

** აცხადებს და ატარებს კონკურსს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე, გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად;

** ზედამხედველობს ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ეთიკის წესების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღების მიზნით მიმართავს გამგეობას.

** ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV);

** სამოტივაციო წერილი;

** ორგანიზაციაში საქმიანობის 6 თვიანი სამუშაო გეგმა;

** ორი სარეკომენდაციო წერილი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. 

02.02.2018.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მეილი: office@article42.ge

ნომერი: (+995 32) 2 99 88 56

მის: ქ. თბილისი, გახოკიძის 11ა

1 თებერვალს, კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხადრი სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ. დაზარალებულებმა ორგანიზაციის იურისტებს ის პრობლემები გააცნეს, რაც ამ დროისთვის მათ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებოებს.

"კორპუსი რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა იყო ავარიული და ეკუთვნოდა მესამე კატეგორიას. სპეცოპერაციის შემდეგ ქვედა სართულზე ყველა საყრდენი კედელი დაზიანდა, შედეგად კორპუსში გაჩნდა ბზარები, დაიწყო გარეთა ფასადის ჩამოშლა და ეს პროეცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ სპეცოპერაციის შემდეგ ვიყავით სატუმროში გადაყვანილი და იქ ვცხოვრობდით 3 კვირის მანძილზე. შემდეგ დაგვაბრუნეს სახლებში, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, კორპუსის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ჩვენ ვითხოვდით გადმოგვეცეს დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ  კორპუსი საცხოვრებლად არის უსაფრთხო"-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს.

სპეცოპერაციის დროს დაზარალებულებმა შეძლეს მოეპოვებინათ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის დასკვნა. დასკვნაში  არის მითითებული, რომ უნდა მოხდეს კორპუსის გეოლოგიური კვლევა, მათ შორის კორპუსის საძირკვლის გამოკვლევა, ასევე  გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების პროექტების შედგენა.

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ არ მომხდარა აღნიშნული რეკომენდაციების გაზიარება და დღემდე არ განხორციელებულა კორპუსის  დეტალურად გამოკვლევა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კორპუსში მოსახლეობა 17 დეკემბერს ისნის რაიონის გამგეობამ მაინც შეასახლა. 

''სად და რა პირობებში ვცხოვრობ და რა ელის ამ შენობას პასუხის არც ადგილობრივ თვითმმართველობაში გვცემენ და არც თბილისის მერიაში."- დასძინა დაზარალებულმა.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მოუწოდებს თბილისის მერიას და ისნის რაიონის გამგეობას შეასრულოს თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის რეკომენდაციები და მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის წინაშე არ დააყენოს.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტები საჯარო უწყებებიდან გამოითხოვენ ყველ საჭირო მასალას და შემდგომ აუცილებლობის შემთხვეაში დაზარალებულთა უფლებების დასაცავად მიმართავენ სასამართლოს.

შეგახსენებთ რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემნერს ჩატარდა და 22 საათი გრძელდებოდა.

2018 წლის 12 იანვარს ბელაქნის (აზერბაიჯანი) რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და მას სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აფგან მუხთარლის უდანაშაულობის დადასტურება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან უკვე რვა თვეა გასული საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების დეტალები და შედეგი. სერიოზული კითხვები ჩნდება გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ1. ის რომ არ მომხდარა დეტალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით, არ გასაჯაროვებულა ამოღებული ვიდეო-მასალა, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ. დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობის საკითხი.

მომხდარის არაეფექტური გამოძიება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მიერ. მეტიც, როგორც ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, „ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება“.

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსისმიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველი მოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი, ავტორიტარული რეჟიმის საზღვრებს მიღმა წვდომა "დემოკრატიისთვის ყველაზე საგანგაშო საფრთხედ" არის მოხსენიებული: „დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად ლაპარაკობდნენ, შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ეს აჩენს შეშფოთების საფუძველს, რომ გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“ - ნათქვამია ანგარიშში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანში, ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული. მუხთარლის ჩვენების

1 http://netgazeti.ge/news/208583/

მიხედვით, ის ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა და ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს, რაც საქართველოში ამ საქმის ეფექტურ გამოძიებას საერთაშორისო დატვირთვას ანიჭებს. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალი წაეყენა საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის და მესაზღვრეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღემდე არ დაკმაყოფილებულათბილისის ადამიანის უფლებათა სახლისდა მისი წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42- მუხლის“2 მოთხოვნა აფგან მუხთარლისათვის და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა.

 

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა, უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ.

ხელმომწერი ორგანიზაციები ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ:

აქართველოს მთავრობას:

-გაასაჯაროვოს საქართველოში 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან უხთარლის, ავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების

დეტალები: ათ შორის, აღალი აზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელდეს აქმეში ითითებული ავარაუდო გატაცების ადგილიდან, ასევე ასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ამ ოღებული ვიდეო-მასალა. დღემდე საზოგადოებისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- უხლის იხედვით იმდინარეობს, აც ავისუფლების უკანონოდ აღ კვეთას გულისხმობს;

საქართველოს პროკურატურას:

-უზრუნველყოს აფგან მუხთარლის საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება.

2 „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლიმის წევრ ორგანიზაციასთანკონსტიტუციის 42 -მუხლთან ერთად, აფგან მუხთარლის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს, სადაც 2017 წლის 19 ივლისს წარადგინა საჩივარი - აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ;

-უზრუნველყოს გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მთავარ პროკურორთან შეხვედრა;

-აწარმოოს გამოძიება ისხლის ამართლის კოდექსის 143- მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, აც გულისხმობს ავისუფლების უკანონოდ აღკვეთას დამამძიბელ გარემოებებში, ასევე 154- უხლით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა);

-იანიჭოს დაზარალებულის ტატუსი აფგან უხთარლის და ის მეუღლეს, ლეილა უსტაფაიევას;

1.თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)

2.ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

3.საფარი

4.კონსტიტუციის 42- მუხლი

5.მედიის ინსტიტუტი

6.საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

7.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

8.ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

9.საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)

10.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

11.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

(ISFED)

12.ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

13.ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

24 იანვარს, 58-ე საჯარო სკოლაში გამოფენის „იცოდე შენი უფლება“ ფარგლებში მეხუთე კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო ბავშვთა უფლებები. პროექტის "იცოდე შენი უფლება" გიდებმა საილუსტრაციო მასალის დახმარებით ბავშვებს გააცნეს მათი უფლებები. შეხვდერა 1 საათს გაგრძელდა და გამოირჩეოდა ბავშვთა აქტიური ჩართულობით.

პირველად გამოფენის იდეა უკრაინაში სამოქალაქო ორგანიზაციის „მარტის“ პროექტების ფარგლებშიმომზადებული საკონკურსო ილუსტრაციების ფონზე წარმოიშვა. გამოფენა შექმნა 2011-2012 წწ. პერიოში, ხოლო 2014 - დან ფართოდ იყო გამოყენებული უკრაინის მასშტაბით სკოლებში, უნივერსიტეტებში, ბიბლიოტეკებში, მინიციპალიტეტების შენობებში და სხვა.ექსპოზიცია მომზადებულია სამოქალაქო ორგანიზაციების უკრაინის ასოციაციის „უკრაინის ადამიანის უფლებების ჰელსინკის კავშირის“ მიერ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით, რომლის ფინანსური მხარდაჭერია ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოში აღნიშნული პროექტი ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ეტაპის შემადგენელი ინიციატივაა.

ინიციატორების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების და მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას. როგორც კოალიციისთვის არის ცნობილი, მოგვიანებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ცვლილებები მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიმართულებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კოალიცია მხარს უჭერს სისტემური რეფორმების გაგრძელებას სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ მეოთხე ტალღის ცვლილებები უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც სასამართლოში არაფორმალური და არაჯანსაღი მმართველობის, ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით არსებობს.

აქვე, კოალიცია უარყოფითად აფასებს “მეოთხე ტალღის” რეფორმაზე მუშაობის პროცესს, რომელიც იზოლირებულად, პროფესიული ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმებზე მუშაობის წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, ჩვენთვის გაუგებარია, რა გახდა ამ პროცესიდან იმ ორგანიზაციების გამოთიშვის მიზეზი, რომელსაც სასამართლოს და საბჭოს მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე რეფორმებსა და სასამართლო სტრატეგიაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. კოალიცია იმედოვნებს, რომ მეოთხე ტალღის სხვა კანონპროექტების მომზადება უფრო ღია და მონაწილეობით ფორმატში გაგრძელდება.

ქვემოთ წარმოგიდგენთ კოალიციის მოსაზრებებს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. კოალიცია მიესალმება რიგი ცვლილებების განხორციელებას, რაც შემოთავაზებულია კანონპროექტებით და რაც ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემის მოგვარებას. მათ შორისაა, ცვლილებები მიმართული საქმის სასამართლო განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გასაჩივრებისას საქმის მასალების ასლების გაგზავნა სააპელაციო სასამართლოში, ელექტრონული ხელმოწერის და დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის საკითხი; ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა ჩამონათვალის გაფართოება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული პროექტები შეიცავს რიგ ცვლილებებს, რომელიც შესაძლოა უარყოფითად აისახოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციაზე ან საზიანო იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მის მიმართ ნდობის თვალსაზრისით.

სასამართლო მოხელის (მაგისტრის) უფლებამოსილების გაფართოება

კოალიციას არ მიაჩნია მიზანშეწონილად სასამართლო მოხელეს მიენიჭოს მართლმსაჯულების განხორციელების უფლებამოსილება და აღნიშნული შემოღებულ იქნას როგორც სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი მექანიზმი.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო მოხელის უფლებამოსილება შემოიფარგლება უდავო წარმოების საკითხების განხილვით. შემოთავაზებული ცვლილებებით ფართოვდება მაგისტრის უფლებამოსილება და მისი განსახილველი იქნება განსაზღვრული კატეგორიის სასარჩელო წარმოების საქმეებიც.  კოალიციას სურს ყურადღება გაამახვილოს იმაზეც, რომ კანონპროექტით არ არის მოწესრიგებული მოხელის დანიშვნის წესი, მისი უფლებამოსილების ვადა და სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც კანონპროექტის ძირითადი პრინციპების საკითხს განეკუთვნება. მოხელის უფლებამოსილებების გაზრდა კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით გაუმართლებელია.

განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებას, სასამართლოს განტვირთვას და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

თუმცა, გაუგებარია რატომ არის აუცილებელი სასამართლო მოხელისთვის მოსამართლის უფლებამოსილებების მინიჭება და როგორ მოემსახურება აღნიშნული სასამართლოში საქმეთა სწრაფად განხილვის მიზანს. ნაცვლად მოსამართლისა, მართლმსაჯულების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სასამართლო მოხელისათვის, რომლის დამოუკიდებლობის გარანტიები არ არის მოსამართლის გარანტიების ტოლფასი, მიზანშეუწონელია. საქმეთა სწრაფი განხილვის მიზნით, ნაცვლად მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდისა, კანონპროექტი გვთავაზობს სასამართლო მოხელეების რაოდენობის გაზრდას და ამ ინსტიტუტის ახლებურად ჩამოყალიბებას, რაც სხვადასხვა დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებასაც მოითხოვს. განმარტებითი ბარათით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ენიჭება უპირატესობა საქმეთა გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო მოხელის უფლებამოსილების გაზრდას და ახალი მოხელეების დანიშვნას, მოსამართლეების რაოდენობის გაზრდასთან შედარებით. აღნიშნულის დასაბუთება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით შემოთავაზებულია მართლმსაჯულების განხორციელების სრულიად ახლებური, აქამდე არარსებული მექანიზმი, რომლის საჭიროება სათანადოდ უნდა ამართლებდეს მის შემოღებას.

ზოგადად, სასამართლოში საქმეთა განხილვის დაჩქარებისთვის არ არის განმსაზღვრელი, მოსამართლე განიხილავს საქმეს თუ მოხელე. ამიტომ, გაუგებარია, თუ რა დამატებითი სარგებელი მოაქვს სასამართლო მოხელის უფლებამოსილებების გაზრდას კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად.

კოალიციას მიაჩნია, რომ სასამართლოს მოხელისთვის მართლმსაჯულების განხორციელების ფუნქციის მინიჭება არ იქნება გამართლებული, ვინაიდან დავების განხილვის ამ მექანიზმის შემოღება ვერ იქნება მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალება, ამასთან, მისი შემოღება უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული ვიდრე მოსამართლეთა რაოდენობის მცირედით მაინც გაზრდა და ახალი მოსამართლეების დანიშვნა იქნებოდა. მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლო მოხელე არ სარგებლობს დამოუკიდებლობის ყველა იმ გარანტიით, რასაც კანონმდებლობა მოსამართლეს უწესებს.

კანონპროექტით მოხელეების მიერ განხილული დავების გასაჩივრება მოხდება იმავე სასამართლოში პირველი ინსტანციის წესით და შემდეგ სააპელაციო სასამართლოში. ამით, სასამართლოში დავების განხილვის არსებულ პროცესს ემატება კიდევ ერთი რგოლი, რამაც შესაძლოა უფრო გააჭიანუროს მათი განხილვა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გასაჩივრების დაბალი სტატისტიკის მოყვანა ვერ ასაბუთებს ახალი მექანიზმის შემოღების საჭიროებას.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებულია, რომ ამ კანონის ამოქმედებისთანავე სასამართლოების მოხელეები ითვლებიან მოვალეობის შემსრულებლებად ამავე კანონით დადგენილი წესით სასამართლოების შესაბამისი მოხელეების დანიშვნამდე. აღნიშნული დებულება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის თანახმადაც მართლმსაჯულებას ახორციელებს მოსამართლე, ხოლო მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილი წესით.

კოალიციის წარმომადგენლები, სასამართლოს დროებითი ღონისძიების სახით, სთავაზობენ მოსამართლის მივლინების მექანიზმის გამოყენებას, მოხელის უფლებამოსილების გაზრდის სანაცვლოდ. როგორც ცნობილია, გადატვირთულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ თბილისის საქალაქო სასამართლოში დგას. ამდენად, უფრო გონივრული იქნებოდა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენოს კანონით მსგავსი ვითარებისთვის შექმნილი მექანიზმი. ეს ასევე შექმნიდა შესაძლებლობას, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება გადაიდოს იქამდე, სანამ საკითხის სიღრმისეული ანალიზი და პრობლემის გადაჭრის გრძელვადიანი ხედვა მომზადდება.

სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაციის შემოღება

კოალიციას მიაჩნია, რომ ზოგადი ნორმის სახით სპეციალიზაციის მექანიზმის შემოღება სააპელაციო სასამართლოებში გაუმართლებელია და იგი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ბერკეტს შეიცავს.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.

მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ყოველთვის პრობლემური იყო სასამართლო სისტემაში. პრაქტიკაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს მოსამართლეთა ისეთ ვიწრო სპეციალიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ხშირად აზრს უკარგავს საქმის განაწილების ახალი სისტემის მუშაობას. აქვე უნდა ითქვას, რომ სპეციალიზაციების შექმნა საბჭოს პრეროგატივაა, თუმცა სპეციალიზაციებში მოსამართლეების განაწილება ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკებს ამ მიმართულებით.

ბოლო დროს გახმაურებულ საქმეთაგან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვისას სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ საავტორო დავებთან დაკავშირებით სასამართლოში მხოლოდ ერთი მოსამართლე იყო სპეციალიზირებული, რის გამოც რუსთავი 2-ის საქმის განაწილება მოხდა არა ანბანურად, შემთხვევითი პრინციპით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, არამედ პირდაპირ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს დაეწერა. შესაბამისად, მაშინ როცა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია პრობლემურია პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ანალოგიური მექანიზმის შემოღება სააპელაციო სასამართლოებშიც, ამასთან, ზოგადი ნორმის სახით, გაუმართლებელია.  გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლო დავების უმეტესი ნაწილისთვის საბოლოო ინსტანციის სასამართლოა. ამგვარი ცვლილებით კი  საკანონმდებლო ორგანო გადასცემს იუსტიციის საბჭოს და თავმჯდომარეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ბერკეტს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მოსამართლის მიერ ერთგვაროვანი კატეგორიის საქმეთა განხილვა დაკავშირებულია მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებასთან. ამასთან, უზრუნველყოფს სამართლის კონკრეტულ დარგში მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად მოქმედებს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე.“ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა არ არის საკმარისად დასაბუთებული. დავები, რომლებიც კანონპროექტების განმარტებითი ბარათების თანახმად, ჭარბობს სასამართლო სისტემაში, არ წარმოადგენს სამართლებრივად რთული კატეგორიის დავებს. მეტიც, უმეტესად საუბარია საბანკო და საფინანსო ორგანიზაციებთან დადებულ მცირე სასესხო გარიგებებზე, რომლებიც მარტივი კატეგორიის დავებს განეკუთვნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარია რატომ არის საჭირო მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, როცა ასეთი მარტივი კატეგორიის დავების განხილვა არ არის დაკავშირებული მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან მათ მიერ ამ დავების უფრო სწრაფად განხილვის მიზანთან. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ნებისმიერ მოსამართლეს შესწევს უნარი სწრაფად და კვალიფიციურად განიხილოს ამგვარი დავები. ამასთან, კანონპროექტებით არ დგას საკითხი არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა, რაც დაასაბუთებდა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის საჭიროებას.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს  #15(2012) „მოსამართლეთა სპეციალიზაციის შესახებ“ დასკვნაში, სპეციალიზაციის მიზნებს შორის არ არის მოხსენიებული სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება. ამასთან, დასკვნა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსამართლეთა სპეციალიზაციას აქვს როგორც დადებითი მხარეები, ისე ახასიათებს ბევრი ნაკლოვანება და შეიცავს საფრთხეებს, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. დასკვნის მე-7 პუნქტში აღნიშნულია, რომ სპეციალიზაცია იშვიათად არის მიზანმიმართული არჩევანი, ის უფრო ხშირად გამომდინარეობს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან ადაპტირების საჭიროებიდან. შესაბამისად, მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია არ არის ზოგადი წესი და მისი გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური საფუძველი.

ასევე, ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს ამავე დასკვნის 23-ე პუნქტში ხაზგასმულია, რომ როგორც საერთო, ასევე სპეციალიზებული სასამართლოების ყველა მოსამართლე უნდა იყოს სამოსამართლო ხელოვნების ექსპერტი, მოსამართლეებს გააჩნიათ სათანადო ცოდნა, რათა შეძლონ ფაქტებისა და კანონის გაანალიზება, შეფასება და გადაწყვეტილების გამოტანა სამართლის სხვადასხვა დარგის საქმეებზე. ამისთვის მათ უნდა ჰქონდეთ სამართლებრივი ინსტიტუტებისა და პრინციპების ფართო ცოდნა. დასკვნის 25-ე პუნქტის თანახმად, მოსამართლეებს უნდა შეეძლოთ ყველა დარგის საქმეების განხილვა. კანონის ზოგადი ცოდნა და მისი ძირითადი პრინციპები, საღი აზრი და ცხოვრებისეული რეალობის თაობაზე ცოდნა აძლევთ მათ საშუალებას გამოიყენონ კანონი ყველა დარგში, მათ შორის სპეციალიზაციის სფეროებში, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ექსპერტების დახმარებით.

კოალიციას მიაჩნია, რომ თუკი პარლამენტი სპეციალიზაციის საკითხში გეგმავს ცვლილებას, ეს ცვლილება პირველ რიგში უნდა შეეხოს თავმჯდომარის კომპეტენციის შემცირებას ამ ნაწილში.

სასამართლოში საქმის საჯარო განხილვა

კოალიციას მიაჩნია, რომ მხარეთა თანხმობა საქმეთა ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტისთვის უნდა შენარჩუნდეს.

პროექტით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლს ემატება 12-14 რაც ადგენს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როცა სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს სააპელაციო საჩივარი. კოდექსის 34-ე მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საქმე მხოლოდ მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის 5 იანვრის სხდომაზე პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მხარეთა თანხმობა ამოღებული ყოფილიყო პროექტიდან და საქმის ზეპირი განხილვის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდეს.

კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია შენარჩუნდეს მხარეთა თანხმობა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტისთვის. აქ გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება ზოგად წესს და ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ყველა საჩივარზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავაში ერთ-ერთი მხარე ყოველთვის სახელმწიფოა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი დავების სააპელაციო სასამართლოში ზეპირი განხილვა არაპროპორციულად არ შეიზღუდოს. ასევე, განმარტებით ბარათში მოყვანილია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისა. მხარეთა თანხმობის ამოღება და აღნიშნული საკითხის სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებად დატოვება განმარტებით ბარათში მოცემულ დასაბუთებასთან მოდის წინააღმდეგობაში.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის უფლებამოსილების შესრულება

კოალიციას მიაჩნია, სასამართლოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მოვალეობების შესრულების განსაზღვრის შემოთავაზებული წესი ზოგადია, არავითარ შეზღუდვას არ აწესებს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისთვის, რაც არის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკის კანონით განმტკიცება. პრობლემურია თავმჯდომარეების შერჩევის კრიტერიუმების და წესის არარსებობაც, რასაც კანონპროექტი არ ეხება.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტით ზუსტდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება და განისაზღვრება, რომ საბჭო უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნამდე დანიშნოს მისი მოვალეობის შემსრულებელი.

მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის დანიშვნის კრიტერიუმებსა და წესს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის პრაქტიკაში თავმჯდომარეების, ისევე როგორც მათი მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის საკითხი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება, არ არის დასაბუთებული და დროში შეზღუდული. ასეთ ვითარებაში მხოლოდ დამაზუსტებელი ცვლილების შეტანა კანონში არ არის საკმარისი და აუცილებელია კანონმდებელმა დაადგინოს სასამართლოების თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების დანიშვნასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დანიშვნის კრიტერიუმები და წესი, მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა განსაზღვრული პერიოდით, დანიშვნის დასაბუთება. სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების დანიშვნის ანალოგიურ პრობლემას წარმოადგენს მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრაქტიკით სასამართლოს თავმჯდომარეები წლების განმავლობაში ასრულებენ მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას, რის საჭიროებაც ასევე არ არის დასაბუთებული ან დროში შეზღუდული, რაც იძლევა თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების დანიშვნის საკითხით არასათანადო მანიპულირების საშუალებას.

სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტი წლებია მოსამართლეთა კონტროლის და საბჭოს ხელში სასამართლო სისტემაზე ზეგავლენის ბერკეტს წარმოადგენს. ამ ინსტიტუტის მიმართ უამრავი კრიტიკა გამოითქმის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. ძირითადად სწორედ სასამართლოს თავმჯდომარეები შეადგენენ მოსამართლეთა იმ გავლენიან ჯგუფს, რომლებიც კლანურ მმართველობას ახორციელებენ სასამართლო სისტემაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლებია თავმჯდომარეებს ნიშნავს არა მენეჯერული უნარების შეფასების, არამედ სუბიექტური გადაწყვეტილების გზით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც წინააღმდეგობაში მოდის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან.

თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების დანიშვნის კრიტერიუმებისა და წესის კანონით შემოღების გარეშე საკითხის მხოლოდ ტექნიკურად დაზუსტება, ნათელს ხდის, რომ კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლო სისტემის საჭიროებებს ისე, რომ უგულებელყოფს არსებულ რეალობას, რაც აძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში.

 

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ 2017 წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული საქმე ჰქონდა, მათ შორის აღსანიშნავია:

ევროსასამართლოში საქართველოს მოქალაქე შიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წელს აღსრულდა და განმცხადებელმა  კომპენსაცია (30 000 ევროს ოდენობით) მიიღო.

2007 წელს დაპატიმრებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელის საქმე, რომელიც გამართლდა და 14.12.2017 სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურას დაეკისრა კომპენსაცია უკანონო პატიმრობისთვის (დაახლოვებით 70 000 ლარის ოდენობით)

2017 წლის 30 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აფგან მუხთარლის და მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს იცავს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღნიშნული საქმე საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით ,,ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა,, ევროსასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა.

2017 ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლმა ჩაატარა კვლევა სასამართლო დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე და გამოავლინა შემდგომი საჭიროება, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭომ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები სასამართლო დამოუკიდებლობის ხელშემშლელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად.

ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება:

- განსაკუთრებით საგანგაშო და უკიდურესად მძიმე ვითარებაა ადამიანის უფლებათა კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რეგულარულად ახდენენ ადამიანების გატაცებას და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებისათვის გადაცემას, რომლებიც შემდგომ საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებენ.

- მართლმსაჯულება. მიმდინარე წლის განმავლობაში არ მომხდარა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გაძლიერების უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილებები.

- სიძულვილის ენა, ძალადობა და აგრესია საზოგადოებასა და არასრულწლოვნებში. პრობლემის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება იყო სკოლის მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტი, რომელიც ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

- პოლიციელების და სხვა სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ვერ ხდება ეფექტიანი და დროული გამძიების უზრუნველყოფა. გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და არასათანადო მობყრობაში ადანაშაულებს. გამოძიებას დღემდე არ გამოუვლენია ბრალდებული პირები, ამასთან სამხრე ვიდეოკამერების გამოყენებაზე არ არსებობს ზუსტი რეგულირება რაც მანიპულაციების შესაძლებლობას ქმნის. საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ასევე.

- არასათანადო დამოკიდებულება ადვოკატების და ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ საჯარო მოხელეთა მხრიდან. პრობლემის ერთ-ერთი აშკარა მაგალითია პოლიციის განყოფილებაში ნაცემი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმე, როდესაც საქმის გამოძიებას დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა დაჭირდა. თუმცა სასამართლომ მოძალადე პოლიციელს არაპროპორციულად ლმობიერი სასჯელი შეუფარდა. მსგავსი პრაქტიკა წახალისების კარგი ნიადაგია ანალოგიური შემთხვევებისათვის.

-  ბავშვთა უფლებები, განათლება და ჯანდაცვა.

- გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე. თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა გენდერული კუთვნილების მიუხედავად პრობლემატური საკითხი იყო მიმდინარე წლის განმავლობაში და ასეთად რჩება.

-  უსახლკარობის პრობლემა.

- სოციალური ფონი სიღარიბე, პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებების დაცვა,  შრომის ღირსეული და ადექვატური ანაზღაურება, არც მიმდინარე წლის განმავლობაში არ ყოფილა განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა.

- შრომის უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. 2017 წლის განმავლობაში მშენებლობებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს არაერთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა.

- უცხოელთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები.  პრობლემას წარმოადგენდა საქართველოს თავშეფარებულ პირთა უფლებების დაცვა, ხშირია შემთხვევები როდესაც ისინი დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. ამის მაგალითია აზერბაიჯანის მოქალაქე, დევნილი ჟურნალისტების აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას შემთხვევა, თურქეთის მოქალაქე ემერ ჩაბუქის შემთხვევა.

-  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა;

- პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანდაცვის არაადექვატური სერვისები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,,  აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ქვეყანაში დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება.

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამოფენა „იცოდე შენი უფლება“ გაიმართა.

ეს გამოფენა საკამოდ უჩვეულო და არაორდინალურია, რადგან მას აქვს საგანმანათლებლო-შემეცნებით ხასიათი. ამ გამოფენის ფარგლებში არა მხოლოდ გამოფელინი იყო საგამოფენო მასალები, არამედ ჩატარდა მოკლე მიმოხილვა თითოეული უფლების შესახებ. ეს გამოფენა შემდგომში გაიმართება სკოლებში, სადაც მოზარდები მათთვის ადვილად გასაგები მეთოდოლოგიით შეძლებენ ადამიანის უფლებების შესწავლას.

21 დეკემბრის გამოფენა განკუთვნილი იყო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტებისათვის. ეს გამოფენა კარგი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულია ადამიანის უფლებათა სფეროში ცოდნის ამაღლებით.

პირველად გამოფენის იდეა უკრაინაში სამოქალაქო ორგანიზაციის „მარტის“ პროექტების ფარგლებშიმომზადებული საკონკურსო ილუსტრაციების ფონზე წარმოიშვა. გამოფენა შექმნა 2011-2012 წწ. პერიოში, ხოლო 2014 - დან ფართოდ იყო გამოყენებული უკრაინის მასშტაბით სკოლებში, უნივერსიტეტებში, ბიბლიოტეკებში, მინიციპალიტეტების შენობებში და სხვა.ექსპოზიცია მომზადებულია სამოქალაქო ორგანიზაციების უკრაინის  ასოციაციის „უკრაინის ადამიანის უფლებების ჰელსინკის კავშირის“ მიერ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით, რომლის ფინანსური მხარდაჭერია ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოში აღნიშნული პროექტი ხორციელდება ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

12,13 და 14 დეკემბერს ადამიანის უფლებების სახლის წევრმა ორგანიაზაცია "კონსტიტუციის 42- მუხლმა" 12,13 და 14 დეკემბერს ადამიანის უფლებების სახლის წევრმა ორგანიაზაცია "კონსტიტუციის 42- მუხლმა" ჩერნიგოვის ადამიანის უფლებების სახლის ექპერტებთან ერთად ადამიანის უფლებების თემაზე გიდების მოსამზადებელი ტრენინგები ჩაატარა.

 

ეს ტრენინგები ემსახურება ადამიანის უფლებების თემაზე გიდების მომზადებას, რომელბიც გამოფება "იცოდე შენი უფლების" ფარგლებში ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებს.

საქართველოში აღნიშნული პროექტი ხორციელდება ადამიანის უფლებათა სახლთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

9 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა სახლში არასამთავრობო ორგანიზაციამ კონსტიტუციის 42- მუხლი და კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაციამ" პრესკონფერენცია გამართეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაგროვდა სადაო საკითხები, სირთულეები, რომელთაც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ყოველდღიურად აწყდებიან, თუმცა ისინი ამ პრობლემებზე სხვადასხვა მიზეზების გამო ხმამაღლა არ საუბრობენ.
არსებობს უამრავი პრეცედენტი, რომლის დროსაც ირღვევა, როგორც სტუდენტის, ასევე პროფერ-მასწავლებელთა უფლებები. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციის დადგენილი წესები.
ხშირია პროფესორ-მასწავლებელთა უფლებების დარღვევაც როგორც შრომითი, ისე საავტორო უფლებების კუთხით. ამასთანავე ხშირია შრომითი ურთიერთობების პირობების დარღვევა. არის შემთხვევები, როდესაც აკადემიური თანამდებობის მქონე პირებს უმაღლესი სასწავლებელი უხდის ხელფასს მხოლოდ ჩატარებული ლექციების მიხედვით და არ ითვალისწინებს მის მონაწილეობას სხვა აკადემიურ აქტივობებში. ანაზღაურების საკითხებში კიდევ არაერთი პრობლემა არსებობს.
ამ პრობლემების უკეთესად შესასწავლად და რეაგირების მექანიზმების შესამუშავებლად არასამთავრობო ორგანიზაციამ კონსტიტუციის 42- მუხლი და კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაციამ" გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც უახლოეს მომავალში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა დაცვის ცენტრის გახსნას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, დაბა ხარაგაულში მცხოვრებმა 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც რამდენიმე დღით ადრე, წინ უძღვოდა მისი “დაკითხვა” ადგილობრივ პოლიციაში და გაურკვეველი დანაშაულებრივი ფაქტების აღიარების იძულება. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას, რომელსაც ქუთაისის საოლქო პროკურატურა სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) აწარმოებს.

ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე, ამირან კვირიკაშვილის მამას მიენიჭა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. იმავე საქმეში დაზარალებულის სტატუსით აღიჭურვა გარდაცვლილის ძმა - არჩილ კვირიკაშვილი, რომელსაც მისივე განმარტებით, ადგილობრივი პოლიცია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის პოლიციაში გამოკითხვის დღეს ასევე აიძულებდა გარკვეული გაუხსნელი ქურდობის ფაქტების აღიარებას.

გამოძიების ამ ეტაპისთვის დაუდგენელი რჩება ძმები კვირიკაშვილების ადგილობრივ პოლიციაში დაბარების და რამდენიმე საათიანი დაყოვნების სამართლებრივი საფუძველი. საქმეში არსებული მასალები მიუთითებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ ლეგიტიმური საფუძველი ამირან და არჩილ კვირიკაშვილის გამოკითხვისთვის, რაც აძლიერებს ამ საქმეში პოლიციელთა ბრალეულობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეებთან არაფორმალური გასაუბრების პრობლემურ პრაქტიკას.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, თვითმკვლელობიდან ხუთ დღეში, 9 ნოემბერს დაიქვემდებარა. ამ დრომდე კი გამოძიებას დაბა ხარაგაულის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველო აწარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილის თვითმკვლელობის დღიდანვე ცნობილი გახდა, რომ მისი ოჯახი და ახლობლები ამ ფაქტს ადგილობრივ პოლიციაში გარდაცვლილის „დაკითხვას“ უკავშირებდნენ, რაც ადგილობრივი პოლიციის მიერ ამ საქმის გამოძიების კომპეტენციას გამორიცხავდა, გამოძიებას ხუთი დღის განმავლობაში მაინც შსს წარმართავდა, რამაც ხელი შეუშალა დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვას ამ საქმეში.

თავიდანვე ცხადი იყო ხარაგაულის პოლიციის დაინტერესება ამ საქმით, რაც ასევე დასტურდება მათ მიერ 5 დღის განმავლობაში წარმოებული გამოძიების მიმდინარეობით. ამ დროის განმავლობაში, ხარაგაულის პოლიცია მუშაობდა თვითმკვლელობის საქმეში კონკრეტული, მათთვის ხელსაყრელი ვერსიის გამოკვეთაზე, რომელიც ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას მისი ჯანმრთელობის პრობლემებით და ეკონომიკური სიდუხჭირით ახსნიდა. ამ ვერსიის გამყარების მიზნით, პოლიციის თანამშრომელთა მიერ ხუთდღიანი გამოძიების ფარგლებში პირველ რიგში დაკითხულები არიან არა კვირიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებსაც საქმესთან მიმართებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიცემა შეეძლოთ, არამედ სხვა არარელევანტური პირები. რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციის მიერ აღნიშნული საქმის გამოძიება ასევე არ გამორიცხავს კვირიკაშვილების პოლიციაში დაბარებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ფალსიფიცირების რისკებს.

ასევე პრობლემურია ის, რომ ხარაგაულის პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას ის თანამშრომლები, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ამირან და არჩილ კვირიკაშვილზე განხორციელებულ ზეწოლაში და ამავე დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ თვითმკვლელობის საქმეზე მათთვის ხელსაყრელი ვერსიის შექმნას და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლას.

პროკურატურის  მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ ეტაპზე ხარაგაულის პოლიციიდან გამოთხოვილია პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და შენობის შესასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც მხოლოდ შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე გადაადგილებას აღწერს. პრობლემურია ის, რომ შენობაში სხვა ვიდეოკამერების არარსებობის გამო, გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის პოლიციის სამმართველოს სხვა სივრცეებში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები. ამ საქმეშიც იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია, პოლიციის შიდა სივრცეები ასევე იყოს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ გამოძიების მიმდინარეობაზე დაკვირვებას და მოვუწოდებთ:

  • დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას - გამოძიება წარიმართოს სწრაფად და სათანადო მტკიცებულებათა არსებობის შემდგომ დადგეს ხარაგაულის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - გატარდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ საქმეზე ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარებისთვის ხელის შეშლას;
  • საქართველოს პარლამენტს და მთავრობს - დროულად შეიქმნას ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც შეამცირებს პოლიციელთა თვითნებობის და დაუსჯელობის პრობლემას ქვეყანაში.

 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

“თეთრი ხმაურის მოძრაობა”