ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი საჩივარი წარადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის მიმართულებით უკვე არაერთი წელია მასიურ ხასიათს ატარებს. ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება ამ დანაშაულის მსხვერპლი, მათ შორის ქალები და ბავშვები. უმეტეს შემთხვევაში, გატაცებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ თავისუფლდებიან, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც გატაცებულები წლების განმავლობაში ტყვეობაში რჩებიან. მათი დაკავების პირობები როგორც წესი არის მძიმე და არაადამიანური, არაერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2014 წელს გაუჩინარებული დავით ბაშარულის გვამი რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს. 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია. 2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი კი მართალია დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებიდან გაათავისუფლა, თუმცა მათ ამ დრომდე არ ეძლევათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება. 2017 წლის აგვისტოდან ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება არ ეძლევა თამარ მეარაყიშვილსაც, რომლის წინააღმდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისფულებამ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებისა და მისი სამოქალაქო აქტივიზმის გამო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. სიცოცხლის მოსპობის ამ შემთხვევებს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ დავით ბაშარულის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობისათვის დღემდე არავინ დასჯილია. 23 თებერვლიდან დღემდე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისათვის ექსპერტიზის ჩატარებისა და გვამის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ გამოძიება რუსეთის ფედერაციის მიერ ეფექტურად და ობიექტურად არც ამ შემთხვევაში წარიმართება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის არ არსებობის გამო ან არ შეუძლია სრულყოფილად ჩაატაროს გამოძიება ან/და არ გააჩნია მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ეფექტური მექანიზმი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიაზე. ევროპული სასამართლოს იურისპრუდენცია ასევე ითვალისწინებს de jure იურისდიქციის მქონე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს განახორციელოს ყველა გონივრული, მათ შორის, დიპლომატიური და სამართლებრივი ღონისძიება სადავო ტერიტორიაზე დარღვეული უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური არხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და აღმოფხვრის მიზნით. ამასთან, ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად ,,ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ''. ოკუპაციის შემდგომ წლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მასშტაბი და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოვლენილი გულგრილობა ამგვარი დავის გამოყენების მიზანშეწინილობას ქმნის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი და ნეიტრალური საერთაშორისო მონიტორინგის მისიების არ არსებობის პირობებში, ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ კონტროლირებული დე ფაქტო პოლიტიკური რეჟიმების თვითნებობისა და უკონტროლობის სივრცეებად იქცა, რაც ქმედით სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს საქართველოსგან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და ამ რეგიონების მიმდებარედ ადამიანის უკანონო დაკავების, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება მასიურ ხასიათსა და რუსეთის ფედერაციის დადგენილი ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენს, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები უნდა გამოიყენოს.

ამიტომ, ხელმომწერილი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმი - სახელმწიფოთშორისი საჩივარი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში მიმართოს ევროპულ სასამართლოს და კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს, რათა ა/წ 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის, ასევე თამარ მეარაყიშვილის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მათ დაუყოვნებლივ მიეცეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ არჩილ ტეტუნაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ ბოლო რამდენიმედღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს საბჭოს წევრის ანა დოლიძის მიმართ, თითქოსდა მისი საქმიანობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსდაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

2008 წლის ომის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებების მასობრივი და სასტიკი დარღვევის ფაქტებზე საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავეორგანიზაციებმა და მათმა პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) და რუსეთისმართლმსაჯულების ინიციატივამ (RJI), ასობით ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური განაცხადი წარადგინეს საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთისწინააღმდეგ. განაცხადები უკავშირდება ომის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლებისუკანონო აღკვეთის, საკუთრების განადგურების, დისკრიმინაციული დევნისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის პრაქტიკებს. ადამიანის უფლებებისუნივერსალურობისა და თანასწორობის იდეიდან გამომდინარე, ომის დროს, ეთნიკურად ოსი მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის აღიარებისა და დაცვისმიზნით, რამდენიმე განაცხადი ასევე გაიგზავნა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერსიცოცხლის ხელყოფისა და გაუჩინარების მძიმე შემთხვევებს მოიცავდა.

ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფცია ადამიანის სიცოცხლის და ღირსების აღიარებისა და დაცვის უპირატესობის იდეაზე დგას და ის საკუთარი დაცვისსუბიექტად ყველა ადამიანს ხედავს, განურჩევლად ეთნიკური და მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. სამწუხაროა, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები,რომლებიც, პირველ რიგში, სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაცვის იდეას უნდა იცავდნენ, დღეს სახელმწიფო ინტერესების შესახებ ვიწროწარმოდგენებით მანიპულირებენ. სასამართლო სისტემის მიმართ მთავარი კრიტიკა, წლების განმავლობაში, სწორედ არაჯანსაღად და ადამიანის უფლებებისსაწინააღმდეგოდ აღქმულ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს უკავშირდებოდა, რაც დიდწილად განსაზღვრავდა მართლმსაჯულების სისტემის უსამართლო ბუნებას.

ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულიადამიანის საქმიან რეპუტაციას,არამედ შეცდომაში შეყავს საზოგადოება და აზიანებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ყველა იმ ორგანიზაციისა და უფლებადამცველის საქმიანობას, რომლებიცსწორედ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეახსენებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს, რომ ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათადაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეგიონული მექანიზმია და სწორედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული არაერთი საქმის დამსახურებაასაქართველოში სისტემური ხარვეზების გამოსწორება, რაც ცალკეული ადამიანების უფლებების აღდგენასთან ერთად მოხდა.

 

ხელმომწერი პირები ორგანიზაციები:

1. კონსტიტუციის 42- მუხლი

2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

3. ადამიანის უფლებათა ცენტრი

4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

5. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

6. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

7. საერთაშორისო სამართლიანობა (JI)

8. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)

9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

10. თამარ ხიდაშელი, იურისტი

11. თამარ გურჩიანი, იურისტი

12. ნინო დანელია, მედია ექსპერტი

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის არჩილ ჩოფიკაშვილის დახმარებით, 2007 წელს უკანონოდ დაპატიმრებული პირის მიმართ საქალაქო სასამართლომ მთავარ პროკურატურას უკანონო დაკავებით, დაპატიმრებით და სისიხლის სამართლის დევნით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 69,770 ლარის გადახდა დააკისრა.

2007 წლის 25 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის ოფიცერი გ.ბ. სამხედრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. საქმეს იძიებდა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური. ბრალდება გათვალსიიწნებული იყო სსკ 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული იმავე წლის 7 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოგვიანებით, 2015 წლის 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ნათია კაციტაძე ორგანიზაციის გამგეობამ 9 თებერვალს 2 წლის ვადით დანიშნა. ახალი აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილების შესრულებას 15 თებერვლიდან შეუდგა.

ნათია კაციტაძემ 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. მოგვიანებით, 2005–2006 წლებში წარმატებით დაამთავრა პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო საჯარო სამართლში, ვროცლავის უნივერსიტეტი, ხოლო 2007 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტი.

მას აქვს ადამაინის უფლებების სფეროში 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორიში, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ნათია კაციტაძე 2013 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის 2016-2017 წწ.-ში იყო სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.

2009 წლიდან 2013 წლამდე იყო სტრატეგიური სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი/მთავარი იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2008 წელს იყო გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი. ხოლო, 2007–2008 წლებში იყო სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი/იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42–ე მუხლი.

აქვს აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, 2009–2010 წლებში კავკასიის სამართლის სკოლაში იყო იურიდიული კლინიკის ტრენერი ადამიანის უფლებათა სამართალში.

2010 წლიდან ჩართულია ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში.

აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე. მეტიც, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში იდენტიფიცირებული სერიოზული ხარვეზები საზოგადოების ნდობას და მოლოდინს გამოძიების ეფექტიანობის მიმართ მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისად, საქმის მაღალი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აფგან მუხთარლის საქმეზე. ამასთან, საქართველოს მთავარ პროკურორს გამოძიების პროცესში საერთაშორისო გამომძიებლების/ექსპერტების მონაწილეობასა და მაქსიმალური ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის მიდგომების დაცვას ვთხოვთ.

აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მოლოდინის მიუხედავად, პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ ის მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ასუსტებს.

1. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისთანავე აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცება საქართველოს  ტერიტორიიდან ორგანიზებულად, სავარაუდოდ საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტების დარღვევით, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. საქმის გამოსაძიებლად პროკურატურისთვის გადაცემა მხოლოდ 2017 წლის 20 ივლისს, თითქმის 2 თვის დაგვიანებით მოხდა.

საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და გადაუდებელი მტკიცებულებების, მათ შორის,ვიდეო ჩანაწერების მოპოვება, სწორედ შსს-მ მნიშვნელოვანი ხარვეზებით განახორციელა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიების მიერ არ ყოფილა ამოღებული გამტაცებლების გადაადგილების მარშუტზე თბილისიდან ლაგოდეხამდე არსებული კერძო ობიექტების ვიდეო ჩანაწერები, ხოლო ამავე პერიმეტრზე არსებული შს სამინისტროს ვიდეო კამერები, მოწმის ჩვენების მიხედვით გათიშული იყო. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, არ ფუნქციონირებდა სასაზღვრო-საემიგრაციო პუნქტ „ცოდნაზე“ (ლაგოდეხი) გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩამწერი მოწყობილობა. შსს-ს მიერ საქმისთვის ყველაზე არსებითი და პირდაპირი მტკიცებულებებისარასათანადოდ მოპოვება, მთლიანობაში გამოძიების არაობიექტურობისა და არაეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აძლიერებს.

მეტიც, ორგანიზებულიდანაშაულისადაკორუფციისმაუწყებელიპროექტისა (OCCRP) დატელე-არხი რუსთავი 2“-ისჟურნალისტებთან ჩაწერილი ახსნა-განმარტებები, რომლებიც აფგან მუხთარლისგატაცებასდამოუკიდებლადიძიებდნენ, მიუთითებს ეჭვზე, რომ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლებმა წაშალესკერძო კამერებითჩაწერილი მასალა.

აფგან მუხთარლის გატაცემის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ ვარაუდს კიდევ უფრო ხელშესახებს ხდიდა, რომელიც თითქმის უაპელაციოდ იმეორებდა საქმეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას,  და უგულვებელყოფდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან მუხთარლის პოლიტიკური დევნისა და მისი დაკავების ინტერესის გარემოებას.

მთლიანობაში, გამოძიების საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა და გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტის დარღვევამ, არსებითად შეამცირა საქმეზე სიმართლის დადგენისა და რეალური გამოძიების შესაძლებლობა.

2. ქმედებისკვალიფიკაციის პრობლემა საქმეზე. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის გარემოებები უჩვენებს გატაცების პროცესში ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობის, მისი საზღვარგარეთ გაყვანის და ასევე, აფგან მუხთარლის ოჯახისა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტს, პროკურატურამ აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას ადვოკატის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმის კვალიფიკაცია, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილითარ შეცვალა. ამასთან, გამოძიება უგულებელყოფს აფგან მუთხარლის გატაცების ფაქტით მისთვის და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასთან ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის ინტერესსა და შედეგს, რომელიც ასევე უნდა გახდეს გამოძიების საგანი (სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილი).

3. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი. საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, დანაშაულის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არ არსებობის გამო, პროკურატურა უარს აცხადებს აფგან მუხთარლის (ასევე სსკ-ის 154-ე მუხლის ქვეშ ლეილა მუსტაფაევის) დაზარალებულად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გამორიცხავს გამოძიების  პროცესში დაზარალებულის ეფექტურ მონაწილეობას, ხოლო საჯარო კონტროლის შეზღუდვის ფონზე, ძლიერდებაეჭვები მიმდინარე გამოძიების ილუზორული ხასიათის შესახებ.

4. ჯეროვანი გამოძიების პრობლემა საქმეზე. საგამოძიებო ორგანოების განმარტების მიუხედავად, რომ მათ საქმეზე დაკითხეს 200-ზე მეტი მოწმე და შეაგროვეს მნიშვნელოვანი მოცულობის ვიდეო მასალა, შეგროვებული მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი არარელევანტური ჩანს - გამოკითხული მოწმეების დიდ ნაწილს არ ქონიათ რაიმე შემხებლობა საქმესთან. ამ დრომდე გამოძიებამ ვერ უზრუნველყო იმ მანქანის იდენტიფიცირება, რომლითაც მოხდა აფგან მუხთარლის გატაცება და მისი გადაადგილების ტრაექტორიის, მათ შორის, საზღვრის კვეთის მონაკვეთის აღდგენა.

5. შესაძლო პოლიტიკური ლოიალობის პრობლემა საქმეზე. საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ 2016 წლიდან საქართველოს მთავრობამ ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების/ჟურნალისტების დიდ ნაწილს უარი განუცხადა ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. უარის თქმის საფუძველი თითქმის ყველა შემთხვევაში ‘ეროვნული უსაფრთხოების დაცვის’ ინტერესი იყო. დისიდენტების დიდი ნაწილი უთითებს, საქართველოში ყოფნის პერიოდში კერძო პირების მიერ მათი დევნის, თვალთვალისა და აღნიშნულ ინციდენტებზე ქართული პოლიციის გულგრილობისა და არაეფექტიანი რეაგირების გამოცდილებაზე. ამ პირობებში აზერბაიჯანიდან დევნილი აქტივისტების/ჟურნალისტების დიდ ნაწილს საქართველოს დატოვება მოუწია. აფგან მუხთარლის გატაცების საქმე ამ პრაქტიკისა და ადამიანის უფლებების პოლიტიკური ინსტრუმანტალიზების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახდა.

ამ ეჭვებს აძლიერებს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის - ელმან ნასიროვის მიერ ,,რადიო თავისუფლებისათვის“ 2017 წლის 9 ივნისს მიცემული ინტერვიუც, რომელშიც მან განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის დაპატიმრება აზერბაიჯანის და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევის და ნაბიჯების შედეგად მოხდა (მომავალში მან ეს განცხადება უარყო).

საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თვითკრიტიკული განცხადება და  შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება - საზღვრის დაცვის და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსების გათავისუფლების თაობაზე, ცხადია, არ შეიძლება განხილული იქნას საკმარის რეაგირებად.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები აფგან მუხთარლის საქმეზე მკვეთრად კრიტიკული იყო და ისინი საქართველოს მთავრობას დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ. მათ შორის, 2017 წლის 3 ივნისსამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა შეშფოთება მომხდარზე და მოუწოდა საქართველოს უზრუნველეყო სრული, გამჭვირვალე და დროული გამოძიება . გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობა ხაზგასმულია ევროპარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის რეზოლუციაშიც. 2018 წლის 12 იანვარს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს სავარაუდო გატაცების საქმეზე საქართველოში წარმოებულ გამოძიებას და ხედავს საფუძვლიანი, გამჭვირვალე და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, იმის მაჩვენებელია, რომ დაუშვებელია საქმეზე არსებული კითხვები და ეჭვები პასუხგაუცემელი დარჩეს. გამოძიების გაჭიანურება სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.

ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე მიმდინარე გამოძიების პროცესი ხარვეზიანი და ნაკლებად ეფექტიანია. შესაბამისად, საქმის განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის, ასევე გამოძიების პროცესში ამ დრომდე გამოკვეთილი არსებითი ხარვეზებისა  გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე და  მათ შორის, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და უწყების სხვა რელევანტური პირების დაბარება, ასევე მთავარი პროკურორის მოსმენა საქმეზე.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს:

- თანამშრომლობისთვისშესაბამის ფორმატში, უზრუნველყოს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების) ექსპერტებისა და გამომძიებლების ჩართვა გამოძიების პროცესში, რისი გამოცდილებაც სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე უწყებას უკვე გააჩნია;

- საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს გამოძიების პროგრესისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაციის დროული გაზიარება;

- პერიოდულად პროაქტიულად გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ.

* აფგან მუხთარლის ინტერესებს ეროვნულ დონეზე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ,,ადამიანის უფლებათა სახლი'' და მისი წევრი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

2. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

4. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

5. ადამიანის უფლებათა ცენტრი

6. მედიის განვითარების ფონდი (MDF)

7. საქართველოს დემოკრატიული ინიციტივა (GDI)

8. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

9. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

10. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

11. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

14. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

15. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

16. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

17. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

18. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

19. საფარი

20. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

21. საინფორმაციო ცენტრების ქსელი

22. საქარველოს ბიზნეს მედია ასოციაცია

23. კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

24. მმართვლობის მონიტორინგის ცენტრი

25. მედიის ინსტიტუტი

26. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

27. ტვ პირველი

28. ლიბერალი

29. მონიტორი

30. ჯემნიუსი

31. მედიაკლუბი

32. ნეტგაზეთი

33. ბათუმელები

34. რუსთავი 2

35. ტაბულა

 



კვლევა: რეპრესია საზღვრებს მიღმა: აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR), თავისუფლება ახლა, 2017,  გვ. 23-24, ხელმისაწვდომია:

https://emc.org.ge/2017/11/21/emcraport/

კვლევა: რეპრესია საზღვრებს მიღმა:აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR), თავისუფლება ახლა, 2017, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/2017/11/21/emcraport/

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოს და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს, ასევე ინფორმაცია, რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

14 თებერვალს, 11:00  საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ადამიანის უფლებათა საკონფერენცო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა გლდანის ციხეში ყელგამოჭრილი პატიმრის შესახებ.

როგორც პატიმარის ოჯახის წევრს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განუცხადა, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა.
პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად.
ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში.  ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა. კანონპროექტის თანახმად, ახალი სამსახური შეიქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად და ამ უკანასკნელის დღევანდელ ფუნქციებთან ერთად, სამსახური შეითავსებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კონკრეტული ტიპის დანაშაულებზე გამოძიების წარმოების უფლებამოსილებას.

უპირველეს ყოვლისა, კოალიცია დადებითად აფასებს აღნიშნულ საკითხზე სამთავრობო უწყებების მიერ მუშაობის განახლებას და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურად და სწორად იქნება დანახული საზოგადოებაში წლების მანძილზე არსებული მკაფიო მოთხოვნა, ქვეყანაში ეფექტიანი და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე, რომელიც უპასუხებს სამართალდამცავთა დაუსჯელობის პრობლემას. კოალიცია ასევე იმედოვნებს, რომ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება როგორც ტექნიკურ/ფორმალურ საკითხებზე, ისე პრინციპების დონეზე არგუმენტირებული მსჯელობა და დისკუსია, რათა პირველ რიგში, ფუნდამენტურ საკითხებზე იქნეს სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება მიღებული.

წარმოდგენილ დოკუმენტში კოალიცია სწორედ იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ჩვენი პოზიციით, პრინციპული მნიშვნელობის არის ეფექტიანი და დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნისთვის, რომელიც იქნება ღირსეული პასუხი დღევანდელ გამოწვევებზე:

· სამსახურის კომპეტენცია:

კანონპროექტის თანახმად, ახლადშექმნილი სამსახური აღჭურვილი იქნება მხოლოდ საგამოძიებო კომპეტენციით. ასეთ პირობებში კითხვები ჩნდება მექანიზმის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. საქართველოში არსებული საგამოძიებო სისტემისა და კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო ზედამხედველობის შინაარსის გათვალისწინებით, გამოძიებას პრაქტიკულად მთლიანად წარმართავს პროკურორი და ყველა საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელი ერთნაირი ხარისხით ექვემდებარება პროკურორის მითითებებს გამოძიების პროცესში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, სამსახურის გამომძიებლები უშუალოდ გამოძიების პროცესში მაინც დარჩებიან სრულად დამოკიდებულნი საქმის პროკურორებზე დამოკიდებულნი.

დღევანდელი კანონმდებლობით, პროკურორს შეუძლია:

o გამოძიების შეწყვეტა, დაწყებული გამოძიების სხვა მუხლზე გადაკვალიფიცირება (ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ საქმე შეიძლება საერთოდ აღარ დაექვემდებაროს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის განსჯადობას);

o გამოძიების ფარგლებში პროკურორი გამომძიებელს აძლევს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს;

o გამომძიებლის ქმედება/დადგენილება პროკურორთან საჩივრდება და ეს უკანასკნელი უფლებამოსილია მიიღოს საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილება;

o ასევე პროკურორია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, კერძოდ: ჩხრეკა-ამოღების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, სასამართლოში პირის დაკითხვის (სსსკ-ის 114-ე მუხლი) და კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული მოქმედებების;

o პროკურორი ითხოვს სასამართლოში პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას, ასევე არჩევს და წინასასამართლო სხდომაზე წარადგენს სასმართლოში წარსადგენ მტკიცებულებებს;

o პროკურორი ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო და საკასაციო წესით.

 

გასათვალისწინებელია, რომ დღეს სწორედ პროკურატურის კომპეტენციაა იმ დანაშაულთა გამოძიება და დევნა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა გადაეცეს. ამდენად, დღეს სამართალდამცავთა დაუსჯელობის და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიების და დევნის პრობლემა სწორედ პროკურატურის პასუხისმგებლობაა. ამას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებიც, როდესაც დანაშაულის ფაქტებზე იწყება გამოძიება, თუმცა კონკრეტული პირების მიმართ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, გამოძიების ეფექტიანობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. იმისათვის რომ გამოძიება ჩაითვალოს ეფექტიანად, სასამართლო იხილავს არა მხოლოდ ინსტიტუციურ ან იერარქიულ დამოუკიდებლობას, არამედ აფასებს თუ რამდენად არის გამოძიება პრაქტიკულად დამოუკიდებელი. შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, რას შეცვლის ახალი სამსახურის შექმნა მხოლოდ საგამოძიებო ფუნქციით, მაშინ როდესაც მის მიერ წარმართულ გამოძიებას კვლავაც ის უწყება უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა და რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობს. ამ რეფორმის პირობებშიც, გამოძიების ფარგლებში ყველა კრიტიკულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება კვლავაც პროკურატურას ექნება.

ამასთანავე, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა კვლავ პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად რჩება. არსებულ საგამოძიებო სისტემაში, პროკურატურა, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან ერთობლივად, მათთან აქტიური თანამშრომლობით ებრძვის კრიმინალს. ასეთ პირობებში პროკურორების მიერ სამართალდამცავების მიმართ დევნის წარმოებისას ჩნდება ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეები. აღნიშნული რისკები კიდევ უფრო იზრდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ პროკურატურის მუშაკის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისთვის რომ ახლად შექმნილმა საგამოძიებო უწყებამ მასზე დაკისრებული ამოცანები ეფექტიანად განახორციელოს, სულ მცირე აუცილებელია, რომ ის აღჭურვილი იყოს ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიების დამოუკიდებლად განხორციელების უფლებამოსილებით. სამსახური უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოპერაციული დამოუკიდებლობის იმ მინიმალური ხარისხით, რაც საჭიროა გამოძიების სრულად და ყოველმხრივ წარმართვისთვის. ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, სამსახურს უნდა ჰქონდეს სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლოში წარმომადგენლობის ფუნქციები. სწორედ საგამოძიებო და დევნის ფუნქციით აღჭურვილი საგამოძიებო სამსახურის შექმნას ითვალისწინებდა კოალიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რათა გარანტირებული ყოფილიყო სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და საქმეთა წარმართვა სასამართლოში.

· დანაშაულთა წრე, რომელსაც იძიებს სამსახური

კანონპროექტი თანახმად, სამსახური უფლებამოსილი იქნება, გამოძიება აწარმოოს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა:

o წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;

o უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით;

o ჩვენების მიცემის იძულება;

o სამართალდამცავის მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა ნებისმიერ დანაშაულს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, როდესაც მსხვერპლი იმყოფებოდა პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ.

 

ცხადია, თითოეული ზემოაღნიშნული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და დადებითად უნდა შეფასდეს, რომ ამ დანაშაულებზე გამოძიების უფლებამოსილება დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებას მიენიჭოს. ამავდროულად, აუცილებელია გავითვალისწინოთ დღეს არსებული კონტექსტი და დანაშაულთა ის ტიპები, რომლებზეც ხშირად უთითებენ მოქალაქეები. ამ კუთხით, პირველ რიგში აღსანიშნავია ნარკოტიკული საშუალებების „ჩადების“ შემთხვევები, რაზეც ბოლო პერიოდში ხშირად გაისმის ხოლმე საჯარო ბრალდებები სამართალდამცავების მიმართ და აუცილებელია, აღნიშნული დანაშაულებიც მოექცეს ახლადშექმნილი უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობაში. ამავდროულად, ზემოთ დასახელებულ დანაშაულთა უმრავლესობა მხოლოდ სპეციალური დათქმებით (მაგალითად, პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ყოფნა, ძალადობის, ან იარაღის გამოყენება, დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფა) ექცევა დამოუკიდებელი მექანიზმის ქვემდებარეობაში, რაც ასევე პრობლემურია, რადგან ამგვარი ფაქტობრივი გარემოებები სწორედ გამოძიების საგანია და გამოძიებით უნდა გამოიკვეთოს, იმყოფებოდა თუ არა მოქალაქე სამართალდამცავის ეფექტური კონტროლის ქვეშ, ჰქონდა თუ არა იარაღის გამოყენებას, ან დაზარალებულის შეურაცხყოფას ადგილი.

სამოქალაქო სექტორის მიერ შემუშავებული კანონპროექტი (დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ), იაზრებდა რა არსებულ გამოწვევებს, დანაშაულთა წრის ჩამონათვალში სპეციალურად უთითებდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამართალდამცავის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, დამცირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა.

აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ გამოძიება თავიდანვე წარიმართოს ეფექტიანად და მის მიმართ მაღალი იყოს საზოგადოებრივი ნდობა, ერთი მხრივ უნდა გაფართოვდეს ჩამოთვლილი დანაშაულების წრე და ამავდროულად, ამოღებულ იქნეს კანონპროქტიდან ის სპეციალური დათქმები, რომელთა გარეშეც საქმე ვერ მოექცევა ახალი უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობაში.

ამასთანავე, შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, პროკურორი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გამოიძიოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ჩადენილია სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაული. კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ნათელ პროცედურებს, მასში ინსპექტორის ჩართულობის ხარისხს და შესაბამის გარანტიებს, რომ უსაფუძვლოდ არ დაირღვეს საგამოძიებო ქვემდებარეობა. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო უწყებას ჰქონდეს საკანონმდებლო გარანტია, რომ მისი იურისდიქცია გარანტირებული იქნება ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც გამოძიება იწყება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით, მაგრამ ინსპექტორს მიაჩნია, რომ სახეზეა მის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნები.

· ინსტიტუციური მოწესრიგება

კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში ვერ ვკითხულობთ დასაბუთებას, თუ რატომ გადაწყდა ინსტიტუციურად ამ ორი ორგანოს ერთმანეთთან დაკავშირება. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილ იქნას შესაბამისი დასაბუთება და ხედვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ მოწესრიგებასთან დაკავშირებით.

ინსპექტორის სამსახური დღეს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების პროაქტიულად კონტროლი ერთმანეთთან თავსებადი ფუნქციები არ არის და აღნიშნული ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას, გააჩინოს ინტერესთა კონფლიქტი უწყების შიგნით და დაუკარგოს ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას. შემოთავაზებული მოდელი აჩენს რეალურ საფრთხეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ეფექტიანობა რისკის ქვეშ დადგება.

ინსპექტორის ინსტიტუტი დღეს არის სამართალდაცვითი პროცესისგან დამოუკიდებელი, მაკონტროლებელი ორგანო, მაშინ როდესაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს საგამოძიებო ბუნების მქონე უწყება. მაგალითად, ერთი მხრივ ინსპექტორს მოუწევს გააკონტროლოს პროკურატურის მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება, ხოლო მეორე მხრივ ეთანამშრომლოს/დაემორჩილოს პროკურატურას გამოძიების პროცესში. აგრეთვე არ ჩანს, თუ როგორ იქნება დაზღვეული, რომ გამოძიების პროცესში თავად ინსპექტორის თანამშრომლები არ დაარღვევენ პირადი ცხოვრების უფლებას და უსაფუძვლოდ არ დაამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს. ამგვარი ბუნდოვანი ბუნების მქონე ორგანოს შექმნით გაჩნდება რისკი, რომ მის მიმართ საზოგადოებას არ ექნება მაღალი ნდობა, რაც მსგავსი უწყებების ეფექტიანად მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უფრო გონივრულად მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო უწყება შეიქმნას ცალკე უწყების სახით, მოქნილი და მცირე ბიუროკრატიული აპარატით, რაც არ იქნება დაკავშირებული დიდ საბიუჯეტო სახსრებთან. საბიუჯეტო ხარჯების ვერც შემოთავაზებული კანონპროექტი დაზოგავს, ვინაიდან პერსონალური მონაცემების დაცვა და გამოძიება ცალსახად არათავსებადი ფუნქციებია და ახალ ინსპექტორის აპარატსაც მოუწევს გამომძიებლების და ტექნიკური პერსონალის დასაქმება. აღნიშნული სამსახურის ბუნება ცალსახად იქნება საგამოძიებო, ხოლო მისი ხელმძღვანელი და თანამშრომლები ისარგებლებენ მაღალი ინსტიტუციური და ოპერაციული დამოუკიდებლობის ხარისხით.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის არსებითი გადამუშავების პროცესში. ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოთ განხილულ პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლების პოზიცია საბოლოო არ არის და საზოგადოებასთან დისკუსია იქნება რეალური შინაარსის მატარებელი. საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ახლად შექმნილი უწყება სრულად ეხმიანებოდეს ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და კონტექსტს, ამავდროულად, სამსახური სარგებლობდეს მაღალი პროფესიული რეპუტაციითა და ნდობით საზოგადოებაში.



Ramsahai and Others v. the Netherlands, Judgment of 15 May 2007, application no. 52391/99, paras. 62-63; İpek v. Turkey, Judgment of 17 February 2004, application no. 25760/94, para. 207; Altun v. Turkey, Judgment of 1 June 2004, application no. 24561/94, para. 74.

Barbu Anghelescu v. Romania, Judgment of 5 October 2004, application no. 46430/99, para. 67; . Gharibashvili v. Georgia, Judgment of 29 July 2008, application no. 11830/03, para. 73

აფგან მუხთარლის საქმეზე ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი,, წევრი ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურას 13:00 საათზე სპეციალური განცხადებით მიმართავს მოთხოვნით:

1. გამძიებამ უზრუნველყოს გადაცემა ,,პოსტკრიპტუმიდან,, აფგან მუხთარლის ინტერვიუს ამოღება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა;

2. გადაეცეს ადვოკატს სს საქმის მასალების ქსეროასლები სრულად, საქმის სრულყოფილად გაცნობის და დაცვის უფლების განხორციელების მიზნით.

3. შემდგომი გამოძიება წარიმართოს სსკ 143.1.2.3.4- ე და 154-ე მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციით;

4. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თანდასწრებით უზრუნველყოფილი იქნეს შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურორთან.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები პროფესიონალი ადვოკატები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.

ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;

** გუნდური მუშაობის კომპეტენცია;

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);

** მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;

** საპროექტო წინადადდებების მომზადების გამოცდილება;

** საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

** არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია რუსული ან სხვა უცხო ენების ცოდნა);

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;

** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;

** კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი.



განაცხადის მიღების ბოლო ვადა 08.02.2018წ.

კონკურსის 1-ლ ეტაპზე, მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება მითითებულ მოთხოვნებთან.

კონკურსის მე-2 ეტაპი, კანდიდატებთან გასაუბრება.

აღმასრულებელი დირექტორის უფლება-მოვალეობები:

** გამგეობასთან შეთანხმებით, მოქმედებს ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

** ინიშნება გამგეობის მიერ 2 (ორი) წლის ვადით.;

** გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს პროგრამებს და პროექტებს;

** პასუხისმგებელია ფანდრაიზინგის პროცესის ორგანიზებაზე;

** ხელს აწერს ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტებს;

** განკარგავს და ანგარიშვალდებულია ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყენებაზე;

** წარმართავს ორგანიზაციის აპარატის მუშაობას;

** დებს ხელშეკრულებებს ორგანიზაციის სახელით;

** აცხადებს და ატარებს კონკურსს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე, გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად;

** ზედამხედველობს ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ეთიკის წესების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღების მიზნით მიმართავს გამგეობას.

** ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV);

** სამოტივაციო წერილი;

** ორგანიზაციაში საქმიანობის 6 თვიანი სამუშაო გეგმა;

** ორი სარეკომენდაციო წერილი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. 

02.02.2018.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მეილი: office@article42.ge

ნომერი: (+995 32) 2 99 88 56

მის: ქ. თბილისი, გახოკიძის 11ა

1 თებერვალს, კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხადრი სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ. დაზარალებულებმა ორგანიზაციის იურისტებს ის პრობლემები გააცნეს, რაც ამ დროისთვის მათ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებოებს.

"კორპუსი რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა იყო ავარიული და ეკუთვნოდა მესამე კატეგორიას. სპეცოპერაციის შემდეგ ქვედა სართულზე ყველა საყრდენი კედელი დაზიანდა, შედეგად კორპუსში გაჩნდა ბზარები, დაიწყო გარეთა ფასადის ჩამოშლა და ეს პროეცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ სპეცოპერაციის შემდეგ ვიყავით სატუმროში გადაყვანილი და იქ ვცხოვრობდით 3 კვირის მანძილზე. შემდეგ დაგვაბრუნეს სახლებში, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, კორპუსის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ჩვენ ვითხოვდით გადმოგვეცეს დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ  კორპუსი საცხოვრებლად არის უსაფრთხო"-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს.

სპეცოპერაციის დროს დაზარალებულებმა შეძლეს მოეპოვებინათ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის დასკვნა. დასკვნაში  არის მითითებული, რომ უნდა მოხდეს კორპუსის გეოლოგიური კვლევა, მათ შორის კორპუსის საძირკვლის გამოკვლევა, ასევე  გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების პროექტების შედგენა.

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ არ მომხდარა აღნიშნული რეკომენდაციების გაზიარება და დღემდე არ განხორციელებულა კორპუსის  დეტალურად გამოკვლევა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კორპუსში მოსახლეობა 17 დეკემბერს ისნის რაიონის გამგეობამ მაინც შეასახლა. 

''სად და რა პირობებში ვცხოვრობ და რა ელის ამ შენობას პასუხის არც ადგილობრივ თვითმმართველობაში გვცემენ და არც თბილისის მერიაში."- დასძინა დაზარალებულმა.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მოუწოდებს თბილისის მერიას და ისნის რაიონის გამგეობას შეასრულოს თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის რეკომენდაციები და მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის წინაშე არ დააყენოს.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტები საჯარო უწყებებიდან გამოითხოვენ ყველ საჭირო მასალას და შემდგომ აუცილებლობის შემთხვეაში დაზარალებულთა უფლებების დასაცავად მიმართავენ სასამართლოს.

შეგახსენებთ რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემნერს ჩატარდა და 22 საათი გრძელდებოდა.