არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით
11.10.2017

შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 4 ივლისს, ტელეჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა უარყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ქალ მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ფორმით გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების თაობაზე და იქვე შენიშნა, რომ „ბატონი უჩა გვაოცებს ხოლმე თავისი ნოვაციური აღმოჩენებით“.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალ მსჯავრდებულთა ე.წ. სრული შემოწმების პროცედურის უარყოფით შეფასებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხი, ერთი მხრივ, ხელს არ უწყობს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესს, მეორე მხრივ, კი შეურაცხმყოფელია და ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას.
მიგვაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო, შეურაცხმყოფელი განცხადების ნაცვლად, დაინტერესებული უნდა იყოს პენიტენციური სისტემის მეტი გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით, ასევე – სახალხო დამცველთან კონსტრუქციული თანამშრომლობით.
მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, პენიტენციურ სისტემაში ქალ მსჯავრდებულთა ღირსების შემლახავ შემოწმებასთან ერთად, კვლავ პრობლემად რჩება პატიმრების ხარისხიანი ჯანდაცვით, ჰიგიენური საშუალებებითა და ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
გადახედოს ქალ მსჯავრდებულთა ე.წ. სრული შემოწმების არსებულ პროცედურას და შეუსაბამოს იგი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ადამიანის პატივისა და ღირსების შესაფერის მოპყრობას.
მიიღოს სათანადო ზომები პატიმრების ხარისხიანი ჯანდაცვით, ჰიგიენური საშუალებებითა და ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფის კუთხით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ციხის საერთაშორისო რეფორმა;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
საზოგადოებრივი დამცველი;
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“