სტამბოლის პროტოკოლის დანერგვის პროექტი
11.10.2017
სტამბოლის პროტოკოლი, წამების კვლევისა და დოკუმენტირების პირველი საერთაშორისო სახელმძღვანელოა. ის 1999 წლის 9 აგვისტოს წარედგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისაღებად და მასზე სამ წელზე მეტი დროის განმავლობაში, 40-მდე ორგანიზაცია მუშაობდა. დოკუმენტი წარმოადგენს პრაქტიკულ და მრავალმხრივ სახელმძღვანელოს იმ პირთა შესაფასებლად, ვინც წამების მსხვერპლად მოიაზრება. თუმცა, ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას წამების ფაქტების გამოვლენისა და გამოძიებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის საჭირო დასკვნის გადაცემის საქმეში. ამ დოკუმენტს თან ერთვის წამების ფაქტების ეფექტური კვლევისა და დოკუმენტირების პრინციპები, რომლებიც წარმოადგენენ მინიმალურ სტანდარტებს სახელმწიფოს მხრიდან წამების ფაქტების გამოძიების უზრუნველსაყოფად.

2003 წლიდან, ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” უცხოელ პარტნიორებთან-წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო ცენტრი (IRCT, Denmark) თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდი (Izmir Office), ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან, – წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ემპათიასა” და საქართველოს მედიკოსთა ასოციაციასთან” ერთად, განახორციელა სტამპოლის პროტოკოლის დანერგვის პროქტი.

მიზანი: 2003-2005 წლებში, ხუთ ქვეყანაში: შრი-ლანკაში, საქართველოში, უგანდაში, მაროკოსა და მექსიკაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, 2004 წლის 12-15 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ-მარიოტში” ჩატარდა ტრეინინგი 75 პროფესიონალისათვის. მათგან 50 მედიკოსი, იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენს, თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სისტემას, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას, ფსიქიატრიის კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას წამოადგენდა. იურისტები კი მოწვეულ იყვნენ იუსტიციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადაიანის უფლებათა კომიტეტიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთარობო ორგანიზაციებიდან.

ტრეინინგი ჩაატარეს უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. უცხოელთაგან მოწვეულ იყნენ ექსპერტები ლონდონიდან და თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდიდან, ქართველთაგან ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “საქართველოს მედიკოსთა ასოციაციისა” და ,,ემპათიის” წარმომადგენლები.

ტრეინინგის მიზანი იყო, მოწვეულ ექსპერტებს მონაწილეთათვის ესწავლებინათ ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა წამების ფაქტის დაფიქსირებისა და ეფექტური გამოძიებისათვის. ტრეინინგის მსვლელობისას, იურისტები გაეცნენ წამების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ხოლო მედიკოსები, – წამებასთან დაკავშირებულ შესაბამის კანონმდებლობას.

ტრეინიგის შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ ორი სფეროს წარმომადგენლები გააგრძელებენ თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა იურისტთა და ექიმთა ქსელი წამების ფაქტების ეფექტურად გამოძიებისათვის.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრეინიგის სახელმძღვანელო, ვრცელი ინფორმაციით სტამბოლის პროტოკოლსა და წამების ფაქტების გამოკვლევასთან დაკავშირებით.