დევნილი მოსახლეობის სამართლებრივი დახმარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
05.01.2008

პროექტის სახელწოდება: დევნილი მოსახლეობის სამართლებრივი დახმარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ფონდ ღია საზოგადოებასაქართველოს

პროექტის ხანგრძლივობა: 2008-2009 წლები

დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება;

აგვისტოს მოვლენების შედეგად, დაზარალებულ პირთა სამართლებრივი

დახმარება.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად, დაზარალებულ პირთათვის კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დევნილთა საქმეების დარღვევის ფაქტებზე მტკიცებულებათა შეგროვება, ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი საჩივრის მომზადება და შეტანა სასამართლოში;

მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე ანგარიშის მომზადება, რომელიც გახდა დევნილთა საქმეებზე მომუშავე 5 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის მიერ მომზადებული საერთო ანგარიშის შემადგენელი ნაწილი.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის ადვოკატებმა განახორციელეს ვიზიტები თბილისსა და გორში, ასევე გორის რაიონის სოფლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გამოსაკითხად. ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები, გაუწიეს კონსულტაციები, მოიპოვეს მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დაუწერეს განცხადებები სხვა აუცილებელი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

ზემოაღნიშნული ვიზიტებისა და რამდენიმე თვის მანძილზე დაზარალებულთა გამოკითხვის შედეგად, პროექტის ფარგლებში, შეირჩა 30 საქმე, რომელიც გაიგზავნა ევროპის სასამართლოში. აღნიშნული 30 საქმიდან, ნაწილი წარმოადგენს ინდივიდუალურ, ხოლო ნაწილი, – კოლექტიური ფორმის განაცხადს.

ეს საქმეები შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გარანტირებული ფუნდამენტური შემდეგი უფლებების დარღვევას:

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლება;

ევროკონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა;

ევროკონვენციის მე-4 მუხლით აკრძალული მონური შრომა;

ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;

ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა;

ევროკონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების უფლება;

ევროკონვენციის მე-14 მუხლით გარანტირებული დისკრიმინაციის აკრძალვა;

ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება;

ევროკონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლის უფლება.