დასრულებული პროექტები
დონორი: „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)

პროექტის მიზანია ადვოკატირების კამპანიების განახორციელება, იმისათვის რომ ორგანიზება გაუკეთდეს საზოგადოებრივ განხილვებს ციხის კოდექსში აუცილებელი ცვლილებების შეტანას. პროექტის მიმდინარეობისას “მუხლი 42″ შევქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში (PSA) მომზადდება საჯარო განცხადებები პატიმრობის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებთან დაკავშირებით. PSA-ს მომზადების მიზანია წაახალისოს პარლამენტის დეპუტატები და კანონშემოქმედებაში ჩართული სხვა თანამდებობის პირები გაატარონ აუცილებელი რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის საერთო მიზანია ხელი შეუწყოს სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის სისტემის შექმნას საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს პატიმრების რეაბილიტაციას, მოამზადებს მათ გათავისუფლებისთვის, და მისცემს მათ საშუალებას, იცხოვრონ პროდუქტიული ცხოვრებით.

პროექტის კონკრეტული მიზანი არის გააუმჯობესოს პატიმრის უფლებების დაცვა ისე, რომ ქართულ ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში, პატიმრების მდგომარეობა იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შეესაბამისი.

ამ მიზნის მისაღწევად, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამოიყენებს თავის გამოცდილებას ადვოკატირებაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პატიმართა უფლებების დასაცავად და განახორციელებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომასთან დაკავშირებულ განხილვებს ციხის რეფორმასთან მიმართებაში.
2010 წელს, ორგანიზაცია ახორციელებდა პროექტს “საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა”.

პროექტის მიზანი: საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის შესახებ, ცნობიერების ამაღლება.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები; იურისტები; საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები; საქართველოს პარლამენტი.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა: ტრეინინგის გამართვა იურისტებისთვის; 4 სამუშაო შეხვედრა – ე.წ მრგვალი მაგიდის გამართვა; საკონსტიტუციო სარჩელების მომზადება; 4 ამიკუს-კოურეის მომზადება სასამართლოს მეგობრის რანგში; იურიდიული კონსულტაციების გაწევა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის და ა.შ.

პროექტში პარტნიორად ჩართულია და ტრეინინგზე ექსპერტად მოწვეული იყო ორგანიზაცია „ინტერაითს“-ის (დიდი ბრიტანეთი) ექსპერტი.
პროექტის ხანგრძლივობაა: 2010 წლის 01 ოქტომბერიდან, 2011წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

პროექტი ორგანიზაცია ”ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) ფინანასური მხარდაჭერით განხორციელდა.
სტამბოლის პროტოკოლი, წამების კვლევისა და დოკუმენტირების პირველი საერთაშორისო სახელმძღვანელოა. ის 1999 წლის 9 აგვისტოს წარედგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისაღებად და მასზე სამ წელზე მეტი დროის განმავლობაში, 40-მდე ორგანიზაცია მუშაობდა. დოკუმენტი წარმოადგენს პრაქტიკულ და მრავალმხრივ სახელმძღვანელოს იმ პირთა შესაფასებლად, ვინც წამების მსხვერპლად მოიაზრება. თუმცა, ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას წამების ფაქტების გამოვლენისა და გამოძიებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის საჭირო დასკვნის გადაცემის საქმეში. ამ დოკუმენტს თან ერთვის წამების ფაქტების ეფექტური კვლევისა და დოკუმენტირების პრინციპები, რომლებიც წარმოადგენენ მინიმალურ სტანდარტებს სახელმწიფოს მხრიდან წამების ფაქტების გამოძიების უზრუნველსაყოფად.

2003 წლიდან, ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” უცხოელ პარტნიორებთან-წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო ცენტრი (IRCT, Denmark) თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდი (Izmir Office), ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან, – წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ემპათიასა” და საქართველოს მედიკოსთა ასოციაციასთან” ერთად, განახორციელა სტამპოლის პროტოკოლის დანერგვის პროქტი.

მიზანი: 2003-2005 წლებში, ხუთ ქვეყანაში: შრი-ლანკაში, საქართველოში, უგანდაში, მაროკოსა და მექსიკაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, 2004 წლის 12-15 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ-მარიოტში” ჩატარდა ტრეინინგი 75 პროფესიონალისათვის. მათგან 50 მედიკოსი, იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენს, თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სისტემას, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას, ფსიქიატრიის კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას წამოადგენდა. იურისტები კი მოწვეულ იყვნენ იუსტიციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადაიანის უფლებათა კომიტეტიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთარობო ორგანიზაციებიდან.

ტრეინინგი ჩაატარეს უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. უცხოელთაგან მოწვეულ იყნენ ექსპერტები ლონდონიდან და თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდიდან, ქართველთაგან ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “საქართველოს მედიკოსთა ასოციაციისა” და ,,ემპათიის” წარმომადგენლები.

ტრეინინგის მიზანი იყო, მოწვეულ ექსპერტებს მონაწილეთათვის ესწავლებინათ ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა წამების ფაქტის დაფიქსირებისა და ეფექტური გამოძიებისათვის. ტრეინინგის მსვლელობისას, იურისტები გაეცნენ წამების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ხოლო მედიკოსები, – წამებასთან დაკავშირებულ შესაბამის კანონმდებლობას.

ტრეინიგის შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ ორი სფეროს წარმომადგენლები გააგრძელებენ თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა იურისტთა და ექიმთა ქსელი წამების ფაქტების ეფექტურად გამოძიებისათვის.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრეინიგის სახელმძღვანელო, ვრცელი ინფორმაციით სტამბოლის პროტოკოლსა და წამების ფაქტების გამოკვლევასთან დაკავშირებით.
2002 წლის მაისიდან 2005 წლის ივნისის ჩათვლით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(ISAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა განახორციელა პროექტი-“უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველთათვის სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის საოლქო სასამართლოში”.
პროექტის განხორციელება გამოწვეული იყო მძიმე სოციალური მდგომარებით, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც დაკავებულს არ ჰქონდა საშუალება ადვოკატის დახმარებით დაეცვა საკუთარი უფლებები.

პროექტის მიზანი: სოციალურად დუცველი ფენების სამართლებრივი დახმარება თბილისის საოლქო სასამართლოში.
პროექტში დაკავებული იყო კონკურსის წესით შერჩეული 6ადვოკატი. მათ მიერ სწორად შერჩეული სტრატეგიის შედეგად, თითქმის ყველა საქმე სასურველი შედეგით დამთავრდა.

პროექტის ფარგლებში წარმოებული იქნა 80-მდე საქმე და უამრავ ადამიანს გაეწია იურიდიული კონსულტაცია. 2004-2005 წლის განმავლობაში, დაახლოებით 120-მდე მომართვა შემოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან(პატიმართაგან) იურიდილი დახმარების თხოვნის შინაარსით.

პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისათვის ყოველთვიურად იბეჭდებოდა საინფორმაციო ხასიათის ბიულეტენი ,,42-ე მუხლი”, რომელშიც შუქდებოდა პროექტში მიმდინარე მოვლენები, იურიდიული ხასიათის სხვადასხვა თემატიკის სტატიები და ასევე სამართლებრივ სფეროში მიმდინარე პროცესები. ჩვენი ადვოკატების ავტორობით გამოიცა ბროშურებიც:

სასამართლო სისტემა საქართველოში;
როგორ გავასაჩივროთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და განჩინება;
როგორ გავასაჩივროთ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება;
თქვენი უფლებები სააპელაციო სასამართლოში;
დაცვის სტრატეგია;
საპროცესო შეთანხმება;
შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი;
ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ ორგანიზებული იქნა ორი მრგვალი მაგიდის მოწყობა თემებით: ,,აღკვეთის ღონისძიების სახეები” და “მხარეთა მორიგება სასამართლო პრაქტიკაში”. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ პრაქტიკოსი ადვოკატები, მოსამართლენი, პროკურატურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები.

პროექტის განხორციელების შედეგად, დავეხმარეთ 800-ზე მეტ ადამიანს: ვაწარმოეთ 221 საქმე, აქედან 180-წამატებული და იურიდიული კონსულტაცია გაეწია 600-მდე ადამიანს.
1998-2004 წლებში, ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ,,იურიდილი კლინიკა”. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის შექმნა და ახალგაზრდა იურისტთათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება, მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარება.

პროექტში დაკავებული იყო კონკურსის წესით შერჩეული 8 ადვოკატი, პროექტის კოორდინატორი და ასისტენტი.

პროექტის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის 500-მდე სტუდენტი დაეუფლა საადვოკატო საქმიანობას. გუნდური მუშაობის პრინციპით, კლინიკის მონაწილენი იცავდნენ კლიენტის ინტერესებს; გამოცდილი ადვოკატების მეთვალყურეობით, უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საქმის წარმოებაში: ადგენდნენ საპროცესო დოკუმენტებს, მოქალაქეებს უწევდნენ იურიდიულ კონსულტაციებს, ახორციელებდნენ წარმომადგენლობას ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე. პროგრამის ფარგლებში ვაწარმოებდით ისეთ საქმეებს, რომლებზეც მოპასუხედ სახელმწიფო ორგანო გამოდიოდა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე მრგვალი მაგიდა და იმიტირებული პროცესი სტუდენტთა უშუალო მონაწილეობით. იმიტირებულ პროცესებზე, მოდავე მხარეებსა და სასამართლოს შემადგენლობას, პროგრამის მონაწილენი წარმოადგენდნენ. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ ექსპერტები სამართლებრივ საკითხებში, პრაქტიკოსი ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები. განიხილებოდა აქტუალური და პრობლემური საკითხები.

პროექტის განხორციელების შედეგად, 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულლტეტის 500-მდე სტუდენტმა შეისწავლა საადვოკატო საქმიანობა და შეიძინა ამ პროფესიისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები; მოვემსახურეთ 5000-მდე კლიენტს და ვაწარმოეთ 600-მდე საქმე, აქედან, – 400-ზე მეტი წარმატებული.

აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რაზეც მეტყველებს დონორი ორგანიზაციის ანგარიშები და ის სატელეფონო ზარები, რომლებიც ყოველდღიურად ოფისში გაისმის. არის ძალიან ბევრი მსურველი, რომელთაც სურთ კლინიკის პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

კლინიკის პროგრამის წარმატებული მონაწილენი დღემდე განაგრძობენ ადამიანის უფლებათა დაცვას და აქტიურ საქმიანობას ორგანიზაციაში.