20 წელი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში

განცხადებები
სიახლეები

2018 წლის 14-18 მაისს, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების სერია გაიმართა.

შეხვედრები შეეხებოდა არასამთავრობო სექტორსა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე სასამართლო დგას გამოძიების წარმოებისას სხვადასხვა ქვეყნებში.

შეხვედრებს ესწრებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები და პროკურორი, ასევე პროკურორის ოფისის, რეგისტრატურისა და სასამართლოს სხვა სექციების წარმომადგენლები, ხოლო არასამთავრობო სექტორის მხრიდან რომის სტატუტი წევრი სახელმწიფოებიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს’’, ადამიანის უფლებათა ცენტრის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და საერთაშორისო სამართლიანობის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმდინარე გამოძიებასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში სასამართლოს ადგილობრივი ოფისის გაძლიერებისა და დამატებითი რესურსით, მათ შორის, ადამიანური რესურსებით აღჭურვის აუცილებლობაზე, ასევე აქტიური საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების პროცესში მათ უფლებებთან დაკავშირებით. ამასთან, ქართველმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და მოუწოდეს დაზარალებულთა ნდობის ფონდს საქართველოში განახორციელონ მხარდაჭერის პროგრამები ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარების მიზნით.

მრგვალი მაგიდის შეხვედრებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

22-23 მაისს „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პროექტ "არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს" ფარგლებში ორი ტრენინგი ჩაატარა. 

პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ შშმ პირებს, რომლეთაც აქვთ ინტელექტუალური შეზღუდვა, ფსიქიკური პრობლემები თუ ფსიქო-სოციალური საჭიროები.
მეორე ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თბილისის გამგეობების, პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა.

2014 წლის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით
შშმ პირებმა (ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემებისა თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე) მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

შშმ პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ინტეგრაციისთვის, თუმცა მათმა დიდიმა ნაწილმა ამ უფლების მინიჭების შესებ არაფერი იცის. ამიტომ ამ საკითხის მათთვის და საზოგადოებისთვი გაცნობისთვის კონსტიტუციის 42-ე მუხლი ახორციელებს პროექტს და გეგმავს საქართველოს 4 ქალაქში ტრენიგების ჩატარებას.

 


„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს "არჩევნები -თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს.

უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.

საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა: “მაგრამ, როგორც მოქალაქე, მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ”

გარდა იმისა, რომ კობა ლურსმანაშვილი იყენებს სიძულვილის ენას, ამავდროულად იგი ვითარებას წარმოაჩენს იმდაგვარად, თითქოს სწორედ უმცირესობის ჯგუფების ხელშია ძალაუფლება და დაცვას საზოგადოების უმრავლესობა საჭიროებს. აღნიშნული ჯგუფების (ნარკოდამოკიდებული პირების, ნარკორეალიზატორების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების) ერთობლივად დასახელებით კი იგი ამკვიდრებს სტერეოტიპს თითქოს ისინი ურთიერთდაკავშირებული და იდენტური პირები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დებატებში გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მაღალი ხარისხით არის დაცული, იგი ამავდროულად გაცილებით მაღალ მოთხოვნებს და პასუხისმგებლობას უწესებს პოლიტიკოსებს საჯარო განცხადებების გაკეთების დროს.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას გაემიჯნოს კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და გადადგას ნაბიჯები პარტიის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის კუთხით.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მანდატს და სტატუსს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებისგან და ნაცვლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისა, ქვეყანაში კანონმდებლობის დახვეწაზე, მთავრობის საქმიანობის კონტროლსა და მათზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელებაზე, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვაზე იზრუნონ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)

თანასწორობის მოძრაობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHO) 17 მაისს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება და სიმბოლურად უკავშირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას. ამ დღეს მშვიდობიანი შეკრების იდეა იმის ხაზგასმას ემსახურება, რომ ლგბტ თემი არ უნდა ხდებოდეს უთანასწორო, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი არცერთ საზოგადოებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დღემდე ლგბტ თემის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად არიან როგორც სასტიკი და ძალადობრივი, სიძულივილით მოტივირებული დანაშაულის, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად და მკაფიო მესიჯებით გამოხატონ მათ მიმართ მხარდაჭერა და დაგმონ ყველა სახის ძალადობრივი და დისკრიმინაციული მოპყრობა. ხოლო, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ერთის მხრივ, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში, დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი. კანონის სრულად აღსრულება არის მსგავსი დანაშაულების განმეორების პრევენცია.

მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა განცხადებით, 17 მაისს კანცელარიასთან ორგანიზებული შეკრება არ გაიმართება, შესაძლებელია მაინც ჰქონდეს ადგილი სპონტანურ შეკრებებს, რომელთა უსაფრთხოების დაცვა სამართალდამცავთა ვალდებულებაა. შეკრების თავისუფლება გარანტირებულია ყველასთვის და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიან პირობებში ჩატარება, იმ შემთხვევაშიც კი თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შეკრება თანადროულად ხდება. საქართველოში, წინა წლებში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული მშვიდობიანი აქციების ფონზე განვითარებული სასტიკი და ძალადობრივი მოქმედებების გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ზომა მიიღოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი ადამიანების დასაცავად, ისე როგორც ეს აღნიშნულია სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით და შეშფოთებას გამოვხატავთ, 2018 წლის 12 მაისის, შუა ღამით, თბილისის რამდენიმე კლუბში ერთდროულად ჩატარებული უპრეცედენტოდ მასშტაბური საპოლიციო ოპერაციისა და შემდგომში, პოლიციის მიერ თბილისის ქუჩებში სპონტანურად ორგანიზებული შეკრების მონაწილეების მასობრივი და თვითნებური დაკავების, ასევე შეკრებისთვის ხელშეშლისა და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ინციდენტების გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 10 მაისის სასამართლო განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო სანქცია თბილისის რამდენიმე კლუბის ტერიტორიის ჩხრეკასთან დაკავშირებით. 12 მაისს ჩხრეკის ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური საპოლიციო ძალის გამოყენებით გვიან ღამით განახორციელა, როდესაც კლუბებში ასეულობით ადამიანი იყო თავშეყრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებისას კლუბებიდან ადამიანების გაყვანა ზოგიერთ შემთხვევაში ღირსებისშემლახავ პირობებში მოხდა, ხოლო, შესაბამისი კლუბების მესაკუთრეებს და ადმინისტრაციას არ მიეცათ ჩხრეკის პროცესში სრულყოფილი დასწრების შესაძლებლობა.

კლუბის გარეთ გამოყვანილი ახალგაზრდების ჯგუფმა, ისევე როგორც მასშტაბური სპეცოპერაციებით უკმაყოფილო ადამიანებმა ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური შეკრება დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულ შეკრების მონაწილეებს პოლიცია, მათი დიდი რიცხვის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილის დაკავების შესაძლებლობას არ აძლევდა და კორდონითა და აგრესიული ქცევით ტროტუარებზე, აშკარად არასაკმარის სივრცეებში აიძულებდა განლაგებას. საბოლოოდ პოლიციამ ეპიზოდური და აგრესიული მოქმედების, რამდენიმე ადამიანის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და შეკრების ზოგიერთი ლიდერის დაკავებით, მოახერხა შეკრების მონაწილეების ჯგუფების იზოლაცია, სხვადასხვა ქუჩებზე გაფანტვა და მასშტაბური კორდონით შეკრების ტერიტორიის გაწმენდა. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში შეკრება მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა და პოლიცია მეტწილად თავად ქმნიდა ესკალაციისა და დაკავების თვითნებურ ინციდენტებს.

კლუბ ბასიანის მიმდინარე ტერიტორიაზე შეკრების ფაქტობრივი დაშლის პირობებში, სპონტანური აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიცია ასევე ძალის დემონსტრირებას, შიშისა და დაუცველობის გარემოს შექმნას შეეცადა და ზოგიერთ შემთვევაში ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის თვითნებური დაკავების ფაქტი.

შეკრებებზე ასევე მოხდა სპონტანური შეკრების შესაძლო ლიდერების დაკავება, რაც მთლიანობაში შეკრების დროს პოლიციის ზოგადი მიდგომების გათვალისწინებით, პროტესტის წინააღმდეგობის და თვითორგანიზების დასუსტების ინტერესზე მიუთითებდა.

ჩვენი ინფორმაციით, გუშინ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა 40-მდე ადამიანის ადმინისტრაციული წესით დაკავება. რამდენიმე მათგანმა დაკავების დროს მიიღო ფიზიკური დაზიანებაც. საწყის ეტაპზე ჩვენთვის რთული იყო დაკავებული პირების ადგილსამყოფელის დადგენა და მათთან ადვოკატების დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა. დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების მიმართ რაიმე ტიპის ძალადობის, ან კანონდარღვევის ფაქტი ამ დრომდე არ ფიქსირდება.

ცხადია, ხელმომწერი ორგანიზაციები ვიაზრებთ ნარკორეალიზაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებს. ეს პროცესი გავლენიანი დანაშაულებრივი ქსელების გამოვლენითა და მათ მიმართ მკაცრი რეაგირებით უნდა დაიწყოს. ამავე დროს, აუცილებელია წამალდამოკიდებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის არსებითი ცვლილება და არაჰუმანური და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაცვლად, ზრუნვაზე და სოციალურ რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომების ამოქმედება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დაანონსებული რეფორმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეაჩერა და ის მხოლოდ საპოლიციო რეპრესიის და კრიმინალის სფეროში დატოვა.

შეკრებების ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით მართვის პრობლემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა, 12 მაისს თბილისის ქუჩებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული აპარატის აგრესიული დემონსტრირების ცალსახა და ბოლო დროს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტთან პოლიცია პერიოდულად, „მიკრო სპეცოპერაციით“ აკავებდა მშვიდობიან მოქალაქეებს და როგორც წესი, პოლიციის ამგვარი ძალისხმევა მიმართული იყო სწორედ სამოქალაქო/პოლიტიკური აქტივისტების მიმართ.

მოგვიანებით შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში განხორციელდა 8 ადამიანის სისხლის სამართლის წესით დაკავება. თუმცა, როგორც მოგვიანებით ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული დაკავება არ მომხდარა სპეცოპერაციის შედეგად და ისინი მანამდე სხვა სიტუაციაში, კლუბების ტერიტორის გარეთ დააკავეს. ამ პირობებში ცხადია კითხვის ნიშნები ჩნდება ამ ფორმით და მასშტაბებით ჩატარებული სპეცოპერაციების აუცილებლობასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნები ჩნდება ჩხრეკის განჩინების დასაბუთებულობასთან დაკავშირებითაც, რომელიც კლუბების ტერიტორიაზე ზოგადი, არაინდივიდულიზებული ხასიათის ჩხრეკისა და ადამიანების ფართე ჯგუფის უფლებების შეზღუდვის თანმდევ მაღალ რისკებს შეიცავდა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერები მოვუწოდებთ სახელმწიფოს:

§ დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია;

§ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე;

§ სასამართლომ დაკავებული შეკრების მონაწილეების საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და შეკრების თავისუფლების სტანდარტების განუხრელი დაცვით უზრუნველყოს;

§ მთავრობამ სათანადოდ გაიაზროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის მძიმე სოციალური შედეგები და რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირენული მიდგომების ნაცვლად, ის სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული გახადოს. ამასთან, ადამიანის უფლებების პატივისცემით უზრუნველყოს ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლა.

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას უფლების დარღვევის მსხვერპლებს აღმოვუჩინოთ საჭირო სამართლებრივი დახმარება. ამასთან მოვუწოდებთ მოქალაქეებს უფლების დარღვევის შემთხვევების შესახებ გაგვიზიაროთ ინფორმაცია, რაც სიტუაციის სრულყოფილი შეფასებისა და რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა სახლი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმიანება ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მომხდართან დაკავშირებით მეტ კითხვებს აჩენს, ვიდრე პასუხებს გვთავაზობს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა განცხადებაში დასახელებული 8 პირი, რომელთაც სავარაუდოდ კლუბების ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან, სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს, ხოლო უშუალოდ სპეცოპერაციის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინ არ ყოფილა. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დანაშაულის იდენტიფიცირების მიზნით, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს თვეების განმავლობაში, მათ შორის საკონტროლო შესყიდვები; ამ ინფორმაციის ფონზე დამატებითი კითხვები ჩნდება, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა მსგავსი მრავალრიცხოვანი საპოლიციო ძალის მობილიზება და ხშირ შემთხვევაში, მშვიდობიან მოქალაქეებთან ძალადობრივი ფორმით გასწორება.

ნარკორეალიზატორების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყო მკაცრი და შეუწყნარებელი, თუმცა, ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმა, მეთოდები და კლუბში გასართობად მისული ადამიანების შენობებიდან ძალით გამოდევნა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცდება, პოლიციის მხრიდან კანონიერ მოქმედებებს.

ამასთან, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის ლიბერალიზაციის და შესაბამისი საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებების დაჩქარების აუცილებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლის გააკეთოს განცხადება საზოგადოებაში უკვე გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ფორმით და მეთოდებით სპეცოპერაციის ჩატარება; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კი უნდა გამოიძიოს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე სავარაუდო უკანონო დაკავების ფაქტები.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი მომართვის შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველას, ვინც სპეცოპერაციისა და შემდგომ, სპონტანურად გამართული აქციის პირობებში გახდა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან/და ვერბალური შეურაცხყოფის ან უკანონო დაკავების მსხვერპლი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან აფგან მუხთარლის ადვოკატის, ნემატ ქერიმლისათვის აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის მიერ საადვოკატო უფლებამოსილების შეჩერების ფაქტს და აღნიშნავენ, რომ ადვოკატის უფლებების შეზღუდვასთან ერთად, ეს აფგან მუხთარლის უფლებების კიდევ ერთი თვალსაჩინო დარღვევაა.

საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებული და დაპატიმრებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატ ნემატ ქერიმლის აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის პირველი მოადგილის საჩივრის საფუძველზე, 2018 წლის 23 აპრილს, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ ერთი წლით საადვოკატო ლიცენზია შეუჩერა.

საადვოკატო საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, მთავარი პროკურორის მოადგილის განმარტებით ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ აფგან მუხთარლის ადვოკატი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ცდილობდა სისხლის სამართლის საქმის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეყავდა საზოგადოება, ასევე ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა შესაძლო მოწმეებზე, რითაც დაარღვია კანონმდებლობა.“

აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ ნემატ ქერიმლის წინააღმდეგ განიხილა მედიისთვის მიცემული ორი ინტერვიუ.

პირველ ინტერვიუში ადვოკატი საუბრობს 2017 წლის 30 მაისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანში აფგანის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შექმნოდა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობას არ უნდა გადაეცა იგი აზერბაიჯანისთვის.

მეორე ინტერვიუში ადვოკატი საუბრობდა საპატიმროში აფგანთან შეხვედრის დროს განხორციელებულ თვალთვალსა და მიყურადებაზე, რაც მან გააპროტესტა შემდეგი ფრაზით ,,ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმშიც კი არ ხდებოდა ასეთი აშკარა თვალთვალი და მიყურადება ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის კომუნიკაციაზე“.

სწორედ ეს ინტერვიუები გახდა ნემატ ქერამლისთვის საადვოკატო უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების შეფასებით, აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილება ერთის მხრივ არღვევს და ერევა ნემატ ქერიმლის საადვოკატო საქმიანობაში და უზღუდავს მისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო, მეორეს მხრივ არღვევს აფგან მუხთარლის დაცვის უფლებას, რადგან მას აღარ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მის მიერ შერჩეული ადვოკატის დაცვით. აღნიშნული წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი - დაცვის უფლების პრინციპის დარღვევას.

აფგან მუხთარლის ადვოკატისათვის საადვოკატი საქმიანობის უფლების შეჩერება აზერბაიჯანში, ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე და სწორედ აფგანის საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ აფგან მუხთარლის წინააღმდეგ მიმდინარე სს საქმე არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან და მისი უფლებების სავარაუდო დარღვევა საქართველოსა თუ აზერბაიჯანში სისტემურ ხასიათს ატარეს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42- მუხლი წარმოადგენს აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი საქართველოში მოქმედ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ესენი არიან:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონსტიტუციის 42- მუხლი
  • მედიის ინსტიტუტი
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი