20 წელი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში

განცხადებები
სიახლეები

ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პროკურატურის და საგამოძიებო სისტემის მოქმედი მოდელი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ძირეულ რეფორმას საჭიროებს. არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციის მიუხედავად, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო საქართველოს პროკურატურის სრული დეპოლიტიზება და დამოუკიდებლობის გაზრდა, რაც შესაბამისად აისახება საზოგადოების ნდობაში ამ ინსტიტუციის მიმართ.

კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი და საპროკურორო საბჭოს მოწყობა მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური დაინტერესებისგან როგორც ინსტიტუციის, ასევე უშუალოდ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დაცვას. ჯერ კიდევ მოქმედი სისტემით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ დაქვემდებარებაში და იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ რჩება. შესაბამისად, მაღალია იუსტიციის მინისტრის როლი როგორც მთავარი პროკურორის შერჩევის, ისე საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელობის საქმეში.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, გადაწყვეტილებით, პარლამენტს ამ ეტაპზე ძირითადად მოქმედი მინისტრთა კაბინეტი წარედგინა დასამტკიცებლად[1], ხოლო მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები მოგვიანებით იგეგმება. მათ შორის, თანამდებობა შეინარჩუნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. კოალიცია მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის შესარჩევი პროცესის კვლავ თეა წულუკიანის მიერ წარმართვა არ იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. 2012 წლიდან დღემდე, თეა წულუკიანის მიერ დასახელებული არცერთი მთავარი პროკურორობის კანდიდატი - არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, ირაკლი შოთაძე - არ გამოირჩეოდა პოლიტიკური ნეიტრალობით, რაც მთავარი პროკურორის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ყოველივე ზემოთქმული გვიმყარებს რწმენას, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატურების შესარჩევი პროცესის ხელმძღვანელობა, ვერც ამჟამად უპასუხებს მთავარი პროკურორის პოსტზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი მმართველის წარდგენას. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2015 წელს, ვენეციის კომისია აღნიშნავდა, მთავარი პროკურორის შერჩევის მოქმედ მოდელში პოლიტიკური ელემენტის დომინირებაზე და ხელისუფლებას იუსტიციის მინისტრის როლის და პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხის შემცირებაზე მიუთითებდა.[2]

არსებული სისტემის კრიტიკასთან ერთად გასათვალისიწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, პროკურატურა ყალიბდება სამთავრობო კაბინეტისგან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებელ ორგანოდ. პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მოვალეობა იქნება. ნათელია, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების მომენტიდან, პროკურატურის საქმიანობის და გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში, პოლიტიკური მონაწილეობა არსებითად შემცირდება.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედ წესში ახლა არ შევიდა სათანადო ცვლილებები, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დროს, თანამდებობაზე 6 წლის ვადით უკვე იქნება გამწესებული მთავარი პროკურორი, რომლის არჩევაც განხორციელდება არსებითად ხარვეზიანი წესით.

შესაბამისად, კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოქმედი მანკიერი წესით, აზრს მოკლებულია და დამაზიანებელი იქნება არსებითად ახალი პროკურატურის სისტემაზე გადასვლის პროცესისთვის. ამდენად, საჭიროა ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოხდეს რეფორმირებული, ახალ კონსტიტუციურ სტანდარტთან შესაბამისობაში მყოფი წესებით.

პროკურატურის მიმდინარე რეფორმა და ახალი გენერალური პროკურორის არჩევა იქნება განმსაზღვრელი, უახლოეს მომავალში პროკურატურა ჩამოყალიბდება აპოლიტიკურ, კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ ინსტიტუციად, თუ, პირიქით, რეფორმებს არ ექნება რეალური შედეგი და პროკურატურა კვლავ დარჩება პოლიტიკური ნების ამსრულებელ უწყებად, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია.

შესაბამისად, კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

შეაჩეროს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი;

განხორციელდეს ძირეული ცვლილებები მთავარი პროკურორის შერჩევის წესში, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის შესაბამისობას პროკურატურის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს კონცეფციასთან;

აუცილებელია პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი. იგი არ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, მას აღარ უნდა ჰქონდეს მთავარი პროკურორის კანდიდატების დასახელების უფლებამოსილება.

ამერიკის სავაჭრო პალატა არ არის განცხადების ხელმომწერი



[1] თანამდებობები დატოვეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

21 ივნისს, 11:00 საათზე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ გამართა პრესკონფერენცია თემაზე აფგან მუხთარლის საქმე და ევროსასამართლოს შეკითხვები საქართველოსა და აზერბაიჯანს.

ჟურნალისტის გატაცებიდან ერთი წლის თავზე, ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვა გაუგზავნა.

პრესკონფერენციაზე იურისტებმა განიხილეს კითხვები, რომლითაც ევროსასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოებს საქართველოსა და აზერბაიჯანს მიმართა. კითხვები ეხება ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარებას. სახელმწიფოებმა უნდა უპასუხონ, თუ რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირებულ უფლებები. სახელმწიფოებს კითხვებზე პასუხისათვის ვადა 31 ივლისამდე განესაზღვრათ. სახელმწიფოს პასუხების შემდეგ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' საკუთარ წერილობით შეფასებას წარადგენს.

2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნაილისტის აფგან მუხთარლის და მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს ევროსასამართლოში ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის,, იურისტები არჩილ ჩოფიკაშვილი და ნიკოლოზ ლეგაშვილი იცავენ. აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი. საქართველოში დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება.

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი აღინიშნება მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციის 50 წლისთავის აღსანიშნავად. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ეძებოს და ისარგებლოს თავშესაფრით.

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შედეგად ყოველწლიურად იზრდება ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელთა რიცხვი. მსოფლიოში დაახლოებით 65 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, მათ შორის – 20 მილიონზე მეტი ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

საქართველომ თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვის ვალდებულება 1999 წელს აიღო, როდესაც ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციას მიუერთდა. დღეს საქართველოში არსებული ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უმრავლესობა ერაყის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთისა და სირიის მოქალაქეები არიან. მათი რაოდენობა 2012-2017 წლის მონაცემებით შეადგენს 1505 ადამიანს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებისა და პრაქტიკის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; თუმცა, რჩება გამოწვევებიც, რომელთა შორისაა სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის დაუსაბუთებელი შემთხვევები, ქვეყნიდან გაუძევებლობის პრინციპის დარღვევა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციისათვის საჭირო პროგრამების ნაკლებობა.

მსოფლიოსა და განსაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველო რჩებოდეს თავშესაფრის მაძიებელთათვის უსაფრთხო ქვეყნად.

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის კი გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

გავრცელებული ინფორმაციით ბესიკ ქათამაძე პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა კაბინეტში დაიბარეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა აქვს თავის არეში. როგორც თავად ბესიკ ქათამაძემ განაცხადა თავდასხმის მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბრალი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ტარიელ აროშიძეს წაუყენეს, რომელიც 2018 წლის 17 ივნისს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბესიკ ქათამაძის განცხადებით კი მის გარდა ინციდენტში კიდევ 4 პირი მონაწილეობდა. იგი მათ დასჯასაც ითხოვს.

ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ამგვარი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო პერიოდებში, მათ შორის აღნიშვნის ღირსია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში განხორციელებული თავდასხმა. თუმცა, არც ერთ წინა შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირების სათანადო დასჯა არ მომხდარა. მსგავს ფაქტებზე არაეფექტური რეაგირება და მოძალადეთა დაუსჯელობა ახალისებს ამგვარ ქმედებებს და ხელს უწყობს არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას, რაც თავისმხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმსა და დემოკრატიის ხარისხზე.

ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ მკაცრი პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობის აქტზე და დროულად და სრულყოფილად გამოიძიონ თითოეული ასეთი შემთხვევა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საფარი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამი წელი გავიდა 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, რომელსაც 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათეულობით ოჯახის/პირის საკუთრება დააზარალა და გაანადგურა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

13 ივნისის სტიქიამ ნათელი გახადა, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არ არის სრულყოფილი ბუნებრივი კატასტროფების შედეგებთან გასამკლავებლად. სწორედ ამან განაპირობა, სტიქიის შემდეგ შემჭიდროვებულ ვადებში, ახალი, სპეციალური რეგულაციების შემუშავება, რომელიც დაზარალებულთა დახმარებას უზრუნველყოფდა. მიუხედავად უწყებათაშორისო კომისიისა და თბილისის ადგილობრივი თვითმმართელობის მუშაობისა, 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ნაწილისათვის ზარალის ანაზღაურება ამ დრომდე არ მომხდარა. ისინი დღემდე სასამართლო სამართალწარმოების გზით ცდილობენ საკუთრების უფლების აღდგენას.

. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილება არ ითვალისწინებს ფულად დახმარებას იმ ოჯახებისათვის ვისაც სტიქიის შედეგად დაუზიანდათ/დაენგრათ დამხმარე სათავსოები (ავტოფარეხები) და მიწის ნაკვეთი. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ერთიან სიაში დღემდე ასევე არ არიან პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი უწყებათაშორისი კომისიის მიერ განსაზღვრულ სტიქიის ზონაში არ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახლის სტიქიის შედეგად დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რამდენიმე ასეთი დაზარალებული ოჯახის/პირის საქმეს ორგანიზაცია დღემდე აწარმოებს საერთო სასამართლოებში. ამ ადამიანებისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ 2018 წლის 28 მარტს თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგაც, როცა მან თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალებული ოჯახებისათვის კუთვნილი კომპენსაციის დროულად ჩარიცხვა.

ცალკე აღნიშვნას საჭიროებს, დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროცესში ცალკეული პირების მიმართ კომპენსაციის გადახდის განსხვავებული რეჟიმის შექმნა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა , კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, იმ განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც ..- სტიქიის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 515 460 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი და ფულადი თანხა 455 800 ლარის ოდენობით.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ასევე შემთხვევა, როდესაც დაზარალებულთა ერთიან სიაში მყოფმა ერთ-ერთმა დაზარალებულმა 16 კვ. ფართისთვის (რომელიც სტიქიამდე ავტოფარეხად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო სტიქიის შემდგომ, 2015 წლის 15 ივნისის განცხადების საფუძველზე ავტოფარეხი საცხოვრებელ ფართად დარეგისტრირდა) კომპენსაციის სახით მიიღო ანაზღაურება 103 698 ლარის ოდენობით. ზარალის ასანაზღაურებლად, ლ. სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 1 კვ/ ფართის შეფასება ხდებოდა საშუალოდ (რემონტის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით) 1000 დოლარის ოდენობით, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 1 კვ. ღირებულებამ 2 500 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს შემთხვევა ყურადსაღებია იმის გათვალისწინებითაც, რომ ავტოფარეხისა თუ სხვა დამხმარე სათავსოს დაზიანება/განადგურებისათვის კომპენსაციის გადახდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის დადგენილებით გათვალისწინებული ამ დრომდე არ არის.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ,,კონსტიტუციის 42- მუხლი სტიქიიდან 3 წლის შემდ კვლავ მოუწოდებს . თბილისის მერიას და . თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხები სამუშაო შეხვედრების ფორმატში განიხილონ, იმისათვის რომ ყველა დაზარალებულის უფლება თანაბრად იყოს აღიარებული და დაცული.

კოალიცია თანასწორობისთვის“ეხმიანება საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, დისკრიმინაციულ განცხადებას[1]ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით.

კოალიციის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის აღნიშნული განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან აღრმავებს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და დამატებით უწყობს ხელს მათ მარგინალიზაციას. მინისტრი, ნაცვლად იმისა, რომ იმ მწვავე გამოწვევებს და კრიტიკას პასუხობდეს, რაც სასამართლოს რეფორმის და პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს, ყურადღების გადატანას ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემაზე სპეკულირებით ცდილობს. აღნიშნული განცხადება ხელისუფლების მხრიდან ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი დადასტურებაა და წარმოადგენს პოლიტიკური ჰომოფობიისა და ტრანსფობიის განსაკუთრებით ნეგატიურ შემთხვევას.

ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში, რომლებიც ექვემდებარებიან ძალადობას, შევიწროებას, მუქარასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერის სამართლებრივი აღიარების არარსებობის პრაქტიკა მათთვის კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს,რაც მათუმუშევრობის, სოციალური მოწყვლადობისა და უსახლკარობის რისკ ჯგუფად აქცევს.

გენდერის სამართლებრივი აღიარება წარმოადგენს პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში (მათ შორის, პირადობისა და განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებში) სახელისა და სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას იმგვარად, რომ არსებული ჩანაწერი თანხვედრაში იყოს პიროვნების გენდერულ იდენტობასა და გამოხატვასთან.აღნიშნული მექანიზმი ტრანსგენდერი ადამიანების კანონის წინაშე თანასწორობის, დისკრიმინაციისგან დაცვის, თვითგამორკვევისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებათა დაცვის საშუალებაა. გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმით დაცული უფლებების ღირებულების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოებს არ დაუშვან ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების შელახვა, ევროპის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ „სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი“ მექანიზმების შექმნა გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის.[2]

უნდა აღინიშნოს, რომ სახელის შეცვლა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოდგენს და ისინი დაუბრკოლებლად ახერხებენ შეიცვალონ სახელი საპირისპირო სქესის სახელით გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. თუმცა, საქართველოში არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ ითვალისწინებს სქესის შეცვლის თეორიულ შესაძლებლობას[3], თუმცა საკონონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული ‘სქესისი შეცვლის’ დეფინიცია, წინაპირობები და პროცედურები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ტრანსგენდერი ადამიანები ვალდებულნი არიან სამინისტროს წარუდგინონ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული „ცნობა სქესის შეცვლის შესახებ“. თუმცა, სამინისტრო სქესის შეცვლის წინაპირობად არსებითად სქესის ქირურგიულ შეცვლას გულისხმობს. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ასევე დაადასტრურა, რომ „სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სქესის აღმნიშვნელი მონაცემების შეცვლა, რეალურად მიღწევადია მხოლოდ, მისი თავისუფალი ნების საფუძველზე, განხორციელებული სამედიცინო, ოპერაციული ჩარევის გზით."[4] ნიშანდობლივია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, სქესის შესახებ ჩანაწერის არცერთი ცვლილების აქტი არ განხორციელებულა.[5]

შესაბამისად, საკანონმდებლო ვაკუუმი და შექმნილი ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა ტრანსგენდერმა ადამიანებს სქესის კვლავმინიჭების ისეთ სამედიცინო პროცედურას სთხოვს, რაც არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება.[6] აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრობლემა ასევე გაზიარებულია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მომზადებულ დოკუმენტში.[7]

აქვე უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით მწვავედ დგას თავად სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურების რეგულირებისა და ხარისხის საკითხი. აღნიშნული პროცედურების ჩატარების სურვილის შემთხვევაშიც კი, ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო სერვისზე, რადგან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნია სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურების კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი.[8] ხოლო, ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა სრულად უგულებელყოფს ტრანსგენდერი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებს.

საკითხის ამგვარი ბუნდოვანება სრულ სამართლებრივ და სოციალურ ვაკუუმში აქცევს საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს და ქვეყანაში არსებული მაღალი ტრანსფობიური ფონის გამო, სქესის სამართლებრივი აღიარების პროცედურის არ არსებობის პრობლემა აღრმავებს მათ მიმართ დისკრიმინაციას, ძალადობას, დასაქმებას, სოციალურ ექსკლუციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისთვის“მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • არ დაუშვას საჯარო მოხელეთა და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის მქონე პირთა მიერ ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული სტიგმისა და სტერეოტიპების გამყარება და ჯგუფის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთანკოორდინირებით, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე,ხელმისაწვდომი რეგულაციებისა და ადმინისტრაციულიპრაქტიკის შექმნა, რაც ტრანსგენდერ ადამიანებსსაშუალებას მისცემს, შეცვალონ გენდერული მარკერისახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების მიერ გაცემულ ყველადოკუმენტში. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული პროცედურამკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზიციისპროცესისგან.

კოალიცია თანასწორობისთვის

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

[1] ლიბერალი: http://liberali.ge/news/view/37592/tsulukiani-reforma-romelits-ar-gavatare-aris-transgenderi-adamianebistvis-sqesis-aghiareba

[2] რეკომენდაცია მინისტრთა კომიტეტმა 2010 წლის 31 მარტს მიიღო, მინისტრების მოადგილეების 1081-ე შეხვედრაზე. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1606669 იხ. რეკომენდაციის დანართის 20-22 პუნქტები.

[3] იხ. საქართველოს კანონის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი.

[4] თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეზე №N3/ბ-1535-16.

[5] სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის წერილი №01/238186.

[6] 2017 წელს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) ორი ტრანსგენდერი პირის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის გამო. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარით დაარღვია კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლები, მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.

[7] მექანიზმის გაუმართაობასა და რეგულირების პრობლემაზე მიუთითებს 2018 წელს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ჩატარებული კვლევაც: „გენდერული თანასწორობა საქართველოში - ბარიერები და რეკომენდაციები“. კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაცია, რომ „საქართველოს კანონში სამოქალაქო აქტების შესახებ უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც ტრანსგენდერი პირებისათვის უზრუნველყოფს სახელის, გვარისა და გენდერის შეცვლის ხელმისაწვდომ და მარტივ პროცედურას“.

[8] ე. აღდგომელაშვილი. ნ. გვიანიშვილი. თ. თოდუა. ც. რატიანი. „ტრანსგენდერ ადამიანთა საჭიროებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“, WISG. თბილისი. 2015. გვ: 34. ხელმისაწვდომია აქ: http://women.ge/publications/52/ 2017 წელს WISG-მა თარგმნა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდა „ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიოს პროფესიული ასოციაციის“ (WPATH) მიერ შემუშავებული “ზრუნვის სტანდარტები ტრანსსექსუალი, ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული პირების ჯანმრთელობისთვის”. სამინისტროს ამ დრომდე არ უცნობებია თუ რა ღონისძიებებს გაატარებს ამ სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინებისა თუ პროტოკოლების მომზადების თვალსაზრისით.

რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას და შეფასებას მოითხოვს, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ადამიანის უფლებათა დარღვევა, ხოლო უკვე გამოკვეთილ დარღვევებზე მოხდეს სათანადო რეაგირება.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-111 მუხლების თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის სრულად ან ნაწილობრივ გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ხოლო ხელოვნურად ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა დაუშვებელია. მიუხედავად ამ დანაწესისა, მშვიდობიანი შეკრების გამართვა, მათ შორის კარვების განთავსება ისე, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის მოძრაობა დაცულია შეკრების თავისუფლებით; შესაბამისად, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვებისა და აქციის მონაწილეთა კუთვნილი სხვა ნივთების აღება საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კანონმდებლობის დარღვევასა და შეკრების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს. საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება ეხმიანება გზის სავალი ნაწილიდან კარვების აღების ფაქტს, თუმცა, მათი სრული დემონტაჟის, ისევე როგორც პლაკატების და სხვა ნივთების აღების შესახებ არაფერია ნათქვამი.

შეფასებას საჭიროებს პარლამენტის წინ მოქალაქეთა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტიც. შს სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებით, აქციაზე 19 პირი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გამოიტანა ამ პირთათვის სხვადასხვა სანქციის შეფარდების შესახებ დადგენილებები, გასაჩივრების შემთხვევაში, ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის ვიდეო ჩანაწერების შეფასება აუცილებელია, რაც დაკავებულთა ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებებით არ მომხდარა. აქვე უნდა აღინიშნოს დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან სამხრე კამერების გამოყენების საჭიროებაზე; მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტებისა და დაკავების დროს პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერები ჩართული არ იყო, რაც გამორიცხავს მნიშვნელოვანი ობიექტური მტკიცებულებების არსებობას; ამ საკითხზე არაერთი რეკომენდაციაა გაკეთებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და ყოფილა განხილვის საგანი არაერთ ფორმატში შს სამინისტროს წარმომადგენლებთან. თუმცა, სამხრე კამერების გამოყენება მსგავს შეთხვევებში როგორც ჩანს კვლავ არ ხდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებების გასაჩივრების შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს ოთხი დაკავებულისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური - 14 დღიანი ვადის გამოყენების პროპორციულობაზეც.

ცალკე აღნიშვნას საჭიროებს საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთან დაკავშირებული მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ის დაკავებული არ ყოფილა, მედიით გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს როგორ უზღუდავენ თავისუფლებას პოლიციის თანამშრომლები მელიას და როგორ გაჰყავთ ის რუსთაველის გამზირიდან. ხოლო, პირი დაკავებულად ითვლება, როცა მას ნების საწინააღმდეგოდ და ძალის გამოყენებით შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილება, რასაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესწავლის საგანი უნდა გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში განვითარებული მოვლენები და შეფასდეს, საჭირო იყო თუ არა ამ ფორმით ძალის გამოყენება პოლიციის მიერ და ხომ არ ჰქონდა ადგილი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებებს.

არსებული დაძაბულობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია კვლავ გრძელდება, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით კი საქართველოს შს სამინისტრომ არ დაუშვას შეკრების თავისუფლების არამართლზომიერი შეზღუდვა; ადამიანის უფლების ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით და ფარგლებში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და შედეგად ძალადობის ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით 8 აპრილს აფრიკელი სტუდენტების მიმართ, სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტს. ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიუკერძოებლად მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოები რამდენად ისახავენ მიზანად საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ხომ არა აქვს ადგილი იმის მცდელობას, რომ მოხდეს სამართლებრივი საკითხების არაფორმალური მოწესრიგება და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისაგან არიდება.

როგორც ცნობილია, 8 აპრილს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალურ  მოედანზე რამდენიმე უცხოელი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული მამაკაცების ჯგუფმა, სავარაუდოდ რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე, სტადიონიდან გააძევა.

იმავე დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული შემთხვევის ამსახველ ვიდეოებში ცხადად ჩანს, რომ მოძალადეები შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით და  ცივი იარაღით,  დაზარალებულების მიმართ იყენებდნენ სიძულვილის ენას. იგივე დასტურდება სტუდენტების მიერ პოლიციისათვის მიცემულ განმარტებებში, რაც ადასტურებს, დანაშაულის ჩადენის დისკრიმინაციულ მოტივს.

თავდაპირველად, ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა  უცხოელ სტუდენტებს ურჩიეს,  რომ დაპირისპირება არასამართლებრივ ფორმატში მოეგვარებინათ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი გამოძიება დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით. გამოძიებას საქმისთვის რასობრივი დისკრიმინაციის  კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია. ჩატარებულია რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, დანაშაულის ჩამდენ სავარაუდო პირებს პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დაკისრებიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების გულგრილობისა და გამოვლენილი რასისტული ძალადობის მიმართ ლოიალობის ფაქტის შესახებ და გენერალურ ინსპექციას საკითხით დაინტერესებისკენაც მოუწოდებდნენ, თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა, ე.წ. “ამხანაგურ მატჩთან” დაკავშირებით მიმართული ყოფილიყო სტუდენტებისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და საზოგადოებაში შემწყნარებლობის წახალისებისაკენ; ხოლო დანაშაული და რასიზმი მკაფიოდ დაგმობილიყო თანამდებობის პირების მიერ, რასაც ადგილი არ ჰქონია.
გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, გამოვლინდა სტუდენტებზე სავარაუდო ზეწოლის მცდელობა. სამართალდამცავები და ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, ცდილობენ გავლენა მოახდინონ სტუდენტების ნაწილზე, რომ მათ უარი განაცხადონ უკვე მიცემული ჩვენებების სისწორეზე და შეცვალონ მათი შინაარსი, რათა გამოძიება შეწყდეს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის არგუმენტით.


მიგვაჩნია, რომ გამოძიება  არაობიექტურად  მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკიდურესად საგანგაშოა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების სავარაუდო მცდელობა დანაშაულის შესაძლო მიჩქმალვისა და გამოძიების შეწყვეტის მიზნით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს დისკრიმინაციულ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე და ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან გამოძიებას.

მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;
გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ დაიწყოს სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომების მოკვლევა.
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გაასაჯაროოს გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები.

საქართველოს პროკურატურას:
შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან/და ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
გამოძიების მიმდინარეობისას გადაცდომების დადასტურების შემთხვევაში, გადასცეს საქმის გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფს.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (თDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDშD)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კავშირი “საფარი”

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GღAშშ)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ღია საზოგადოების ფონდი (OშGF)