არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის არჩევის პროცესს

საქართველოს პარლამენტი განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის არჩევის საკითხს. 2017 წლის 6 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა საბჭოს წევრობის 29 კანდიდატის მოსმენა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ კომიტეტის მუშაობას და საზოგადოებას წარუდგენენ კომიტეტის მიერ საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის შეფასებას.

პირველ რიგში დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ მიუხედავად არასრულყოფილი კანონმდებლობისა და შესაბამისი პროცედურის არარსებობისა, კომიტეტმა გადაწყვიტა მოესმინა თითოეული კანდიდატისთვის და მათ მისცა კომიტეტის სხდომაზე 5 წუთიანი მოხსენების გაკეთების შესაძლებლობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას უნდა მისცემოდა კანდიდატებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობაც. კონკურსში მონაწილეობას იღებს არაერთი კანდიდატი, რომელთა მიმართ არსებობს კითხვების დასმის ინტერესი. მიუხედავად აღნიშნულისა, კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები და მათ მიერ გაკეთებული მოხსენებები იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს მათი შეფასება.

საბჭოს წევრთა არჩევის კანონით დადგენილი პროცედურა შემდეგია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 მოსამართლე წევრს ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, 5 არამოსამართლე წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.[1] პარლამენტი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ირჩევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ამგვარი წესის არსებობა განპირობებულია საბჭოში აზრთა მრავალფეროვნების უზრუნველყოფის პრინციპით. აღნიშნულ პრინციპს ამკვიდრებს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებიც. „შერეული შემადგენლობა წარმოქმნის უპირატესობას, როგორც პირადი ინტერესის, პირადი პროტექციის და ქრონიზმის თავიდან აცილების, ასევე საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მოსაზრებების გათვალისწინების მხრივ, რითაც დამატებით წყაროს ქმნის მართლმსაჯულების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად“ .[2]

შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების, ასევე კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამისი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი/შერჩეული კანდიდატები უნდა ასახავდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს საბჭოში.

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის მიმდინარე პროცესზე დაკვირვების შედეგები გვაძლევს შემდეგი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას:

  • პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს იმ კანდიდატებს, რომლებიც წარდგენილნი არიან აკადემიური წრეების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, თუმცა ასოცირდებიან სასამართლო სისტემასთან ან სხვა სახელმწიფო უწყებასთან, მათი ბიოგრაფია არ იძლევა საშუალებას აღქმული იქნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებად საბჭოში. კონკურსში მონაწილეობს არაერთი კანდიდატი, რომელიც დღემდე მუშაობს ამა თუ იმ სასამართლოში, ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ სტრუქტურულ ერთეულს და რეალურად არ იკვეთება მათი გამოცდილება და აქტიურობა საჯარო სამსახურის მიღმა, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის მოთხოვნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კომპლექტდება მოსამართლე წევრებით (რომლებიც უნდა გამოხატავდნენ სასამართლო ხელისუფლების ინტერესებს საბჭოში) და არამოსამართლე წევრებით (რომლებიც უნდა გამოხატავდნენ საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფების ინტერესებს საბჭოში).
  • პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს იმ კანდიდატებს, რომლებიც თავიანთ მოხსენებებში ყურადღებას არ ამახვილებდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ რეალურ პრობლემებზე და არ სახავდნენ მათი მოგვარების გზებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დააკომპლექტოს  პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებით, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ საზოგადოებრივ აზრს. აღნიშნული, საბჭოში რეალური დისკუსიის გაჩენას და სასამართლოს დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

[1] “საერთო სასაამრთლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2; მე-5 პუნქტები.

[2]  ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა N10 (2007)

Post author

Leave a Reply