განცხადება – ადმინისტრაციული დაკავების მანკიერი პრაქტიკა

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პროკურატურას და შსს-ს მოუწოდებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი სავარაუდო დანაშაული, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა მეორედ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მიქავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წუხელ დააკავეს, დღეს დილით კი გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციამ ის ხელახლა დააკავა და ამ დროისთვის ისევ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტშია გადაყვანილი.   „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვისათვის.

გავრცელებული ინფორმაცია ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ შსს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება, რაც მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის  წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს მანკიერ პრაქტიკაზე, რასაც შსს-ს ზოგიერთი თანამშრომელი  ახორციელებს მოქალაქეთა მიმართ და რომელიც აზიანებს როგორც შსს-ს ავტორიტეტს, ასევე საზოგადოებაში ზოგადად პოლიციის იმიჯს, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კონკრეტული ფაქტი, გადაკიდების და მაძიებლობის კარგი მაგალითია რომელიც საერთო ჯამში უარყოფით გავლენას ახდენს სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯზე.

ამ და მსგავსი დარღვევების მომავალში თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პროკურატურა და გენერალური ინსპექცია ფაქტით დაინტერესდნენ და შეამოწმონ რამდენად იყო კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ასევე, აუცილებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დაკავების საფუძვლების და პროცედურების დაზუსტება, დახვეწა, რათა არ დაირღვეს ადამიანის ძირითადი თავისუფლება და პოლიციას არ ჰქონდეს შესაძებლობა 12 საათიანი ვადით დააკავოს-გაუშვას-დააკავოს  და ა.შ. ადამიანი.

Post author

Leave a Reply