შევიწროვება, როგორც დისკრიმინაციის სპეციფიკური ფორმა და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი

დემოკრატია თანასწორობის იდეას ეფუძნება.[1] სწორედ ამიტომ, კანონის წინაშე თანასწორობა დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციებში ადამიანის ძირითად უფლებად აისახება.[2]  ისტორიული თვალსაზრისით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ადვილი არ ყოფილა თანასწორუფლებიანობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის აღიარება. თუმცა, დღესდღეობით,  საერთაშორისო საკონსტიტუციო სამართალი მნიშვნელოვანწილად ემყარება, როგორც სახელმწიფოთა შორის თანასწორობის პრინციპს, ისე, პრინციპს, რომ ყველა ადამიანი თანაბრად ღირებულია.[3]

საქართველოსთვის, როგორც ევროპული ღირებულებებისკენ მისწრაფების მქონე ქვეყნისთვის, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება მნიშვნელოვანი მონაპოვარი და წინგადადგმული ნაბიჯია. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონმა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულმა შესაბამისმა დამატებებმა, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის კონკრეტული ხელშესახები მექანიზმები განსაზღვრა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულ ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც გააჩნია. მისი დახვეწა და სრულყოფა უკიდურესად აუცილებელია. ერთ-ერთ ასეთ ნაკლოვანებად მოქმედ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში შევიწროვების ცნების არარსებობა შეიძლება მივიჩნიოთ.

ევროპის ქვეყნების ანტი-დისკრიმინაციულ სამართალში შევიწროვება დისკრიმინაციის სპეციფიკურ სახედ მიიჩნევა.[4]  მაგალითად, ბულგარეთის „დისკრიმინაციისგან დაცვის კანონის“ თანახმად, შევიწროვებად ითვლება –

კონკრეტული ნიშნის გამო ჩადენილი ნებისმიერი არასახარბიელო მოპყრობა, გამოხატული ფიზიკური, სიტყვიერი თუ სხვა ნებისმიერი ფორმით, რომელსაც გააჩნია მიზანი ან ეფექტი შელახოს პირის ღირსება ან შეუქმნას მას მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან დანაშინებელი გარემო, ასეთი დამოკიდებულება ან პრაქტიკა.[5]

მართალია, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამბობს, რომ საქართველოში აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევიწროვების დეფინიცია პირდაპირ იყოს დეკლარირებული და ცალსახად იყოს კანონით განსაზღვრული. შევიწროვების მსხვერპლს ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე უნდა შეეძლოს საკუთარი უფლების დაცვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისიწნებს შევიწროვების ცნებას. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარია შევიწროვებაზე მხოლოდ შრომით ურთიერთობებში. თუკი სამუშაო ადგილზე მოხდება შევიწროვების ფაქტი და მსხვერპლი თავისი უფლების დაცვას გადაწყვეტს, მან სწორედ შრომის კოდექსზე უნდა მოახდინოს აპელირება და იხელმძღვანელოს მისით, როგორც სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, შრომის კოდექსი შევიწროვების შემთხვევაში მსხვერპლისთვის არ ითვალისიწნებს მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, როგორც უფლებებში აღდგენის საშუალებას. ამ დროს,  „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი უფლებებში აღდგენის საშუალებად დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის ითვალისიწნებს მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის შემთხვევებში. იმის გამო, რომ კანონი არ განსაზღვრავს შევიწროვების ცნებას,  შევოწროვებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც სამუშაო ადგილზე შევოწროვების მსხვერპლი დამსაქმებელთან დავას მარტოოდენ შევიწროვების საფუძველზე დაიწყებს, იმგვარად, რომ იგი არ არის სამსახურიდან გათავისუფლებული. შევიწროვების მსხვერპლი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად შრომის კოდექსს უთითებს. ამავდროულად, იგი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონს ეყრდნობა  და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შევიწროვების გამო.

ასეთ შემთხვევაში, რამდენად საფუძვლიანი იქნება მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ? როგორც უკვე ვთქვით, ერთის მხრივ, საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს შევიწროვების დეფინიციას, მაგრამ უფლებაში აღდგენის საშუალებად არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას,  ხოლო მეორეს მხრივ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისიწინებს შევიწროვების დეფინიციას, მაგრამ უფლებაში აღდგენის საშუალებად განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურებას.

აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პრაქტიკა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ვფიქრობ, რომ მსგავსი შემთხვევა სასამართლომ ვიწრო ჭრილში არ უნდა განიხილოს და მაინც საფუძვლიანად უნდა მიიჩნიოს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონი ადამიანის უფლებების გადმოსახედიდან უფრო ფართოდ განმარტოს.

იმის გათვალისწინებით, რომ შევიწროვებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არამხოლოდ სამუშაო ადგილზე შრომით ურთიერთობებში, არამედ სხვა ნებისმიერ სფეროშიც, იქნება ეს მომსახურების გაწევა, თუ პირთა ჩვეულებრივი ყოველდღიური ურთიერთობები, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შევიწროვების ცნება ცალსახად და მკაფიოდ იყოს დისკრიმინაციის აღმოფხვრის კანონმდებლობით განსაზღვრული. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ შევიწროვების მსხვერპლისთვის ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე იყოს უზრუნველყოფილი უფების დაცვისა და უფლებაში აღდგენის შესაძლებლობა.

[1] http://www.esatclear.ie/~dejames/CRGEquality.htm

[2] http://www.ruthlesscriticism.com/equality.htm

[3] http://www.ohchr.org/Documents/Publications/training9chapter13en.pdf

[4] მაგალითად, ავსტრია, გერმანია, ლიტვა, ესტონეთი, ჩეხეთი, ხორვატია და სხვ.

[5] http://www.legislationline.org/topics/country/39/topic/84

Post author

Leave a Reply