მტკიცების ტვირთი და სტანდარტი დისკრიმინაციის საქმეზე

ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია კანონის უხეში დარღვევაა. სასამართლო დაცვა ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება: ბს-272-270 (გ-16), 23 ივნისი, 2016 წელი, გვ. 7).

იმის გათვალისწინებით, რომ დისკრიმინაცია, როგორც წესი, შეფარულ ხასიათს ატარებს,  მისი მტკიცება, პრაქტიკულად, ყოველთვის რთულია. სწორედ ამიტომ, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს. კერძოდ, დისკრიმინაციის საფუძვლით სასამართლოში საქმის განხილვის სპეციალური რეჟიმია გათვალისწინებული. ეს გულისხმობს მტკიცების ტვირთის მთლიანად მოპასუხისთვის დაკისრებას. დისკრიმინაციის საქმეში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებაზე. დისკრიმინაციის განუხორციელებლობის მტკიცების ტვირთი კი მთლიანად მოპასუხეს ეკისრება (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, გადაწყვეტილება: 3ბ/279-16, 11 მაისი, 2016 წელი, გვ. 14-15).

თუმცა, მტკიცების ტვირთის მოპასუხისთვის დაკისრება არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მთლიანად გათავისუფლებულია მტკიცებისაგან და თითქოს, მარტოოდენ დისკრიმინაციის ფაქტზე მითითებაა მისი მხრიდან ამისთვის საკმარისი.  თავდაპირველად, სწორედ მოსარჩელემ უნდა წარმოაჩინოს დისკრიმინაციული კანონდარღვევის დამაჯერებელი შემთხვევა.

მოსარჩელემ დამაჯერებელ ფაქტებზე უნდა მიუთითოს და მინიმალური მტკიცებულებები მაინც უნდა წარადგინოს. საჭიროა შეიქმნას დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდი. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელეს დისკრიმინაციის მტკიცების მაღალი სტანდარტი არ უნდა დაუწესოს.

გასათვალისიწნებელია, რომ საქმე, რომელშიც დისკრიმინაციული მოტივი ღიად იქნება გაცხადებული და რომელშიც დისკრიმინაციის დადგენა პირდაპირ იქნება შესაძლებელი, ძალიან იშვიათია.  ვინაიდან დისკრიმინაციის დადასტურება რთულია, უპირველეს ყოვლისა, დისკრიმინაცია უნდა დამტკიცდეს საქმის ყველა გარემოების განსჯის საფუძველზე წარმოშობილი დასკვნით, ვიდრე რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით ან მოპასუხის აშკარა განცხადებით/აღიარებით, რომ მან დისკრიმინაცია განახორციელა. (იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „D.H. and others v Czech Republic,“  13 ნოემბერი 2007, განაცხადი no. 57325/00, პგ. 106).

საქმეში წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სასამართლო უნდა მიუდგეს ე.წ. „prima facie“ პრინციპით, რამაც უნდა განაპირობოს დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდი.

პრიმა ფასიე  ანუ, – „ერთი შეხედვით“ – პრინციპი, მოიცავს სამართალწარმოებას, სადაც სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცება საკმარისად ითვლება მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის, ვიდრე არსებითი ხასიათის რაიმე  საწინააღმდეგო მტკიცებულება არ იქნება წარმოდეგნილი. ეს პრინციპი მოიცავს მიდგომას, როდესაც  ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მინიმალური მტკიცებულებები ერთი შეხედვითვე ქმნიან შესაძლებელს ვივარაუდოთ, რომ დისკრიმინაციას შესაძლოა მართლაც ჰქონდა ადგილი (იხ: http://dictionary.law.com/default.aspx?selected=1598).

მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის, რომ გაამყაროს თავის სარჩელში მითითებული ყველა გარემოება და ხელი შეუწყოს მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანას.

მოვიყვანოთ მაგალითი, რომელშიც მოსარჩელე მიუთითებს დამსაქმებლის მხრიდან ჩადენილ გენდერულ დისკრიმინაციაზე. დამსაქმებელმა არ დააწინაურა მოსარჩელე სქესობრივი განსხვავების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას დამსაქმებელმა გამოიყენა უკანონო, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული კრიტერიუმები. მაგრამ დამსაქმებელს, როგორც მოპასუხეს, გამაბათილებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ტვირთი არ ეკისრება მანამ, ვიდრე თავად მოსარჩელე დამაჯერებლად არ წარმოაჩენს დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევას (იხ: http://legal-dictionary.thefreedictionary.com/prima+facie).

მხოლოდ საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში წარმოიშობა დასაბუთებული ვარაუდი (დისკრიმინაციის პრეზუმფცია), რომ მოსარჩელის მიმართ შესაძლოა დისკრიმინაციას ჰქონოდა ადგილი. ამის შემდეგ, დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენს დისკრიმინაციული ქმედების გაქარწყლების და საკუთარი მოქმედების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული სტანდარტით, მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, ცხადი და თანმხვედრი დასკვნების თანაარსებობიდან, ან დამაჯერებელი ფაქტების პრეზუმფციიდან.“  (იხ: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებ: Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV). ამ სტანდარტის გათვალისიწნებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უფლების დარღვევას დაადგენს საქმესთან დაკავშირებული მოვლენების ერთიანობაში განხილვის და შეფასების შედეგად. ამ მოვლენებს შორის ურთიერთკავშირის დადგენის გზით, სასამართლო მიდის შესაბამის დასკვნამდე, ჰქონდა თუ არა უფლების დარღვევას ადგილი (იხ: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები:  IVANOVA v. BULGARIA, no. 52435/99, 12 აპრილი 2007,   § §  83 – 86; JOKŠAS v. LITHUANIA, no. 25330/07, 12 ნოემბერი 2013,  §   72).

შესაბამისად, ქმედების დისკრიმინაციულად შეფასების დროს, დისკრიმინაციის შესახებ დავის განმხილველმა სასამართლომ, მხედველობაში უნდა მიიღოს საქმესთან კავშირში მყოფი ყველა გარემოება და ისინი ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეაფასოს. საქმეში არსებული მოვლენების, ფაქტობრივი გარემოებების და მათ გასამყარებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთიანობაში გათვალისწინებამ უნდა შექმნას დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდი. სწორედ ამის შემდეგ გადავა მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე.

თუკი მოსარჩელე საკმარისი მტკიცებულებებით არ წარმოაჩენს სავარაუდო დისკრიმინაციის დამაჯერებელ შემთხვევას, დისკრიმინაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო გამოვა. თუმცა, მტკიცებულებების ზუსტი ოდენობა და სახე, რომლებიც სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას დამაჯერებლად წარმოაჩენს, ყოველ კონკრეტულ საქმეზე იქნება დამოკიდებული.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების დასაშვებობასა და შეფასებასთან მიმართებით არ არსებობს რაიმე პროცედურული ბარიერი თუ წინასწარ განსაზღვრული ფორმულა. სასამართლოს გამოაქვს დასკვნები, წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასების შედეგად. (იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება: „Nachova and Others v. Bulgaria,“ 6 ივლისი, 2005, no. 43579/98, პგ. 147).

ამდენად, სასამართლომ შეიძლება ნებისმიერი მტკიცებულება მიიღოს მხედველობაში და საფუძვლად დაუდოს დისკრიმინაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

Post author

Leave a Reply