დისკრიმინაციის საქმე სახელმწიფო დაწესებულების წინააღმდეგ – სასამართლო პრაქტიკა

როგორც ამ საკითხზე ერთ-ერთ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ,[1] პრაქტიკაში არაერთგვაროვანი აღმოჩნდა სასამართლოების მიდგომა იმ საკითხისადმი, დისკრიმინაციის შესახებ დავა უნდა განიხილოს სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ, მაშინ, როდესაც საქმეში მოპასუხედ სახელმწიფო დაწესებულება, ადმინისტრაციული ორგანო გვევლინება.

საყურადღებოა, რომ სასამართლოში დისკრიმინაციის საქმეთა განხილვის წესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დისკრიმინაციის შესახებ დავები, ერთი შეხედვით, სამოქალაქო საქმეთა სასამართლოების განსახილველი უნდა იყოს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსი კერძო პირებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც მოპასუხე სახელმწიფო დაწესებულებაა და არა კერძო პირი, რის გამოც, ასეთი საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს წარმოებაში ხვდება. მსგავსი შემთხვევების მოწესრიგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკამ უკვე განსაზღვრა, ბოლოდროინდელი საინტერესო გადაწყვეტილებებით.

რამდენიმე ასეთ საქმეში ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს გადაუგზავნა განსახილველად. სამოქალაქო საქმეთა  სასამართლომ კი საკითხის გადაწყვეტა, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სახელმწიფო დაწესებულების წინააღმდეგ დისკრიმინაციის საქმე, სწორედ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიანდო.

ერთ-ერთ საქმეში[2] მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს დაუპირისპირდა დისკრიმინაციის შესახებ დავაში და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ, ერთის მხრივ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების საკითხის შესწავლისგან დამოუკიდებლად სამოქალაქო საქმეთა სასამართლოში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკითხის განხილვა ცალკე წარმოების გზით  არამართებული იქნებოდა. ეს იმიტომ, რომ საქმეში ძირითად სასარჩელო მოთხოვნას  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის (სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების) ბათილობა წარმოადგენდა, რასაც საფუძვლად ედო დისკრიმინაციული მოპყრობა.

ვინაიდან ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა – გათავისუფლების ბრძანების ბათილობა -გამომდინარეობდა ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ხოლო ამ მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, სასამართლოს მხრიდან უნდა მომხდარიყო ამ სასარჩელო მოთხოვნების ერთობლივად განხილვა და არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე – აღნიშნა უზენაესმა სასამართლომ.  ამდენად, მოცემული საქმე მთლიანად დაექვემდებარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განსახილველად.

ამავდროულად,  მხედველობაშია მისაღები კიდევ ერთი საქმე,[3] რომელშიც, ზემოაღნიშნული შემთხვევისგან განსხვავებით,  უზენაესმა სასამართლომ ადმინისტრაციული დაწესებულების წინააღმდეგ წარმოებული დისკრიმინაციის საქმე  სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს დაუქვემდებარა განსახილველად.

ამ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა ადმინსტრაციული ორგანოს ბრძანების ბათილობა. ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა არ იყო წმინდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის. სასარჩელო მოთხოვნას  მხოლოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა. ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ აქაც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში საქმე განსახილველად სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს გადაუგზავნა. სამოქალაქო საქმეთა სასამართლომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოებს შორის საქმის განხილვის განსჯადობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში აქცია სადავოდ.

უზენაესმა სასამართლომ კი ამ საქმეზე განაცხადა, რომ, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებული იყო მხოლოდ სამოქალაქო სამართლის ნორმებზე, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობა. ამიტომ, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველიც კერძო-სამართლებრივი იყო.

შესაბამისად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში ეს დავა სწორედ სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს დაექვემდებარა. მაგრამ საინტერესოა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქმე თვითონ დაიტოვა ცალკე წარმოებაში, რაც არ უნდა იყოს მართებული მიდგომა, ვინაიდან დისკრიმინაციის შედეგად მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა არსებთად არის მიბმული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის სასარჩელო მოთხოვნასთან. ამდენად, მათი ცალ-ცალკე განხილვა არ უნდა ჩაითვალოს სწორად.

რომ შევაჯამოთ განვითარებული სასამართლო პრაქტიკა, საქმეები, რომლებშიც ძირითადი სასარჩელო მოხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა, მაგალითად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობა და ბათილობის ერთ-ერთ საფუძვლად დისკრიმინაციაა დასახელებული, მაშინ მსგავსი საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს დაექვემდებარება განსახილველად. მეორეს მხრივ, ის საქმეები, რომლებშიც პირი საჯარო დაწესებულებას ედავება დისკრიმინაციას და მოითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, მაგრამ მისი სასარჩელო მოთხოვნა არა საჯარო სამართლის, არამედ მხოლოდ სამოქალაქო სამართლის ნორმებს ეფუძნება, მაშინ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ დავას სამოქალაქო საქმეთა სასამართლო განიხილავს.

სხვა სიტყვებით, დისკრიმინაციის შესახებ საქმე სამართლებრივი ბუნებით სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ექვემდებარება განსახილველად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობიდან და ამ სასარჩელო მოთხოვნებს საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოპყრობა (დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა).

[1]http://liberali.ge/articles/view/20316/sakhelmtsifo-datsesebulebis-mier-chadenili-diskriminatsiis-saqmis-gankhilva-sasamartloshi–administr

[2]საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება Nბს-224-223(გ-16), 11 მაისი, 2016 წელი.

[3]საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება Nბს-411-406(გ-16), 13ივნისი, 2016 წელი.

Post author

Leave a Reply