უზენაესმა სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად არ მიიჩნია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრის გადაყენება საკრებულოს კომისიის პოსტიდან

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით,[1] პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად არ ჩაითვალა, როდესაც უმრავლესობამ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრი გადააყენა.

2014 წლის ნოემბერში, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი რიგგარეშე სხდომაზე გადააყენეს კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან. რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი გახდა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლა და კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება.

კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებული საკრებულოს წევრი სამართლებრივი გზით დაუპირისპირდა პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში გადასვლა ცალსახად იყო იურიდიულოი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი საფუძველი და ამას აშკარად ცხადყოფდნენ საქმის გარემოებები, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციად არ შეაფასა მოცემული შემთხვევა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ:

„..კომისიის შექმნა, მისი თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს დისკრეციას მიეკუთვნება.. საკრებულოს წევრების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება, რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღება და ამა თუ იმ კანდიდატურისთვის ხმის მიცემა ან არ მიცემა, ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად. საკრებულოს წევრი ამ დროს სარგებლობს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რომლის განხორციელებითაც არ მომხდარა [თანამდებობიდან გადაყენებული პირის] პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება და განსხვავებული მოპყრობა, აღნიშნულის, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობის განხილვა არასწორია, რადგან საკრებულოს მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას ბუნებრივია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია ერთი პოლიტიკური ჯგუფისათვის და მიუღებელია მეორე ჯგუფისათვის.. „

ქვედა ინსტანციის სასამართლოები ასევე მიუთითებდნენ, რომ:

„.. ფრაქცია ქართულ ოცნებას შეეძლო რიგგარეშე სხდომის მოწვევა დაესაბუთებინა იმით, რომ [თანამდებობიდან გადაყენებული პირის] პოლიტიკური ხედვები განსხვავდებოდა უმრავლესობის მიზნებისა და ამოცანებისაგან, რის გამოც ხელი ეშლებოდა კომისიას საქმიანობაში..”

სასამართლოს ასეთ მიდგომას თუ გავიზიარებთ, კანონგარეშე ქმედებად არ ჩაითვლება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობის გამო წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც სამსახურის დაკარგვაში გამოიხატება.

მაგრამ რამდენად მოდის შესაბამისობაში მსგავსი მიდგომა დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის პრინციპებთან.

ევროპის საბჭოს მიდგომას თუ გავიზიარებთ,  “დემოკრატიულ პარლამენტში ოპოზიციის უფლებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ პროცედურული გზამკვლევი” სავალდებულოდაც კი განსაზღვრავს, რომ საპარლამენტო ასამბლეის სულ მცირე 1 კომიტეტს უნდა თავმჯდომარეობდეს ოპოზიციის წევრი. ასევე, განსაზღვრავს, რომ იმ კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელიც უკავშირდება მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს, მაგალითად, როგორიცაა  – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტი, აუდიტის კომიტეტი, ან კომიტეტი რომელიც ზედამხედველობს დაზვერვის და უშიშროების სამსახურებს, სასურველია მიენიჭოს ოპოზიციის წარმომადგენელს.  (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N 1601 რეზოლუციით დამტკიცებული – გზამკვლევი, მუხლი 13.3.1.  ბმული: http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=17626&lang=EN).

 

უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული ზემოთ მოყვანილი განმარტებით, პრაქტიკულად გამოირიცხა წარმომადგენლობით ორგანოში შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვა.

 

სხვა სიტყვებით, პარლამენტში, საკრებულოებში, არჩევით თანამდებობებზე დანიშნული პირების მიმართ დასაშვები იქნება და ობიექტურად გამართლებულად ჩაითვლება ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მიმართ არახელსაყრელი მოპყრობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 

დისკრიმინაციის აკრძალვა უნდა ეხებოდეს წარმომადგენლობით ორგანოებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ თანამდებობაზე სამსახურსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა წაახალისებს პრაქტიკას,  რომლითაც შეუძლებელი გახდება, რომ საკრებულოს კომისიას თუ საპარლამენტო კომიტეტს თავმჯდომარეობდეს ოპოზიციური პარტიის წევრი. ასეთი მიდგომა სარგებლის მომტანი არ იქნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე: ბს-556-549(კ-კს-15), 12 ივლისი, 2016.

Post author

Leave a Reply