“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ვეგანური კაფის დარბევის ფაქტს ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს ორი დაზარალებული პირის უფლებებს, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მაისს,  ვეგანურ კაფე „კივის“ დარებევის შედეგად დაზარალდნენ.

როგორც დაზარალებულები განმარტავენ, თბილისში მდებარე ვეგანურ კაფე „კივი”-ში დაჯგუფება „ბერგმანის“ 15-მდე წევრი  შეიჭრა და იქ მყოფ პერსონალის წარმომადგენლებსა  და სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, დაჯგუფების წევრებმა ხორცის პროდუქტები დაუშინეს კაფეში მყოფ პირებს, რაც პერსონალისა და მომხმარებლების კვების წესის შეურაცხყოფისთვის გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ ვეგანურ კაფე „კივი“-ს მენიუში მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებია.

საყურადღბოა, რომ ამ ინციდენტში კაფის მახლობლად მცხოვრები მობინადრეებიც ჩაერივნენ. ინციდენტის შედეგად, კაფის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სახის არეში ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.

მომხდარ ფაქტზე შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს.  თუმცა საქმე ამ ეტაპზე მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.  ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები, მოხდა ადგილზე დათვალიერება, ფიზიკური დაზიანების მქონე დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მომხდარი ფაქტი შემაშფოთებელია. მსგავს ინციდენტში იკვეთება არაშემწყნარებლური და ძალადობრივი დამოკიდებულება განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ, რაც ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ცემის ფაქტი სათანადოდ იქნება გამოძიებული. ამასთან, პროვოკაციის მომწყობი პირების მოქმედებებში იკვეთება ხულიგნობის ნიშნები, რისთვისაც მათ შესაბამის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. საჭიროა შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

Post author

Leave a Reply