პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება გამოიტანა

5 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება გამოიტანა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კრწანისის განყოფილების ყოფილი უფროსის ირაკლი კვარაცხელიას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით. საქმე მერიის თანამშრომლის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას ეხება.

„მოცემული დავის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ქ. თბილისის მერიის მოქმედება ირაკლი კვარაცხელიას მიმართ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს საჯარო სამსახურის ფუნქციონირებაში უმწვავესი პრობლემებია, რომლებიც განპირობებულია საჯარო სამსახურის არსისა და ამოცანების ნაკლებად გააზრებულობით, კანონის უზენაესობის სტანდარტის უგულებელყოფით, საჯარო სამსახურის პირადი და პარტიული ინტერესების მომსახურების ასპარეზად, პარტიული მუშაკებისა თუ აქტივისტების დასაქმების საშუალებად მიჩნევით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული უპატივცემულობით, თავად საჯარო მოხელეთა მხრიდან პერსონალური პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობით, დაბალი პროფესიული კვალიფიკაციით, რაც, საბოლოო ჯამში, აფერხებს ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ყოველივე ეს კი, იწვევს დასაქმებულთა (და არა მხოლოდ) უიმედობას, აქვეითებს მათ სამსახურებრივ მოტივაციას, აჩენს განცდას, რომ ქვეყანაში ყოველი პოლიტიკური ცვლილებისას, საფრთხე ემუქრება მათ სამსახურს, რის გამოც, მათი საქმიანობა მიმართული ხდება არა უპირატესად სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა ეფექტურ განხორციელებაზე, არამედ ძირითადად იმაზე – არ მოხდეს მათი განთავისუფლება სამსახურიდან და ამგვარ ვითარებაში, თანამდებობრივ და ადამიანურ პრინციპულობაზე, მმართველობითი საქმიანობის კვალიფიციურ განხორციელებაზე, უმრავლეს შემთხვევებში, საუბარიც კი ზედმეტია.“ – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ირაკლი კვარაცხელია  2014 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, იმ მოტივით, რომ მან მასმედიის საშუალებით გაავრცელა სამსახურის დატოვების იძულების დამადასტურებელი ფარული აუდიო ჩანაწერი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა  ირაკლი კვარაცხელიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნები: თანამდებობაზე აღადგენის, განაცდური ხელფასისა და თბილისის მერიისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

მოსარჩელე ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს იურისტი, ანზორ ხატიაშვილი იცავს.

Post author

Leave a Reply