სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა

2004-2007 წლებში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის”(OSI-ბუდაპეშტი) ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი ,,სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა”.

პროექტის ძირითადი მიზანი იყოევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა ქვეყნის შიდა ინსტანციებში. ასევე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა როგორც შიდა დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
პროექტის ფარგლებში, 2006 წლის სექტემბრისათვის, წარმოებაში იყოდაახლოებით 55-მდე საქმე, აქედან, ევროსასამართლოში გაგზავნილია 20-ზე მეტი განაცხადი, უმეტეს მათგანზე მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია სასამართლოსთან. პროექტი ითვალისწინებდააგრეთვე, საქმეთა წარმოებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ადვოკატთა მიერ მომზადდა და შეტანილ იქნა 5 კონსტიტუციური სარჩელი, ორი საქმე დასრულდა წარმატებით, ორი მიღებულ იქნა წარმოებაში და ველოდებით არსებით განხილვას, ხოლო ერთი სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტრატეგიული სამართალწარმოება, როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.
პროექტი ითვალისწინებდააგრეთვე იურიდიული კონსულტაციების გაწევას, როგორც თბილისის, ისე რეგიონის მოსახლეობისათვის სამართლის ყველა დარგში. საქართველოს 45-მდე რაიონში, რამდენიმე ასეულ ადამიანს გაეწია უფასო იურიდიული დახმარება, თბილისში კი, ყოველთვიურად, დაახლოებით 250-მდე ადამიანი იღებს კონსულტაციას.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურა ,,ადამიანის უფლებათა ეროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები”. მასში განხილულია ევროპის კონვენციით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ამ უფლებათა დასაცავად, ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და პროცედურა, ასევე განხილულია სასამართლოს სტრუქტურა და საქმის განხილვის წესი.
ბროშურის ავტორთა აზრით, ის ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას, სასამართლო სისტემის დახვეწასა და სამართალწარმოებაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.

Post author

Leave a Reply